ას-531-1185-03 3 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში დ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის გამოსახლება ქ.თბილისში, ... მდებარე ¹46 ბინიდან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრეა 2002წ. 5 თებერვლიდან, რომელიც შეიძინა აუქციონზე. იგი რეგისტრირებულია მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. ბინა აღნიშნული დროიდან იმყოფება დ. გ-ის უკანონო მფლობელობაში.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ დ. გ-ე გამოსახლდა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹46 ბინიდან და გამოთავისუფლებული ბინა გადაეცა მოსარჩელე ლ. მ-ეს.
არ დაეთანხმა რა მოპასუხე დ. გ-ე ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრა იგი სააპელაციო საჩივრით, რომელშიც აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს, რადგან გაუქმებულია სასამართლოს ის ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოხდა სააღსრულებო საბუთის ამოწერა. დ. გ-ის განცხადებით, აუქციონი ჩატარდა სასამართლო განკარგულების გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს კანონი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”. ამასთან, სასამართლომ არ მისცა უფლება, აეყვანა ადვოკატი, რითაც დაირღვა მისი დაცვის უფლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა ¹46 ირიცხებოდა დ. გ-ის სახელზე, ასევე დადგენილია, რომ სადავო ბინა ლ. მ-ემ შეიძინა 2002წ. 5 თებერვალს განმეორებით ჩატარებულ აუქციონზე, რის საფუძველზეც იგი აღირიცხა ამ ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა შემდეგი მუხლებით: სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, სადავო ბინის მესაკუთრე ლ.მ-ეს შეუძლია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, სააპელაციო პალატამ ლ. მ-ის, როგორც ბინის მესაკუთრის მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად და ჩათვალა, რომ მისი სარჩელი რაიონულმა სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
აღნიშნულ განჩინებაზე დ. გ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 6 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
კასატორ დ. გ-ეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ შეასრულა სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნა საქმის შეჩერების შესახებ. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ არ მისცა საშუალება მის ადვოკატს გაცნობოდა საქმეს და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე 46-ე ბინა ირიცხებოდა დ. გ-ის სახელზე.
2002წ. 5 თებერვალს განმეორებით ჩატარებულ აუქციონზე დ. გ-ის ბინა შეიძინა ლ. მ-ემ. იგი ირიცხება საჯარო რეესტრში აღნიშნული ბინის მესაკუთრედ.
სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონების სარგებლობა. მოცემულ შემთხვევაში ლ. მ-ე უფლებამოსილია, ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირის მიერ მისი ქონების სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დ. გ-ეს არ წარუდგენია სასამართლოში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ლ. მ-ის ბინის ფლობის უფლებამოსილებას.
ის ფაქტი, რომ თითქოს რაიონულმა სასამართლომ არ მისცა უფლება დ. გ-ეს აეყვანა ადვოკატი, არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან რაიონული სასამართლოს მიერ აღნიშნული უფლება დარღვეული რომც ყოფილიყო, დ.გ-ე უფლებამოსილი იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ესარგებლა ამ უფლებით. სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს იმავე წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილი ცვლილებებითა და დამატებებით, ამიტომ კასატორს შეეძლო, სააპელაციო სასამართლოში ესარგებლა სსკ-ის 93-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით და საქმე ეწარმოებინა წარმომადგენლის მეშვეობით.
ზემოაღნიშნულის გარდა, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზეც, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე, საქმის განხილვის შესაჩერებლად აუცილებელ პირობას წარმოადგენს სხვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის არსებობა, რომლის განხილვის გარეშეც შეუძლებელია მოცემული დავის გადაწყვეტა. დ. გ-ეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას შეტანილი აქვს სასამართლოში სარჩელი აუქციონის ბათილობის ან მსგავსი მოთხოვნის თაობაზე. აღნიშნულის გარეშე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შეეჩერებინა განსახილველი საქმე. ამდენად, კასატორის მითითებული არგუმენტი ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების საფუძველი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სასამართლოს მიერ გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.