საქმე # 010100120003935091
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№296აპ-21 ქ. თბილისი
კ. ლ., 296აპ-21 25 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორი აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ი. კ-მ არ მისცა მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება, ლ. კ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულის შეტყობინებითა და მოწმეების - ა. ჭ-სა და კ. დ-ს გამოკითხვის ოქმებით, რომლებმაც პირადად ნახეს, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად და როგორ აგრძელებდა ლ. კ. მის სიტყვიერ შეურაცხყოფას სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგაც.
2. გამართლებულ ლ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. შ. საკასაციო შესაგებლით ითხოვს პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. კ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 20 აგვისტოს, დილის საათებში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. კ-მ იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, კერძოდ, მეუღლეს - ი. კ-ს ჩაარტყა ფეხი მუცელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ლ. კ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ლ. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ლ. კ-ს ბრალეულობა და, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ბრალდების მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ი. კ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. კ-ს გარეგნულად, სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა, ხოლო ლ. კ-ს მიმართ 2020 წლის 20 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის მიერ გაცემული №... შემაკავებელი ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან, ერთი მხრივ, მოწმეების - ა. ჭ-სა და კ. დ-ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არის - ირიბი, ვინაიდან ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს და, ამდენად, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულის განცხადება, მითუფრო, როდესაც ი. კ. სასამართლოში ჯვარედინად არ დაკითხულა, ცალკე აღებული, ვერ ქმნის იმგვარი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის დამნაშავეობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი