საქმე # 330100120003448207
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№268აპ-21 ქ. თბილისი
ს.გ. 268აპ-21 24 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ.ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ს-მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. წ-მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება მოწმეების ურთიერთგამომრიცხველ, ცრუ ჩვენებებსა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არამყარ მტკიცებულებებს; განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულ ქ. მ-ს ჩვენებასა და მოწმე გ. ც-ს გამოკითხვის ოქმზე, რომელიც სასამართლოში არ დაკითხულა; საეჭვოა დაზარალებულ ქ. მ-ს მიერ თავდამსხმელის ამოცნობა, რომელსაც სახე ფაქტობრივად დაფარული ჰქონდა, ხოლო მოწმე - გ. ც-ს ჩვენების არასანდოობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მან დატოვა საქართველო და თავი აარიდა ჯვარედინ დაკითხვას; სასამართლო, ერთი მხრივ, დაეყრდნო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც ცდომილება თავად ექსპერტმაც არ გამორიცხა, ხოლო, მეორე მხრივ, უგულებელყო ჰაბიტოსკოპიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნები, რომლებითაც გამოირიცხა გ. ს-ს ბრალეულობა; არ ჩატარებულა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა გ. ს-ს სახლიდან ამოღებული ტანსაცმლის მსჯავრდებულისათვის კუთვნილება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განაჩენით გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 17 დეკემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში, გ.ს. ... მდებარე, შპს ,,ე. მ-ში“ ყოფნისას, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ამავე მაღაზიის მოლარეს - ქ. მ-ს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხისა და სიგარეტების გადაცემა. გ. ს. დაეუფლა 126 ლარად ღირებულ შპს ,,ე. მ-ს“ კუთვნილ 21 კოლოფ სიგარეტსა და ფულად თანხას - 380 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ს-მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. წ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია გ. ს-ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ქ. მ-ს და გ. ა-ს ჩვენებებითა და მოწმე გ. ც-ს გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილისა და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ბინის ჩხრეკისა და ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: უპირობოდ არის დადგენილი, რომ დაზარალებულმა ქ. მ-მ თანმიმდევრულად აღწერა შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები, რომელიც სრულად არის თანხვდენილი და დასტურდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებთან და ასევე დამაჯერებლად ამხილა გ. ს. დანაშაულის ჩადენაში, რომელიც დარწმუნებით ამოიცნო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ფოტოსურათებით ამოცნობის დროს; მოწმე გ. ც-ს გამოკითხვის ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს სწორედ მან მიიყვანა კუთვნილი ავტომანქანით მისი მეგობარი გ. ს. შემთხვევის ადგილზე, რომელიც მაღაზია ,,ე. მ-ში“ გადავიდა სიგარეტის საყიდლად, იქიდან დაბრუნებულს კი ერთ ხელში პოლიეთილენის პარკი ეჭირა, რომელშიც იყო სიგარეტის კოლოფები, ხოლო მეორე ხელში - მოვერცხლისფრო პისტოლეტი; ყურადსაღების, რომ რაიმე ისეთი გარემოება, რაც დაზარალებულ ქ. მ-სა და მოწმე გ. ც-ს განმარტებების სანდოობას საეჭვოს გახდიდა ან მათ მიკერძოებაზე მიუთითებდა, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა, მეტიც, გ. ც. მსჯავრდებულის მეგობარი იყო, ხოლო ქ. მ. წარსულში საერთოდ არ იცნობდა გ. ს-ს, რაც ცხადყოფს, რომ არ იკვეთება და ვერც კასატორი უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივზე, თუ რატომ უნდა ემხილათ დაზარალებულსა და მოწმეს არჩადენილ დანაშაულში გ. ს.; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,ე. მ-ში“ მოლარის მაგიდის წინ მეტლახის იატაკიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ. ს-სგან აღებული სუნის ნიმუშის; გ. ს-ს სახლიდან სწორედ იმგვარი ტანსაცმელი ამოიღეს, როგორიც ეცვა შემთხვევის დღეს თავდამსხმელს, რაც, ერთობლივად აღებული, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. ს-ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რომლის საპირისპირო მტკიცებაც არ გამომდინარეობს ფაქტების ობიექტურად, ყოველმხრივ და სრულად შეფასებიდან.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი