Facebook Twitter

საქმე # 150100120003921975

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№307აპ-21 ქ. თბილისი

პ. ო., 307აპ-21 26 აგვისტო, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას, რის გამოც ითხოვს ო. პ-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდას. კასატორი აღნიშნავს: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენილი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ოჯახური დანაშაული, ხოლო, მეორე მხრივ, ო.პ. ორჯერ არის ნასამართლევი ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისათვის და წარსულში მის მიმართ გამოყენებულმა არასაპატიმრო სასჯელებმა ვერ უზრუნველყვეს სასჯელის მიზნები.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ო. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 500 ლარი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. პ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ო. პ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - ე. პ-ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის - 1 წლის ა. პ-სა და მასთან მუდმივად მცხოვრები არასრულწლოვანი დისშვილების - 7 წლის რ. და 4 წლის ვ. პ-ების თანდასწრებით, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში გასულს კი ხელი ჩაავლო თმაში, რამდენჯერმე მოქაჩა და წააქცია, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ო. პ-სათვის შეფარდებული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის მხედველობაში მიღებით, ო. პ-ს მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებისათვის სასჯელად შეუფარდა სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რომლის გამკაცრება და პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა: მართალია, ო. პ. წარსულში ორჯერაა ნასამართლევი განზრახი, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორც ეს საკასაციო საჩივარშია მითითებული, მაგრამ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობა მას გაქარწყლებული აქვს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღება, ხოლო, მეორე მხრივ, რაც შეეხება არასრულწლოვნების თანდასწრებით დანაშაულის ჩადენას, რაზეც ასევე მითითებულია საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი