ას-542-1208-03 20 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს კოოპერატივ “ძ-ის” დირექტორმა, ი. ჯ-ემ სარჩელით მიმართა მოპასუხე შპს “ი-ის” წინააღმდეგ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996წ. ნოემბერში შპს “ი-ის” პარტნიორის _ გ. ხ-ასაგან მიიღო წინადადება დახმარებოდა მას 20 ტონა პიროლუზიტის შესყიდვასა და მის ბელორუსიაში რეალიზაციაში. შპს “ი-მა” კოოპერატივ “ძ-ის” სახელით ქუთაისის ლითოფონის ქარხნიდან შეიძინა 20 ტონა პიროლუზიტი, რომლის ღირებულებაც მათ უნდა გადაეხადათ სოლიდარულად.
ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე კოოპერატივმა ძ-ამ პიროლუზიტი გადასცა შპს “ი-ს”, რომელმაც იგი 1997წ. 13 იანვარს თავისი დოკუმენტაციით წაიღო ბელორუსიაში ქ. პინსკში და რეალიზაციისათვის გადასცა ფირმა “ლ-ს”.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიერ გადახდილი 7400 დოლარისა და მისი გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის ყოველთვიურად 3%-ის ანაზღაურება. მოსარჩელემ მთლიანად მოითხოვა 16086 ლარის ანაზღაურება.
შპს “ი-ის” დირექტორმა მ. ქ-ამ, პარტნიორებმა _ გ. ხ-ამ და ზ. მ-ამ შეგებებული სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და აღნიშნეს, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ შეთანხმება კოოპერატივ “ძ-ასთან” ლითოფონის ქარხნიდან პიროლუზიტის შესყიდვის შესახებ, მაგრამ ამასთან შეთანხმებულნი იყვნენ იმაზეც, რომ სოლიდალურად უნდა მოეხდინათ მისი რეალიზაცია, სოლიდარულად ეკისრათ გაწეული ხარჯები და ასევე სოლიდარულად მიეღოთ მოგებაც. ი. ჯ-ემ მათთან შეუთანხმებლად მოახდინა პიროლუზიტის რეალიზაცია და მათი კუთვნილი თანხა მთლიანად მიითვისა.
შეგებებული სარჩელის ავტორებმა მოითხოვეს ი. ჯ-ისათვის მათ მიერ გადახდილი თანხებისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება:
1. ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯებიდან – 1075 აშშ დოლარი.
2. ი. ჯ-ის მიერ ქ. პინსკიდან წამოღებული 13 ტონა პიროლუზიტის ღირებულება _ 13500 აშშ დოლარი.
3. ი. ჯ-ის დაუდევრობით მათთვის მიყენებული ზიანი _ 15155 აშშ დოლარი.
4. ი. ჯ-ის მიერ შპს “ი-ისაგან” ბელორუსიაში გასამგზავრებლად მიღებული თანხა _ 1170 დოლარი.
სულ შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა 19533 აშშ დოლარი.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა კოოპერატივ “ძ-ის” სარჩელი. შპს “ი-ს” დაეკისრა კოოპერატივ “ძ-ის” სასარგებლოდ 3375 დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “ი-ის” შეგებებული სარჩელი. კოოპერატივ “ძ-ას” დაეკისრა 13500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივ “ძ-ის” დირექტორმა ი. ჯ-ემ. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ მიუხედავად პიროლუზიტის შესყიდვაზე მხარეებს შორის შეთანხმების არსებობისა, მათ არავითარი კომერციული რისკი თავის თავზე არ აუღიათ. ასეთი რისკი იკისრა თავად შპს “ი-მა”, რომელსაც მისთვის შეთანხმებისამებრ უნდა გადაეხადა მოგების ¼ ნაწილი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კოოპერატივ ძ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კოოპერატივ “ძ-ის” სარჩელი. შპს “ი-ს” დაეკისრა 11211 აშშ დოლარის გადახდა. შპს “ი-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ კოოპერატივ “ძ-ის” შპს “ი-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 1488 აშშ დოლარი.
პალატა მიუთითებს, რომ დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს “ი-სა” და კოოპერატივ “ძ-ას” შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება ქუთაისის ლითოფონის ქარხნიდან კოოპერატივ “ძ-ის” სახელით 15 ტონა პიროლუზიტის შესყიდვის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე 1996წ. 25 ნოემბერს ი. ჯ-ემ ქუთაისის ლითოფონის ქარხნისგან შეისყიდა 15 ტონა პიროლუზიტი, რაშიც პირადად გადაიხადა 7400 აშშ დოლარი და იგი რეალიზაციისათვის გადასცა შპს “ი-ს”. შპს “ი-მა” მოახდინა პიროლუზიტის ტრანსპორტირება ქ. ფოთიდან გადამზიდველი ფირმა ,,რ-ის” მეშვეობით, რაშიც გადაიხადა 3480 აშშ დოლარი. მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ, რომ პიროლუზიტის ღირებულება ქუთაისის ლითოფონის ქარხანას გადაუხადა კოოპერატივმა “ძ-ამ” 7400 აშშ დოლარის ოდენობით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სკ-ის 930-ე, 931-ე მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “ი-სა” და კოოპერატივ “ძ-ას” შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის შესახებ პიროლუზიტის შესყიდვის, მისი რეალიზაციისა და მოგების მიღების მიზნით.
სკ-ის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “ი-ისა” და კოოპერატივ “ძ-ის” წარმომადგენლებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა, ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, როგორც ხარჯებზე, ისე მოგებაზე. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რის გამოც ამ საქმიანობიდან გამომდინარე, მათ თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა ხარჯზე, რომელსაც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს.
სოლიდარული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კოოპერატივი “ძ-ა” ვალდებული იყო, გადაეხადა პიროლუზიტის ღირებულების 7400 დოლარის 1/4 ¼ მისი წილის შესაბამისად, რაც შეადგენს 1850 აშშ დოლარს. მის მიერ 1997წ. იანვარში პიროლუზიტის მთლიანი ღირებულების 7400 აშშ დოლარის გადახდა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აღნიშნული თანხიდან შპს “ი-მა” უნდა გადაიხადოს მთლიანი ღირებულების ¾3/4, რაც შეადგენს 5550 აშშ დოლარს.
კოოპერატივი “ძ-ა” სკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვს, მას აუნაზღაურდეს გადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტი 2%-ის ოდენობით 1997წ. იანვრიდან სარჩელის შეტანამდე.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კოოპერატივ “ძ-ის” მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი არა 1997წ. იანვრიდან, არამედ 1999წ. იანვრიდან. შპს “ი-ის” მიერ გადასახდელი თანხის ყოველთვიური 2% შეადგენს 4551 აშშ დოლარს. სულ შპს “ი-ს” კოოპერატივ “ძ-ისათვის” გადასახდელი აქვს 10106 აშშ დოლარი. კოლეგია მიიჩნევს, რომ შპს “ი-მა” ვერ დაადასტურა ი. ჯ-ის მიერ 13 ტონა პიროლუზიტის ღირებულების 13500 აშშ დოლარის მითვისების ფაქტი. ამავე მოტივით, ასევე ნაწილობრივ უსაფუძვლოა შპს “ძ-ის” მიერ შპს “ი-ისათვის” 15155 აშშ დოლარის ზიანის მიყენების ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ისესხეს ტრანსპორტირებისათვის საჭირო 4300 აშშ დოლარი და იხდიდნენ ამისათვის პროცენტებს. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება შპს “ი-მა” ვერ წარმოადგინა, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას კოოპერატივ “ძ-ისათვის” 13500 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “ი-ის” შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შპს “ი-ის” მიერ პიროლუზიტის ტრანსპორტირებისა და ი. ჯ-ისათვის ქ. პინსკში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “ი-ის” მიერ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, გადახდილია პროდუქციის ტრანსპორტირების ხარჯები – 4300 აშშ დოლარი და ი. ჯ-ის ქ. პინსკში მგზავრობის თანხა 1117 აშშ დოლარი, სულ _ 4650 აშშ დოლარი. კოოპერატივ “ძ-ამ” უნდა გადაიხადოს შპს “ი-ის” სასარგებლოდ 4650 აშშ დოლარის 1/4 და სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად _ თანხა მიუღებელი თანხის 2%-ის ოდენობით 1999წ. იანვრიდან 2003წ. აპრილამდე.
4650 აშშ დოლარიდან შპს “ძ-ის” ¼1/4 წილი შეადგენს 1162,5 აშშ დოლარს. მისი 2%-23,25 აშშ დოლარს, რაც 14 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 325 აშშ დოლარს. სულ შპს “ი-ს” კოოპერატივ “ძ-ისათვის” გადასახდელი აქვს 1486 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ი-ის” დირექტორმა და მისმა პარტნიორებმა.
კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტავს, რომ შპს “ი-მა” ვერ დაადასტურა ი. ჯ-ის მიერ 13 ტონა პიროლუზიტის ღირებულების 13500 აშშ დოლარის მითვისების ფაქტი. სასამართლოს ამგვარი განმარტება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს. კასატორთა მითითებით, ისინი ი. ჯ-ეს ედავებიან 15 და არა 13 ტონა პიროლუზიტის დაკარგვას და არა მითვისებას. ერთის მხრივ, სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იზიარებს ჯ-ის ქ. პინსკში პიროლუზიტის რეალიზაციისათვის ჩასვლას, 50 აშშ დოლარის გადახდას და, შესაბამისად, მიიჩნევს სწორედ ერთობლივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის დამადასტურებლად, მეორეს მხრივ, დადასტურებულად არ თვლის ი. ჯ-ისაგან 15 ტონა პიროლუზიტის წაღების ფაქტს, არადა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ ი. ჯ-ემ იმის გამო, რომ ქუთაისის ლითოფონის ქარხანას არ წარუდგინა პრეტენზია წონისა და პროდუქციის ხარისხის შესახებ, აიღო დამატებითი ვალდებულება პროდუქციის რეალიზაციისათვის. კასატორები აღნიშნავენ, რომ 15 ტონა პიროლუზიტის ღირებულება ჯერაც მიუღებელი აქვთ, მართალია, ხელშეკრულების მონაწილენი თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას ზარალზე, მაგრამ ამჯერად დავა იმ ფაქტობრივ გარემოებებს ეხება, რომ 15 ტონა პიროლუზიტის რეალიზაცია ი. ჯ-ემ თავის თავზე აიღო და პროდუქცია დაიკარგა. მათგან 15 ტონა პიროლუზიტის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა ემყარება ი. ჯ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას.
კასატორთა მითითებით, გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია სასამართლოს მიერ განხორციელებული გაანგარიშებანი. დაუსაბუთებელია საიდან მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მითითებული შპს “ძ-ისათვის” გადასახდელი 10106 აშშ დოლარი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი 10106 აშშ დოლარი 11211 აშშ დოლარად არის წარმოდგენილი, რაც ასევე სრულიად დაუსაბუთებელია.
კასატორები მოითხოვენ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს მათი შეგებებული სარჩელი, ხოლო სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ამხანაგობის ხელშეკრულების მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ შეიძლება გააჩნდეთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები ანუ ურთიერთსაპირისპირო ინტერესები და შეიძლება გახდნენ, როგორც მოვალეები, ასევე კრედიტორები. ხელშეკრულების პირობების შესრულებისა და, შესაბამისად, საერთო მიზნების მიღწევის თვალსაზრისით ხელშეკრულების თითოეულ მონაწილეს გააჩნია გარკვვეული უფლებები და აკისრია მოვალეობები, რომელთა შესრულების პროცესში ისინი ითვლებიან ურთიერთმოვალეებად და კრედიტორებად.
ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ამხანაგობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის ორი მომენტი: 1. სამართლებრივი ურთიერთობები უშუალოდ ხელშეკრულების მონაწილეთა შორის, შიდა ურთიერთობები, რომლებიც იქმნება იმ გადანაწილებული უფლება-მოვალეობების საფუძველზე, რომელთაც შესრულების თითოეული მონაწილე კისრულობს საერთო მიზნების მისაღწევად. 2. ამხანაგობის წევრთა ურთიერთობები მესამე პირებთან, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების პირობების განხორციელებისას.
სკ-ის 937-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
ვინაიდან მხარეთა შორის დავა ეხება ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობას, სასამართლოს უნდა განესაზღვრა მონაწილეთა წილი ერთობლივ საქმიანობაში და, შესაბამისად, დაედგინა მონაწილეთა პასუხისმგებლობის ოდენობა.
შესაბამისად, უნდა დაზუსტდეს, ვინ იყო ერთობლივი საქმიანობის მონაწილე: შპს “ი-ი” და კოოპერატივი “ძ-ა”, თუ ფიზიკური პირები დამოუკიდებლად იმისა, რომ ისინი აღნიშნული იურიდიული პირების დამფუძნებლები იყვნენ. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებლობის წილები ¼1/4 და ¾3/4.
სააპელაციო პალატას ასევე უნდა დაედგინა, ამხანაგობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, როგორ იყო გადანაწილებული უფლება _ მოვალეობები ამხანაგობის მონაწილე პირთა შორის. ერთობლივი საქმიანობაში მონაწილე პირებიდან, ვინ რაზე იკისრა პასუხისმგებლობა, ვინ შეასრულა იგი და ვინ არ შეასრულა, ვისი ბრალით მიადგა ზიანი, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, ერთობლივ საქმიანობაში მონაწილე პირებს. თუ ერთობლივი საქმიანობის მონაწილე პირმა არ შეასრულა პარტნიორთა (ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა) წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მან პასუხი უნდა აგოს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არითმეტიკული შეცდომები არის დაშვებული გამოთვლისას და ასევე შეუსაბამობაა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიღებულ დაკისრებელ თანხას და სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრულ თანხას შორის.
აღნიშნულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მათი გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.