ას-536-811-04 26 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს კბ “ა.-ის” განცხადების საფუძველზე ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 ნოემბრის განჩინებით ყადაღა დაედო ... მდებარე თ.წ.-ს სახელზე რიცხულ სახლს. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა სს კბ “ა.-ის” მიერ ნ.ჩ.-ს და თ.წ.-ს მიმართ აღძრული სარჩელის უზრუნველსაყოფად. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 23 თებერვლის განჩინებით დააკმაყოფილდა ნ. ჩ.-ს კერძო საჩივარი და გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 ნოემბრის განჩინება. თ. წ.-მ და ნ. ჩ.-მ 2001წ. 17 მაისს სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სს კბ “ა.-ის” მიმართ და მოითხოვეს თ. წ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლზე უსაფუძვლოდ დადებული ყადაღით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
2001წ. 6 ნოემბერს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქმის განმხილველ სასამართლოს და მოითხოვეს, საქმეში მოპასუხედ სს კბ “ა.-ის” ნაცვლად სს “ბ.-ს” ჩართვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა განცხადება დაკმაყოფილდა, განახლდა საქმის წარმოება და საქმეში მოპასუხედ სს კბ “ა.-ის” ნაცვლად ჩაება სს “ბ.-უ”.
2004წ. 19 თებერვალს სს “ბ.-მ” შუამდგომლობით მიმართა საქმის განმხილველ კოლეგიას და მოითხოვა არასათანადო მოპასუხედ ცნობა. აღნიშნულის საფუძვლად სს “ბ.-მ” მიუთითა, რომ სს კბ “ა.-ისაგან” მიღებული უფლებები და მოთხოვნები ნ.ჩ.-სა და თ.წ.-იას მიმართ (რომლის მიღების საფუძველზეც ჩაება სს კბ “ა.-ის” მიერ აღძრულ სარჩელში მის ნაცვლად), დაუთმო შპს “ო.-ს”.
სასამართლო კოლეგიამ 2004წ. 23 თებერვლის განჩინებით სს “ბ.-უ” მიიჩნია არასათანადო მოპასუხედ. ნ.ჩ.-ს და თ.წ.-ს მიერ აღძრულ სარჩელზე და შესთავაზა მოსარჩელეებს არასათანადო მოპასუხე სს “ბ.-ს” შეცვლა სათანადო მოპასუხით შპს “ო.-ით”.
ნ.ჩ.-მ და თ.წ.-იამ უარი განაცხადეს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე და მოითხოვეს სს “ბ.-სათვის” 560000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჩ.-სა და თ. წ.-ს სარჩელს მოპასუხე სს კბ “ბ-ს” მიმართ 560000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით:
სს კბ “ა.-ის” სარჩელის უზრუნველყოფისათვის გამოყენებული ღონისძიებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად ნ.ჩ.-მ და თ.წ.-მ სარჩელი შეიტანეს თბილისის საოლქო სასამართლოში. რამდენადაც სს კბ “ა.-ის” მიერ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში აღძრულ დავაში იგი მოთხოვნის დათმობის საფუძველზე შეცვალა სს “ბ.-მ”, სს კბ “ა.-ის” განცხადების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართებლობის შემთხვევაში სს “ბ.-” ვალდებული იქნებოდა აენაზღაურებინა ამ უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანი.
შემდგომში სს “ბ.-მ” განუცხადა სასამართლოს, რომ სს კბ “ა.-ისაგან” მიღებული მოთხოვნა ნ.ჩ.-ს და თ.წ.-იას მიმართ მან დაუთმო შპს “ო.-ს”.
ვინაიდან ნ.ჩ.-მ და თ.წ.-იამ უარი განაცხადეს არასათანადო მოპასუხე სს “ბ.-ს” სათანადო მოპასუხე შპს “ო.-ით” შეცვლაზე, სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა სსკ-ის 85-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხე შეიცვალოს სათანადო მოპასუხით, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ნ.ჩ.-მ და თ.წ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება და მიუთითეს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ შეაფასა, თუ რა ხელშეკრულება დაიდო უფლებებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ 2001წ. 17 აპრილს სს კბ “ა.-ის” დროებით ადმინისტრატორსა და სს კბ “.ბ.-ს” გამგეობის თავმჯდომარეს შორის.
“ბ.-მ” აიღო ა.-ისაგან ვალდებულებებიც _ ნ.ჩ.-ს და თ.წ.-იას საკრედიტო ხელშეკრულების შესყიდვით, რაც არ უნდა იქნეს გაიგივებული “ბ.-სა” და შპს “ო.-ს” შორის გაფორმებული უფლების და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებასთან.
კასატორებმა მიუთითეს, რომ სს კბ “ბ.-ს” და შპს “ო.-ს” შორის 2002წ. 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება უფლებებისა და მოთხოვნების დათმობის შესახებ, არის დავალების ხელშეკრულება.
შპს “ო.-ი” არის საშუამავლო ფირმა, იგი ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა და საქმიანობის საგნად მიუთითა საშუამავლო საქმიანობა. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით შპს “ო.-მა” მიიღო სს კბ “ბ.-საგან” დავალების შესრულების უფლება. სკ-ის 704-ე, 716-ე, 724-ე, 729-ე მუხლების შესაბამისად არც დავალების ხელშეკრულება და საკუთრების მინდობა არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ შპს “ო.-ი” ზიანის მიყენების დავასთან დაკავშირებით ჩაითვალოს სათანადო მოპასუხედ, მითუმეტეს, რომ სახლზე ყადაღის დადება მოხდა “ბ.-სა” და შპს “ო.-ს” შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე. ამდენად, სს კბ “ბ.-მ” აიღო ის ვალდებულებები და უფლებები, რაც სს კბ “ა.-ს” ექნებოდა ნ.ჩ.-სა და თ.წ.-იას მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ნ. ჩ.-სა და თ. წ.-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სს კბ “ა.-მ" 2000წ. 25 ოქტომბერს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვა თ. წ.-იას საკუთარ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ყადაღის დადება იმ მიზნით, რომ იგი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას თ. წ.-იას და მისი მეუღლე ნ. ჩ.-ს მიმართ ბანკიდან აღებული კრედიტის დაბრუნების თაობაზე.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 ნოემბრის განჩინებით სს კბ “ა.-ის" განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... მდებარე, თ. წ.-იას საკუთარ სახლს. რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. წ.-იამ და ნ. ჩ.-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 23 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმნიდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 ნოემბრის განჩინება. თ. წ.-იამ და ნ. ჩ.-მ 2001წ. 17 მაისს სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სს კბ “ა.-ის” მიმართ და მოითხოვეს თ. წ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლზე უსაფუძვლოდ დადებული ყადაღით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ 192-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.
ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე წარმოიშვა ზიანის ანაზღაურების (დელიქტური) ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელშიც კრედიტორს წარმოადგენს ნ. ჩ.-ა და თ. წ.-ა, ხოლო მოვალეს სს კბ “ა.-ი”. ამ ურთიერთობაში ნ. ჩ.-ს და თ. წ.-ს აქვთ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ბანკის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილია სს კბ “ა.-სა” და სს “ბ.-ს" შორის 2001წ. 17 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება უფლებებისა და მოთხოვნების დათმობის შესახებ. ამ ხელშეკრულების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ მოთხოვნის მფლობელი უთმობს ბანკს, ამ უკანასკნელის მიერ “ა.-ისაგან” გადმოკისრებული ვალის სანაცვლოდ ა.-ის უფლებებსა და მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულით ირკვევა, რომ სს “ბ.-ს" სს “კბ “ა.-მ” დაუთმო არა მარტო უფლებები და მოთხოვნები, არამედ სს კბ “ა.-მ” თავისი ვალებიც გადააკისრა სს “ბ.-ს”. ვინაიდან მოცემულ საქმეზე სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის მოვალეს წარმოადგენდა სს კბ “ა.-ი”, სასამართლო კოლეგიას ჯერ უნდა გაერკვია, ნ. ჩ.-ს, თ. წ.-იასა და სს კბ “ა.-ს" შორის ზიანის ანაზღაურების სადავო-სამართლებრივი ურთიერთობიდან მოვალე-ბანკის გასვლა რა საფუძვლით მოხდა, იურიდიული პირის რეორგანიზაციით, მოთხოვნის დათმობით თუ ვალის გადაცემით და ამის შემდეგ უნდა ემსჯელა საქმეში სათანადო მოპასუხის შეცვლის თაობაზე სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად.
სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საქმეში წარმოდგენილია სს “ბ.-სა” და შპს “ო.-ს” შორის 2002წ. 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება უფლებებისა და მოთხოვნების დათმობის შესახებ. ამ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ სს “ბ.-ს” ვალების შპს “ო.-ისათვის” გადაკისრების სანაცვლოდ თუ მოხდა ნ. ჩ.-სა და თ. წ.-ს მიმართ მოთხოვნებისა და უფლების დათმობა. თუ სასამართლო დაადგენდა, რომ სს კბ “ბ.-მ” შპს “ო.-ს” თავისი ვალებიც გადააკისრა, მაშინ სასამართლო კოლეგიას უნდა გამოეყენებინა სკ-ის 204-ე მუხლი, რომლის თანახმად ვალის გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჩ.-სა და თ. წ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.