საქმე # 020100120003722014
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№351აპ-21 ქ. თბილისი
ნ–ი ბ., 351აპ-21 30 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით პაპავამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ბ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში; პროკურორის მითითებით, გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებების გამოკვლევით დადგენილი ფაქტები; მსჯავრდებულისა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც გაიზიარა სასამართლომ, წინააღმდეგობრივი, არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია; სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულმა ორი გასროლით სიცოცხლე მოუსპო ბ. ი–ს, თუმცა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, რაც ცხადყოფს, რომ მსჯავრდებული ცრუობს; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ბ. ი–ს ტანსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება, რაც ამყარებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას, რომ სროლა მოხდა არა ახლო მანძილიდან; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ავტომანქანაში, საიდანაც, ბ. ნ–ს მტკიცებით, ორჯერ ესროლა ბ. ი–ს, დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა; საყურადღებოა, რომ რაიმე იარაღი, რომელიც შესაძლოა, ჰქონოდა ბ. ი–ს, შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩენილა; სასამართლოს მტკიცება, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ხალხი და ნებისმიერს შეეძლო აეღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან; ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ნ–ს მიერ ბ. ი–ს მკვლელობის ფაქტი.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბესიკ ნავერიანს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. ბ. ნ–ი 2020 წლის 20 აპრილს მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ....ში (...ში) მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ,,MAKAROV- ..........“ სისტემის, №......... პისტოლეტსა და საბრძოლო ვაზნებს.
2.2. 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში (...ში) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის №.. სამმართველოს (მ–ა) №.. სასაზღვრო სექტორის (......ი) პირველი ჯგუფის სპეციალისტმა (უფროსმა მესაზღვრემ) - ბ. ნ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პისტოლეტიდან გასროლით მოკლა ამავე სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (ჯგუფის უფროსი) - ბ. ი–ი.
3. ბესიკ ნავერიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ბ. ნ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 22 აპრილიდან.
4.1. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ნ–ი 2020 წლის 20 აპრილს მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ....ში (...ში) მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ,,MAKAROV- ..........“ სისტემის, №....... პისტოლეტსა და საბრძოლო ვაზნებს.
4.2.2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში (....ში) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის №.. სამმართველოს (მ....) №.. სასაზღვრო სექტორის (......) პირველი ჯგუფის სპეციალისტ (უფროსი მესაზღვრე) ბ. ნ–ს და ამავე სამსახურის წამყვან სპეციალისტ (ჯგუფის უფროსი) ბ. ი–ს შორის, რომელიც იყო ნასვამი, ბ. ი–ს ინიციატივით, დაიწყო ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, თუმცა იქვე მყოფმა გ. გ–მა და ბ. ზ–მა მოახერხეს მათი გაშველება. ამის შემდეგ ბ. ნ–მ გადაწყვიტა სახლში წასვლა და ჩაჯდა თავის ავტომანქანაში, რა დროსაც, ბ. ი–ი, რომელიც ბ. ნ–ს მიმართ განწყობილი იყო აგრესიულად, დაუსხლტა ხელიდან ბ. ზ–ს, გადალახა გ. გ–ს დაბრკოლება და პისტოლეტით ხელში მიირბინა ავტომობილთან, რომელშიც იჯდა ბ. ნ–ი და უშვერდა პისტოლეტს. ამის შემდეგ გამოაღო კარი და შეყო სალონში პისტოლეტიანი ხელი, თუმცა ბ. ნ–მ მას ხელი დაუჭირა. ბ. ი–მ გასწია ხელი უკან, რის გამოც კარი გაიღო. ბ. ნ–მ ხელი გაუშვა და ბ. ი–ი წაბორძიკდა. ამ მომენტში ბ. ნ–მ, რომელიც ცალი ფეხით გადმოსული იყო ავტომანქანიდან, თავდაცვის მიზნით, პისტოლეტიდან ორჯერ ესროლა ბ. ი–ს და დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო ბ. ი–ი გარდაიცვალა სისხლდენის შედეგად განვითარებული შინაგანი ორგანოების ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობით.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით პაპავამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ბ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ბ. ნ–ს ქმედებაში გამოკვეთილი იყო განზრახ მკვლელობის შემადგენლობა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ბ. ი–ს გარდაცვალების ფაქტის თვითმხილველთაგან - უკლებლივ ყველას, მათ შორის, მოწმეების - გ. გ–ს, ბ. ზ–სა და მსჯავრდებულ ბ. ნ–ს მონათხრობი, ქმედების კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით, რომ ბ. ნ–ს და ბ. ი–ს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, როდესაც მსჯავრდებული ჩაჯდა ავტომანქანაში და ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან გარიდებას, სწორედ ბ. ი–ი დაედევნა მას იარაღით ხელში და გ. გ–სა და ბ–ს ზ–ს ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, მიეჭრა ავტომანქანასთან და მიუშვირა იარაღი, არის თანხვდენილი, მიუთითებს ბ. ნ–ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნაზე და გამორიცხავს მის ქმედებაში ბ. ი–ს მოკვლის განზრახვის არსებობას; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საკასაციო საჩივარში მითითებული ეჭვები და ვარაუდები, რომ გარდაცვლილი ბ. ი–ი არ ყოფილა შეიარაღებული და მსჯავრდებულმა შორი მანძილიდან ესროლა მას შურისძიების მოტივით, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ პირდაპირ მტკიცებულებებს: მოწმეების - გ. გ–ს, ბ. ზ–სა და მსჯავრდებულ ბ. ნ–ს ჩვენებებს, ხოლო, მეორე მხრივ, არ დასტურდება ბრალდების მხარის არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, რისი მხედველობაში მიღებითაც in dubio pro reo - პრინციპით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი