Facebook Twitter

საქმე # 120100120004062943

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №284აპ-21 ქ. თბილისი

დ. ზ., 284აპ-21 27 აგვისტო, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას სასჯელის ნაწილში და ზ. დ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, რადგან არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიღწევას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზ. დ-მ ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის სხვადასხვა დანაშაულის ერთობლიობა, დამამძიმებელ გარემოებებში.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ზ. დ. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111 , 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ზ. დ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.

გაუქმდა ზ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მსჯავრდებულ ზ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ზ. დ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. დ-მ ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ზ. დ-ს მიმიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, ...., ზ. დ-მ თავის მფლობელობაში არსებული ,,მერსედეს ბენცის“ მარკის, ,,CLK 200” მოდელის ავტომანქანის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ....) წინა მხარეს, მძღოლის გვერდით, სავარძელში მჯდომ ყოფილ მეუღლეს - ი. დ-ს ძალის გამოყენებით ორივე ხელი ჩაავლო ფეხებში, იძულებით დასვა ავტომანქანაში, კარი ჩაუკეტა, შეუზღუდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ისე, რომ მანქანიდან გადმოსვლის უფლება არ მისცა, დაძრა ავტომანქანა და წაიყვანა სოფელ ...-ის ბოლოს, ტყის პირას, სადაც ფიზიკური ძალის გამოყენებით, ი. დ გადმოიყვანა ავტომანქანიდან.

- 2020 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, ... მიმდებარედ, ტყის პირას, ზ. დ. ყოფით საკითხზე უთანხმოების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ი. დ-ს, რითაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ... მდებარე ს. მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ზ. დ-მ ყოფით საკითხზე უთანხმოების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ი. დ-ს, რა დროსაც მარჯვენა გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა მას სახის არეში, სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რის შემდეგაც ორივე ხელი ჰკრა გულმკერდის არეში და დააჯახა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის მოაჯირს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მან მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. დ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. დ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 63-64-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ზ. დ-ს პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება (ნასამართლობის არქონა), მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა), ამასთან, ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიც, რის შედეგადაც შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, ზ. დ-ს პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი