საქმე # 160100119003044669
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№342აპ-21 ქ. თბილისი
ა–ი ა., 342აპ-21 16 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ა. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა; კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, გამოძიების დროს, გამოკითხვისას, დეტალურად აღწერდა ა. ა–ს მხრიდან მუქარის ფაქტს; ამასთან, საქმეში გამოკვეთილია შეტყობინება, რომლითაც დასტურდება მეუღლეებს შორის კონფლიქტის არსებობა; დაზარალებულის სხეულის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ს. ბ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რითაც დგინდება ძალადობის ფაქტი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ა. ა–ს ძალადობის შედეგად დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ა–ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 მაისს, საღამოს საათებში, მ–ის რაიონის სოფელ .........ში, ......ის №...-ში მდებარე სახლის დამხმარე სამზარეულოში, ა. ა–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს. ბ–ს, რომელთანაც 19.. წლიდან არის არარეგისტრირებულ ქორწინებაში, კერძოდ, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ს. ბ–ს ჯერ ძლიერად დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი გულმკერდის არეში, ხოლო შემდეგ ანთებული სიგარეტი დაადო მარცხენა ხელის მაჯაზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ა. ა–მ 2019 წლის 28 მაისს, საღამოს საათებში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს. ბ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ა. ა–ი 1994 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ს. ბ–სთან, რომელსაც 2019 წლის თებერვლიდან დაკავებამდე, თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მ–ის რაიონის სოფელ ........ში, .............ის №...-ში მდებარე სახლის ეზოში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ა. ა–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს. ბ–ს, კერძოდ, თავში ჩაარტყა მუშტი და ყელზე ორივე ხელი მოუჭირა ძლიერად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3. ა. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ა. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 28 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ა. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ა. ა–სათვის შერაცხული მუქარის დასადასტურებლად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა ა. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან: დაზარალებულმა ს. ბ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინებასა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმში არაფერია ნათქვამი ა. ა–ს მიერ ს. ბ–ს მიმართ მუქარაზე; მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - თ. ჩ–ს ჩვენება, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არის ირიბი, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და დაზარალებულის სხეულის დათვალიერების ოქმით დასტურდება სონა ბაირამოვაზე ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც ა. ა–ი კანონიერად არის მსჯავრდებული. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არ არის გამოკვეთილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ა. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების რაიმე საფუძველი.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი