საქმე # 330100120003516081
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№304აპ-21 ქ. თბილისი
მ. ს., 304აპ-21 25 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. მ-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, ითხოვს მის შემსუბუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, არ ეთანხმება პროკურორის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმებაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით ს. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 ნოემბრის 16:30 საათის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 ნოემბრის 19:00 საათის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 დეკემბრის 20:30 საათის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 დეკემბრის 22:00 საათის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 22 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 14 თებერვლიდან.
3. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულია ა.თ.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (4 ეპიზოდი); ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი); ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ü 2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ს. მ და ა. თ .... მდებარე ,,ჯ-ს“ აფთიაქიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ აფთიაქის კუთვნილ სარეალიზაციო კოსმეტიკურ საშუალებებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 448 ლარისა და 90 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü 2019 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ს. მ და ა. თ ... მდებარე ,,ჯ-ს“ აფთიაქიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ აფთიაქის კუთვნილ სარეალიზაციო კოსმეტიკურ საშუალებებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 520 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü 2019 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ს. მ და ა. თ ... მდებარე ,,ჯ-ს“ აფთიაქიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ აფთიაქის კუთვნილ სარეალიზაციო კოსმეტიკურ საშუალებებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 320 ლარისა და 80 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü 2019 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ს.მ ... მდებარე ,,ჯ-ს“ აფთიაქიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა აფთიაქის კუთვნილ სარეალიზაციო კოსმეტიკურ საშუალებებს, რითაც დაზარალებულს მიადგა - 165 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü 2019 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ს.მ ... მდებარე ,,ჯ-ს“ აფთიაქიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა აფთიაქის კუთვნილ სარეალიზაციო კოსმეტიკურ საშუალებებს, რითაც დაზარალებულს მიადგა - 235 ლარისა და 90 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü 2020 წლის 10 იანვარს, დღის საათებში, .... მდებარე ,,მ. ა. ფ-ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ ,,კ-დან“ ს.მ და ა. თ წინასწარი შეთანხმებით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ალკოჰოლურ სასმელებს, კერძოდ, სხვადასხვა ფირმის ჭაჭასა და 90 დიდი ზომის სნიკერსს, ჯამურად ღირებულს - 381,21 ლარად. აღნიშნული ქმედებით სუპერმარკეტ ,,კ-ს“ მიადგა 381,21 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü 2019 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22:43 საათზე, .. მდებარე შპს ,,პ. ფ-ს“ აფთიაქიდან, ს.მ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ,,ვიშის“ ფირმის კოსმეტიკურ ნაწარმს, ჯამურად ღირებულს - 2376,21 ლარად. აღნიშნული ქმედებით შპს ,,პ. ფ-ს“ მიადგა 2376,21 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü 2019 წლის 8 ნოემბერს, ღამის საათებში ,....მდებარე ,,P.-ს“ აფთიაქიდან, ს.მ და ა. თ ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ აფთიაქში სარეალიზაციოდ განთავსებულ მედიკამენტ ,,გლუვილექსს,“ ღირებულს - 54 ლარად და შამპუნ ,,კერატინს,“ ღირებულს - 21 ლარად. აღნიშნული ქმედებით შპს ,,P-ს“ მიადგა 75 ლარის ქონებრივი ზიანი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს.მ-მ, რომელიც ითხოვდა მის შეცვლასა და შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულებს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (წარსული ნასამართლობა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) მხედველობაში მიღებით, ს. მ-ს მინიმალური სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქებას, რეციდივის წესით სასჯელის დანიშვნის იმპერატიული მოთხოვნის გათვალისწინებით, არ აქვს კანონიერი გამართლება. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია, ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; ამდენად, საპროცესო შეთანხმება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა და მხარეებს შორის ამგვარი პროცესუალური გარიგების დადების/არდადების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა ცდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ.ფაფიაშვილი