საქმე # 330100120003749814
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №271აპ-21 ქ. თბილისი
ბ. ნ., 271აპ-21 26 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ბ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანას, შემდეგი მოტივებით: მან ვაზნა შემთხვევით იპოვა და სწორედ ამ დროს დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. სამართალდამცავები დაჰპირდნენ, რომ ამ ქმედებისათვის მას არავინ დააკავებდა, რის გამოც აღიარა საბრძოლო ვაზნის შეძენა, შენახვა და ტარება. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ მას არ ჩაუდენია საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რადგან, მისი მოსაზრებით, საბრძოლო მასალის ტარებისათვის პირი უნდა დაისაჯოს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი საბრძოლო მასალას ატარებს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 აგვისტოს განაჩენით ნ. ბ. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლით - მთლიანად შთანთქა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელები - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით განსზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი და ამავე სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ ნ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლით.
მსჯავრდებულ ნ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 19 აგვისტოდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა (2020 წლის 2 ივნისისა და 2020 წლის 25 ივნისის) განაჩენებით მოხდილი ნაწილი - 2020 წლის 14 თებერვლიდან 2020 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-მ ჩაიდინა: საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
ნ. ბ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ..., ნ. ბ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ, ქარხნული წესით დამზადებულ, 5,45 მმ კალიბრიან ვაზნას, რაც მიეკუთვნება სპეციალური დანიშნულების საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
- 2018 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ... სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განაჩენით განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ. ბ. უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მისი უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის შინაარსი და მოთხოვნა, კერძოდ: მიუთითა, რომ მსჯავრდებული ნ. ბ. სრულად აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდეგნილი დანაშაულების ჩადენას, რის შემდეგაც აპელანტმა მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანსმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე მ. თ-ს გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 3 ივნისის ამოღების ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივნისის ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 5 ივნისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 29 მაისის N... წერილითა და სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა (მსჯავრდებულმა ნ. ბ-მ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები აღიარა როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს). ამასთან, უსაფუძვლოა მსჯავრდებულის მოსაზრება, რომ მას არ ჩაუდენია საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ვინაიდან მას ცეცხლსასროლი იარაღი არ უტარებია, რადგან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება წარმოადგენს დამოუკიდებელ დანაშაულს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი