Facebook Twitter

ას-540-1188-03 5 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ო-მა და დ. ც-ემ მიმართეს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვეს მოპასუხეზე – გ. რ-ზე 9027,2 აშშ დოლარისა და 6249,7 აშშ დოლარის დაკისრება.

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2002წ. 28 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე მათ ფული ასესხეს გ. რ-ს: მ. ო-მა – 8060 აშშ დოლარი, ხოლო დ. ც-ემ – 5580 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, თვეში 2%-ით. სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. 2002წ. 28 ივნისს აღნიშნული ხელშეკრულება გაგრძელდა 3 თვით, მაგრამ არც ამ ვადაში მოპასუხემ სესხი არ დააბრუნა, რის გამოც მოსარჩელეებმა აღძრეს სასამართლოში სარჩელი და მოითხოვეს მოპასუხეზე როგორც ძირითადი ვალის, ისე მასზე დარიცხული პროცენტების, აგრეთვე, ადვოკატის ხარჯების 600 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 9027 და 8060 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, 2003წ. იანვრიდან – ყოველთვიურად 2%-ის გადახდა თანხის დაფარვამდე.

არ დააეთანხმა რა სასამართლოს ამ გადაწყვეეტილებას, გ. რ-მა გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით. მან მოითხოვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და მასზე დაკისრებული თანხების შემცირება იმ საფუძვლით, რომ მან სესხად აიღო არა ხელშეკრულებაში მითითებული თანხები, არამედ უფრო ნაკლები, კერძოდ, მ. ო-ისაგან 6500 აშშ დოლარი, ხოლო დ. ც-ისაგან 4500 აშშ დოლარი, რაზეც არსებობს წერილობითი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, დასაბრუნებელი თანხა დარიცხულ პროცენტებთან ერთად შეადგენს 7280 აშშ დოლარს, რასაც უნდა დაერიცხოს 2%-ის გადახდა 2003წ. იანვრიდან – მ.ო-ის სასარგებლოდ, ხოლო დ. ც-ის სასარგებლოდ – 5040 აშშ დოლარი და 2003წ. იანვრიდან 2%-ის გადახდა.

სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა გაზარდეს დავის საგანი და მოითხოვეს გადახდევინების მიქცევა იპოთეკით დატვირთული გ.რ-ის საცხოვრებელ სახლზე. პალატამ, იხელმძღვანელა სსკ-ის 381-ე მუხლით, მიზანშეწონილად ჩათვალა დავის საგნის ამგვარი გაზრდა, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ნივთი იპოთეკით იტვირთება სწორედ დაკისრებული თანხის გადახდვეინების უზრუნველსაყოფად და მოთხოვნები ფაქტობრივად განუყოფელია.

პალატამ განიხილა გ.რ-ის სააპელაციო საჩივარი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დავის საგნის გაზრდა, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2002წ. 28 მარტს ერთის მხრივ მ. ო-სა და დ. ც-ეს, ხოლო მეორეს მხრივ გ. რ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ო-მა გ. რ-ს ასესხა 8060 აშშ დოლარი, ხოლო დ. ც-ემ – 5580 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის გ. რ-ის კუთვნილი ½ წილი.

ვინაიდან საქმეში არსებული მხარეთა მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც შეიცავენ კუპიურების ჩამონათვალს, გ. რ-ი აცხადებდა, რომ დ.ც-ისაგან მიღებული აქვს 4500, ხოლო მ.ო-ისაგან – 6500 აშშ დოლარი, სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგი საფუძვლით: მოგვიანებით, 2002წ. 28 ივნისს შედგენილი ნოტარიალურად დამოწმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ შეთანხმებაში დაფიქსირებულია, რომ დ.ც-ემ ასესხა მ.რ-ს 5580, ხოლო მ.ო-მა – 8060 აშშ დოლარი, რაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ის 403-ე, 623-ე, 625-ე მუხლები და მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხეზე ძირითადი ვალის 6 თვის პროცენტებთან ერთად დაკისრების შესახებ კანონიერია და დაკმაყოფილებას ექვემდებარება. გ.რ-ს უნდა დაეკისროს მ.ო-ის სასარგებლოდ 9027,7 აშშ დოლარი (ძირითადი ვალი, 8060 აშშ დოლარი და 6 თვის % _ 967,2 აშშ დოლარი), ხოლო დ.ც-ის სასარგებლოდ 6249,6 აშშ დოლარი (ძირითადი ვალი 5580 აშშ დოლარი და 6 თვის % _ 669,7 აშშ დოლარი).

პალატამ, ასევე მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ანუ 2002წ. 28 სექტემბრის შემდეგ რ.რ-ს უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ თვეში 2%-ის გადახდა ძირითადი თანხიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, აგრეთვე, ადვოკატზე გაწეული ხარჯების ოდენობა. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება შეიცვალა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

რ.ო-ისა და დ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. რ-ს დაეკისრა მ. ო-ის სასარგებლოდ 9027 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, 2002წ. 28 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დაუბრუნებელი ძირითადი თანხიდან თვეში 2%-ისა და ადვოკატის ხარჯების – 180 ლარის გადახდა.

გ. რ-ს დ.ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6219,7 აშშ დოლარის, ადვოკატის ხარჯების – 164 დოლარის, 2002წ. 28 სექტემბრიდან გადაუხდელი თანხის თვეში 2%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

გადაწყვეტვილების აღსრულების მიზნით გადახდევინება მიექცა, გ.რ-ის კუთვნილ თბილისში, ... მდებარე ბინის 1/2 წილზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-მა, რომელიც მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის შემცირებას.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 244-ე და 247-ე მუხლების მოთხოვნები.

კასატორი მიუთითებს, რომ სესხად აღებული აქვს არა ხელშეკრულებაში მითითებული თანხები, არამედ უფრო ნაკლები, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა სინამდვილეს არ შეესაბამება, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა გაზრდილია დარიცხული პროცენტებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძველი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ დ.ც-ემ გ.რ-ს ასესხა 5580, ხოლო მ.ო-მა – 8060 აშშ დოლარი, რაც დასტურდება 2002წ. 28 ივნისს შედგენილი ნოტარიალურად დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე, რომელიც არ განუხილავს სასამართლოს და რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ სესხად აღებული აქვს არა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, არამედ უფრო ნაკლები.

სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთები.

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება დაიდო რთული სანოტარო ფორმით. პალატა თვლის, თუ ხელშეკრულება ზეპირი ფორმითაც შეიძლება დაიდოს, მაგრამ მხარეები მას წერილობითი ფორმით დადებენ, ასეთ შემთხვევაში წერილობითი (სანოტარო ფორმა) ფორმა ხელშეკრულების ნამდვილობის დამატებითი პირობაა, რომელიც მხარეებს შორის დავის წარმოშობის დროს მტკიცების ყველაზე კარგი საშუალებაა. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია 623-624-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორმა სსკ 623-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დააბრუნოს იმავე ოდენობის თანხა, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 244-ე და 247-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან, კასატორი არ მიუთითებს, თუ რაში გამოიხატა მითითებული ნორმების მოთხოვნათა დარღვევა. სსკ-ის 244-ე მუხლი შეიცავს იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომლებიც უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანის დროს, ხოლო 247-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბებს მოსამართლე ან კოლეგიური სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ან თავმჯდომარე.

მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ჩამოყალიბებულია წერილობითი ფორმით, ხელს აწერს ყველა მოსამართლე. გადაწყვეტილებაში მითითებულია კანონები, რომელიც სასამართლომ გამოიყენა, დადგენილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სხვ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმები სააპელაციო პალატის მიერ არ არის დარღვეული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.