საქმე # 330100120003434954
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №363აპ-21 ქ. თბილისი
კ. ზ. 363აპ-21 24 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით, ზ. კ.- დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 დეკემბრიდან.
2. ზ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ. თ-ში, ი. ა-ს ქუჩა №..-ის ეზოში, ზ. კ-მ ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრიანი ,,.. " კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ. კ-ს მიაყენა ჭრილობა მუცლის არეში, რის შედეგადაც იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
- 2019 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ. თ-ში, ი. ა-ს ქუჩა №..-ის ეზოში, ზ. კ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ და სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრიან ,,.. " კონსტრუქციის პისტოლეტსა და ამავე პისტოლეტისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ ვაზნებს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. შ-მ, რომელმაც მოითხოვა ზ. კ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და ზ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ზ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლისა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენით:
- მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. შ-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
- ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის გამამტყუნებელ განაჩენში ზ. კ-ს მიმართ.
- ზ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
-ზ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 4 დეკემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
6. პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ. თ-ში, ი. ა-ს ქუჩა №..-ის ეზოში, ზ. კ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ და სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, 7,62 მმ კალიბრიან ,,..-ს" კონსტრუქციის პისტოლეტსა და ამავე პისტოლეტისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ ვაზნებს. ზ. კ-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ. კ-ს მიაყენა ჭრილობა მუცლის არეში, რის შედეგადაც იგი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. მხარეებს შორის დავის საგანია, ზ. კ-ს ჰქონდა თუ არა მ. კ-ს მოკვლის განზრახვა.
9. ვინაიდან განაჩენში ჩამოყალიბებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ ზ. კ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცების საკითხზე.
10. ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენი №142აპ-13, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის №158აპ-21 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიცია ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით კვალიფიკაციის თაობაზე ემყარება ვარაუდს და არა კონკრეტულ მტკიცებულებებს. კერძოდ, სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
11. 2019 წლის 4 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა 1 ცალი მასრა; დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ზ. კ-მ მას მეორედ 10 მ. მანძილიდან ესროლა, თუმცა მეორე გასროლის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის (მაგ. შემთხვევის ადგილიდან არ იქნა ამოღებული მეორე მასრა); დაზიანების რაოდენობას, ლოკალიზაციას, ხარისხს (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N… დასკვნის თანახმად მ. კ-ს მიყენებული ჰქონდა მუცლის წინა კედლის ღია ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით); შემდგომი გასროლის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ცეხლსასროლ იარაღში იყო 8 ვაზნის ადგილი, ხოლო ზ. კ-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მჭიდი 6 ცალი ვაზნით, აღნიშნული a priori არ ადასტურებს ზ. კ-ს მიერ გასროლის 2-ჯერ განხორციელებას დაზარალებულის მისამართით მისი მოკვლის განზრახვით; მოწმეებმა: ქ. რ-მ და გ. კ-მ გაიგონეს იარაღიდან გასროლის მსგავი ხმა, რომელიც ორჯერ განხორციელდა, მაგრამ არც ერთ მათგანს ყურადღება აღნიშნულისთვის არ მიუქცევია და მათთვის უცნობია ორივეჯერზე მოხდა იარაღიდან გასროლა, თუ რომელიმე მათგანი იყო სხვა საშუალებით გამოწვეული ხმაური (მაგალითად, საახალწლო ასაფეთქებლების ხმა, როგორც ეს გ. კ-მ აღიქვა). სასამართლო ითვალისწინებს, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ზ. კ-სათვის არ არსებობდა ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი გარემოება სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა როგორც თავდაპირველი გასროლისას, ასევე მოგვიანებით და დაზარალებულისთვის მიეყენებინა სხვა დაზიანებებიც, რისი განხორციელებაც მსჯავრდებულის მხრიდან არ დასტურდება.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო სწორად მიიჩნევს ზ. კ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან) საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს კასატორი და რასაც სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს.
14. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელებს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
15. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენით ზ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით კი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია); დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე