Facebook Twitter

საქმე # 330100120003729878

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№293აპ-21 ქ. თბილისი

ს.ვ, 293აპ-21 24 აგვისტო, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ს-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულ ა. ს-ს ჩვენებაზე, რომლის ქმედება საეჭვოა და პოლიციელების ირიბ ჩვენებებზე; სასამართლო განხილვა ჩატარდა დარღვევებით: სასამართლომ მიზანმიმართულად არ გამოარკვია მისი მოქალაქეობის საკითხი, რათა არ დაენიშნათ დამცველი სახაზინო ხარჯზე; გამოკვეთილი იყო მოსამართლის აცილების წინაპირობა, ვინაიდან იმავე მოსამართლემ განიხილა წარსულში მისი ბრალდების საქმე; რომელმაც განიხილა მისი საქმე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ვ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 2 მაისიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ს-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით ვ.ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 23 თებერვლიდან და სასჯელი მოიხადა 2020 წლის 21 თებერვალს.

ამის შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ვ. ს-მ, კვლავ, არაერთგზის, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი ოჯახის წევრის, 88 წლის დედის - ა. ს-ს მიმართ, კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ იგი სისტემატურად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, რაზეც ა. ს. მოუწოდებდა, რომ შეეწყვიტა თრობა, რაც იწვევდა მათ შორის ოჯახურ კონფლიქტს. 2020 წლის 2 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი ვ. ს. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ... და უმიზეზოდ ჩხუბობდა. აღნიშნულის გამო, ა. ს-მ სთხოვა, დამშვიდებულიყო, რაზეც ვ. ს-მ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მოკლავდა. ა. ს-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ვ.ს. დააკავეს ბრალდებულის სახით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ს-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და უდანაშაულოდ ცნობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასმართლოებს საქმე არ განუხილავთ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, მათ შორის -მოსამართლის მიუკერძოებლობისა და სავალდებულო დაცვის კონტექსტში, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებდა მსჯავრდებული, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია ვ. ს-ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. ს-ს, მოწმეების - მ. დ-სა და ბ. დ-ს ჩვენებებით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა მოწმეების - მ. დ-სა და ბ. დ-ს ჩვენებები, რომელთა ნაწილი, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი, თუმცა მათი მონათხრობი, ასევე, ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს, მაგალითად: რას განიცდიდა დაზარალებული შვილის მხრიდან მუქარის შემდეგ, რა მდგომარეობაში დახვდათ იგი შემთხვევის ადგილზე მისულებს და როგორ გამოხატავდა აგრესიას ვ. ს. თავისი დედის მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ს-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით კანონიერია და არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი