Facebook Twitter

საქმე # 140100120003784920

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №486აპ-21 ქ. თბილისი

გ–ი გ., 486აპ-21 13 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენზე გორის რაიონული პროკურორის მოადგილის - მორის ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურორის მოადგილემ მორის ჩუბინიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. გ–ის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგი საფუძვლებით:

განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. გ–ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში; სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები; მართალია, დაზარალებულმა ლ. შ–მ არ მისცა ახლო ნათესავის, თავისი მეუღლის - გ. გ–ს წინააღმდეგ ჩვენება, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამასთან, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაც, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის შესახებ დაზარალებულის შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რის საფუძველზეც გ. გ–ი ცნობილ უნდა ყოფილიყო დამნაშავედ მის მიმართ ბრალად წარდენილ ქმედებებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ–ს ბრალად ედება: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ.

გ. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 11 მაისიდან 2020 წლის 2 ივნისის პერიოდში, გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისათვის ნასამართლევი გ. გ–ი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე კ–ს რაიონის სოფელ ......ში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. შ–ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ლ. შ–მ განიცადა ტანჯვა.

- 2020 წლის მაისის შუა რიცხვებში, დაახლოებით 19:00 საათზე, 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისათვის ნასამართლევმა, ნასვამმა გ. გ–მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე კ–ს რაიონის სოფელ ....ში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. შ–ს უმიზეზოდ დაარტყა მუშტი ზურგში, რის შედეგადაც ლ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 30 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისათვის ნასამართლევმა, ნასვამმა გ. გ–მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე კ–ს რაიონის სოფელ ....ში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. შ–ს უმიზეზოდ დაარტყა მუშტი მხარში, რის შედეგადაც ლ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 23:20 საათზე, ნასვამი გ. გ–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე კ–ს რაიონის სოფელ .....ში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. შ–ს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით გ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა გ. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

გ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებული, რადგან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. გ–ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. განსახილველი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ლ. შ–მ (გ. გ–ს მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა თავისი მეუღლის - გ. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, დაზარალებულის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ლ. შ–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო დანაშაულის ჩადენის შესახებ დაზარალებულის შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, არცერთი მათგანი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და, შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. გ–ს მიერ იკრიმინირებული ქმედებების ჩადენას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურორის მოადგილის - მორის ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი