Facebook Twitter

საქმე # 120100120003937921

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №483აპ-21 ქ. თბილისი

წ. ი. 483აპ-21 24 აგვისტო, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. წ-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში შესაბამისი კვალიფიკაციით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. წ-ს - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, არასრულწლოვნის თანდასწრებით და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, ასევე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქალაქ ბ-ში, …ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი. წ-მ მისივე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი. ბ-ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის გ. წ-ს თანდასწრებით, ესროლა რკინის მაგიდა ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარიხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშელელად.

2020 წლის პერიოდში, ი. წ. მისივე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი. ბ-ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის გ. წ-ს თანდასწრებით, ასევე გ. წ-ს, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის დროს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა მათ უცენზურო სიტყვებს. აღნიშნული ქმედების შედეგად, გ. წ-მ და ი. ბ-მ განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა.

2020 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქალაქ ბ-ში, … ქ.№…-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ი. წ. მისივე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი. ბ-ს დაემუქრა ნაჯახის გამოყენებით თავის მოჭრით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2020 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქალაქ ბ-ში, … ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ი. წ. მისივე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი. ბ-ს და არასრულწლოვან შვილს გ. წ-ს დაემუქრა საწვავის გამოყენებით დაწვით, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვალის განაჩენით ი. წ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში.

ი. წ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

განემარტა ი. წ-ს, რომ უდანაშაულოდ ცნობის გამო, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ი. წ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვალის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდგომში - სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ი. წ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - ი. ბ-მ და გ. წ-მ ისარგებლეს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს მამხილებელი ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლისა და მამის წინააღმდეგ. რაც შეეხება მოწმეების - პოლიციის თანამშრომლების - დ. ნ-სა და გ. ყ-ს ჩვენებებს, ისინი არ არიან მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის თვითმხილველელი, მათ აღნიშნულის შესახებ იციან დაზარალებულისგან და შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია.

9. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებსა და მისი გამცემი ექსპერტის - მ. მ-ს ჩვენებასთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, მან ექსპერტიზის დასკვნებში მიუთითა, რომ დაზარალებულები - ი. ბ. და გ. წ. განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მაგრამ ვერ დაადასტურა, რომ ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოწვეული იყო ი. წ-ს მხრიდან სისტემატიურად განხორციელებული შეურაცხყოფითა და დამცირებით. მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებით ასევე არ დგინდება გაუჩნდა თუ არა ი. ბ-ს და მის არასრულწლოვან შვილს გ. წ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

10. გ. წ-ს მიერ სსიპ 112-ისთვის შეტყობინების და შეტყობინების რეგისტრაციის ბარათთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს გ. წ-ს ჩვენებას, განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით უნდა გადამოწმებულიყო.

11. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე.

12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე