Facebook Twitter

საქმე # 330100119003212256

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№269აპ-21 ქ. თბილისი

ა. ს., 269აპ-21 23 აგვისტო, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ს. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან; კასატორის მითითებით, სასამართლომ, ერთი მხრივ, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა თვითმხილველი მოწმეების - ა. ძ-სა და გ. ე-ს ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ ს. ა-ს დანაშაულის ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, უპირობოდ სარწმუნოდ მიიჩნია მიკერძოებული მოწმის - მ. მ-ს განმარტებები; სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამძებრო ძაღლი შეჩერდა სწორედ იმ სართულზე, სადაც ს. ა. დააკავეს; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ქურდობისათვის ნასამართლევი ს. ა. კარის შემტვრევით ცდილობდა, უკანონოდ შეეღწია მ. ს-ს ბინაში, რათა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა ნივთს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან მეზობლებმა შეამჩნიეს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ა-ს ბრალად დაედო ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ს. ა. ცდილობდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით, კერძოდ, ბინის კარის გატეხვის გზით, უკანონოდ შეეღწია … კორპუსში მდებარე, მ. ს-ს კუთვნილ №… ბინაში, რათა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა ნივთს, რა დროსაც იგი შეამჩნიეს მეზობლებმა. ს. ა-ს ქმედებით მ. ს-ს შესაძლოა, მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.

3. ს. ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 აპრილის განაჩენით ს. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა ს. ა-ს ბრალეულობა და ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ბრალდების მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი პასუხები, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც; საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების პოზიციას, რომლებმაც საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით, მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები - in dubio pro reo პრინციპით, ს. ა-ს სასარგებლოდ გადაწყვიტეს; მოწმეების - ა. ძ-სა და გ. ე-ს ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ სადარბაზო, სადაც მათ დაინახეს დამნაშავე, იყო იმდენად განათებული, რომ ,,იატაკზე დავარდნილ ნემსსაც კი შენიშნავდნენ", ეწინააღმდეგება დაზარალებულ მ. ს-სა და მოწმე მ. მ-ს ჩვენებებს, რომელთა თანახმადაც, სადარბაზო არ არის განათებული და ქუჩიდან შემომავალი სინათლით მხოლოდ ადამიანის სილუეტის გარჩევა თუა შესაძლებელი; ყურადსაღებია მოწმეების - ნ. გ-სა და მ. ჭ-ს გამოკითხვის ოქმები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებითაც ირკვევა, რომ შემთხვევის ღამეს კორპუსის მე-7 და მე-8 სართულების საშრობებში პოლიციელები რაღაცას ეძებდნენ, რაც საეჭვოს ხდის მოწმეების - ა. ძ. და გ. ე-ს ჩვენებებს, რომ ა. ძ-მ ნამდვილად დაინახა, როგორ შევიდა დამნაშავე მე-6 სართულზე არსებულ ბინაში; რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული კვლევით სარწმუნოდ დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში არ არის ს. ა-ს სუნის კვალის ნიმუშის იდენტური; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებს, რომლებიც მოწმეების - ა. ძ-სა და გ. ე-ს მტკიცებით დამნაშავეს დაეყარა სადარბაზოში, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარებია, ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური) კვლევით ს. ა-ს ბრალეულობა არ გამოკვეთილა.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი