Facebook Twitter

საქმე # 190100120003736241

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №487აპ-21 ქ. თბილისი

მ–ე ბ., 487აპ-21 14 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ ზურაბ კოჭლამაზაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ბ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დამოკიდებულება დაზარალებულისადმი, სათანადოდ არ შეაფასა ბრალდებულის საშიშროების ხარისხი და ოჯახში ძალადობის სპეციფიკა, რისი მხედველობაში მიღებითაც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

2. გამართლებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ–ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს ბ. მ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. მ–ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ბ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 21 იანვრიდან 2020 წლის 23 აპრილის ჩათვლით დროის შუალედში, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ნი, №...-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ბ. მ–ს მეუღლეს, ს. ხ–ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, არასრულწლოვანი შვილების - ნ. და ა. მ–ების თანდასწრებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: უკრძალავდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, მეგობრებთან კომუნიკაციას. მისი, როგორც ქალის, უპირობო მოვალეობად მიიჩნევდა შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეების კეთებას. იმ შემთხვევაში, თუ სოფიო ხეთაგური არ შეასრულებდა სათანადოდ ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის, მოთხოვნებს, აგინებდა. სისტემატურმა შეურაცხყოფამ გამოიწვია ს. ხ–ს ტანჯვა.

ამასთანავე, 2020 წლის 23 აპრილს, შუადღის საათებში, ქ. რ–ში, მე... მ/რ-ნი, №...

ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ბ. მ–ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ: ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, მეუღლეს - ს. ხ–ს, არასრულწლოვანი შვილების - ნ. და ა. მ–ების თანდასწრებით, ჯერ შეაგინა, შემდეგ კი სახეზე რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი იმის გამო, რომ ს. ხ–მ ბოსტნეული დაჭრა იმაზე დიდ ნაჭრებად, ვიდრე ამას ბ. მ–ე მოითხოვდა. ბ. მ–ს ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ს. ხ–ს ფიზიკური ტკივილი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ბ. მ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ბ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ბ. მ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლებულ ბ. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გამართლებულ ბ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, როგორც ბ. მ–ს მეუღლემ, დაზარალებულმა - ს. ხ–მ, ასევე გამართლებულის არასრულწლოვანმა შვილებმა - ნ. და ა. მ–ებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის - ბ. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი