საქმე # 330100120003756673
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №291აპ-21 ქ. თბილისი
კ. კ., 291აპ-21 30 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ კ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა მტკიცებულებები; ამასთან, არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც კ. კ-ს ბრალეულობას დაადასტურებდა; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ კ. კ-ს აღიარებით ჩვენებასა და მისივე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო ბრალდების მხარეს სხვა რაიმე მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით კ. კ. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით კ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლით.
კ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 27 მაისიდან.
გაუქმდა კ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. კ-მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით
კ. კ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბერის განაჩენით კ. კ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად ამისა, მან კვლავ არაერთგზის ჩაიდინა ქურდობები, კერძოდ:
- 2020 წლის 30 მარტს, დაახლოებით 19:50 საათზე, ... მდებარე მაღაზია ,,ნ-ში“ კ. კ. ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ვ. ი-ს ჩანთიდან დაეუფლა მის კუთვნილ 15 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მატერიალური ზიანი.
- 2020 წლის 22 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კ. კ-მ უკანონოდ შეაღწია ... მიმდებარედ არსებულ ნ. ბ-ს საცხობში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. ბ-ს კუთვნილ ,,ფილიფსის“ ფირმის მონიტორს, ,,ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და სამზარეულოს დანას, რითაც დაზარალებულს მიაყენა 320 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და კ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა კ. კ-ს ბრალეულობას, ვინაიდან გარდა თვითონ ბრალდებულ კ. კ-ს აღიარებითი ჩვენებისა, მისი ბრალეულობა მის მიმართ ინკრიმინირებულ ქმედებებში დადასტურებულია ასევე მხარეთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უდავოდ ცნობილი და გამოკვლევის გარეშე პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ვ. ი-სა და ნ. ბ-ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გ. თ-ს, ს. ხ-ს, მ. მ-ს, თ. ა-სა და ლ. შ-ს გამოკითხვის ოქმებით, 2020 წლის 24 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2020 წლის 27 მაისის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, 2020 წლის 28 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, 2020 წლის 28 მაისის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით, 2020 წლის 28 მაისის ნივთის ამოცნობის ოქმით, 2020 წლის 30 მარტის დათვალიერების ოქმით, 2020 წლის 30 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი