Facebook Twitter

საქმე # 330100120004174530

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №331აპ-21 ქ. თბილისი

ი–ი ა., 331აპ-21 1 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლასა და ა. ი–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ ცალმხრივად იმსჯელა მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე, მის ქცევაზე და ისე შეუფარდა მსუბუქი სასჯელი, რომ ყურადღება არ გაუმახვილებია ძალადობის ხერხსა და თავისებურებებზე, ასევე, დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანზე; შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება განაჩენის სამართლიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს მსჯავრდებულს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ა. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; დანაშაულთა ერთობლიობისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ი–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

ü 2020 წლის 24 აგვისტოს, ღამის საათებში, თ–ში, ......., ... მ/რ-ნის, ..-ე კორპუსში მდებარე რ. ჩ–ს №.. საცხოვრებელ ბინაში, ა. ი–მ ყოფილ მეუღლეს - რ. ჩ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ ჩაარტყა ფეხი მუცლის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2020 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ–ში, .........., ... მ/რ-ნის, ..-ე კორპუსში მდებარე რ. ჩ–ს №.. საცხოვრებელ ბინაში, ა. ი–მ ყოფილ მეუღლეს - რ. ჩ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ძლიერად მოქაჩა და ამოაგლიჯა თმა, ასევე ძლიერად მოუჭირა ხელები მკლავებზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა. ი–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს დანაშაულებს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, დაზარალებულთან შერიგებულია) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. ი–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის კიდევ უფრო გამკაცრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების (თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) გათვალისწინებითა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების (ა. ი–ს ქმედებაში გამოკვეთილია ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი, თუმცა იგი დაზარალებულთან შერიგებულია) მხედველობაში მიღებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი