Facebook Twitter

ას-545-820-04 1 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: სამეზობლო დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. და მ. გ-ებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეების ნ. მ-ისა და შპს „ვ-ის“ წინააღმდეგ. სარჩელში აღნიშნეს, რომ 1973 წელს მიიღეს თბილისში, ..... მდებარე ოროთახიანი ბინა მის ქვეშ არსებული საერთო სარგებლობის 35 კვ.მ სარდაფთან ერთად. 2000წ. 25 მაისს მეზობლებთან შეუთანხმებლად ნ. მ-მა მოახერხა საერთო სარგებლობის ფართის პრივატიზება, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით პრივატიზება გაუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. მ-მა სარდაფს არ ახსნა თავისი საკეტი და ჩვეულებრივ ერთპიროვნულად სარგებლობს ამ სარდაფით.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის სადავო სარდაფის ერთპიროვნული ფლობის აკრძალვა, მისი გამოთავისუფლება და მორალურ-მატერიალური ზიანის სახით მოპასუხისათვის 1500 ლარის დაკისრება.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სარდაფით სარგებლობს სახლის ექსპლუატაციაში მიღების დღიდან, სადაც თავდაპირველად საბავშვო ოთახი იყო, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცა ანტისანიტარიის კერად. მამამისმა თხოვნით მიმართა მაშინდელი სასაზღვრო ჯარების სახლმმართველობას, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა სახლი, რომ სათანადო მოვლისა და დასუფთავების პირობით მისთვის გადაეცათ სადავო ფართი, რაზეც მიიღო ნებართვა. ნებართვის მიღების შემდეგ, მამამისმა მეზობლებს _ ზ. და გ. ო-ებს, მესამე პირი ნ. ა-ის მშობლებს შესთავაზა სარდაფის მომიჯნავე მხარე, მაგრამ სახლმმართველობას თვითონ დასჭირდა ო-ებზე გადაცემული ფართი, რის გამოც მათ სარდაფი გამოათავისუფლეს, ხოლო კუთვნილი ნივთები მის მიერ დაკავებულ ფართში შეიტანეს. ამ ფართის ისევ გათავისუფლების შემდეგ კი ნივთები უკან არ იქნა გატანილი, მიუხედავად იმისა, რომ ფართი დღესაც თავისუფალია. სადავო ფართზე დავა წარმოიშვა ნ. ა-ის დაქორწინების დროიდან. მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ მოინდომა სადავო სარდაფის დასაკუთრება მისი გაყიდვის მიზნით. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებს სადავო ფართით არასოდეს უსარგებლიათ. მათ აქვთ სარდაფი მეორე სადარბაზოს ნულოვან სართულზე, რომელიც უცხო პირების მიერ არაერთხელ იქნა გატეხილი, ამიტომ მათ გადაწყვიტეს უკეთ მოვლილი და დაცული სარდაფის დაუფლება. მოპასუხის განმარტებით, სადავო სარდაფით ის სარგებლობს ბოლო 40 წლის განმავლობაში, იქ განთავსებული აქვს კუთვნილი ნივთები და მასზე ადრე პრეტენზია არავის გამოუთქვამს. მას არ გააჩნია სხვა დამხმარე სათავსი, რის გამოც სარდაფის გამოთავისუფლების წინააღმდეგია.

მესამე პირმა ნ. ა-მა მხარი დაუჭირა სარჩელს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. მ-ს დაევალა სადავო სარდაფის გამოთავისუფლება, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.

მოპასუხემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო პალატის 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გ. და მ. გ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეების მითითება იმის შესახებ, რომ ბინა მიიღეს სარდაფთან ერთად, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს. სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვეტერან მესაზღვრეთა კავშირის გამგეობის წერილი და ვეტერანთა ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა არ მიიჩნია სარდაფზე უფლების დამდგენ საბუთად, რადგან აღნიშნულ წერილებს საფუძვლად ედო პირადი მოსაზრება და არა საარქივო მასალები.

სააპელაციო პალატამ უზენაესი სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სარდაფს 1964 წლიდან ერთობლივად ფლობდნენ მოპასუხე მ-ი და მესამე პირები _ ს-ე ა-თან ერთად. სადავო სარდაფი სახლის რომელიმე მაცხოვრებელზე, მათ შორის მოპასუხეზე, აღრიცხული არ არის და ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსი საერთო საკუთრებით სარგებლობასთან დაკავშირებით ბინის მესაკუთრეს არ ანიჭებს განუსაზღვრელ უფლებებს, როგორიცაა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი მესაკუთრის სარგებლობაში არსებული სარდაფის გასაღებების მოპოვება, ფართში შეღწევა, პირადი ნივთების სხვის სარგებლობაში არსებულ სარდაფში განთავსება და სხვა. ბინის მესაკუთრეს შეუძლია, ისარგებლოს საკუთრებით მხოლოდ მისი წილის შესაბამისად, გ-ების ოჯახის წილი კი სკ-ის 212-ე მუხლის შესაბამისად, საერთო საკუთრებაში განსაზღვრული არ არის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 208(3)-ე, 212-ე და 220-ე მუხლები.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 248-ე, 289-ე და 291-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლო სხდომის ოქმში არ არის შეტანილი მათი შუამდგომლობები, ასევე მათი წარმომადგენლისა და ა-ის ჩვენება იმის შესახებ, რომ ისინი ერთობლივად ფლობდნენ სადავო სარდაფს. ოქმში არ არის მესამე პირის _ ა-ის შუამდგომლობა სათანადო მოსარჩელედ მისი ჩართვის შესახებ. სხდომის ოქმი არასრული და ბუნდოვანია, რის გამოც შენიშვნების გაკეთება შეუძლებელი იყო.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლები გამოიყენა ცალმხრივად, მხოლოდ მოსარჩელეების მიმართ და მოპასუხეს არ მოსთხოვა დაემტკიცებინა, რომ სადავო ფართი მთლიანად მას ეკუთვნის და არა მეზობლებს, აგრეთვე, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ცნობები.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 208-ე, 212-ე და 220-ე მუხლები არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 173-ე მუხლები.

კასატორი თვლის, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, მას (მოსარჩელეს) არ მოუთხოვია სარდაფის გამოთავისუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის შენობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა.

ამავე კოდექსის 212-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან.

ბინის მესაკუთრეს, რომელიც ამავე დროს საერთო საკუთრების მონაწილეცაა, შეუძლია, ისარგებლოს საკუთრებით მისი წილის შესაბამისად (სკ-ის 220-ე მუხ.).

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო სარდაფს ერთობლივად ფლობდნენ მ-ი, მესამე პირთან _ ა-თან ერთად 1964 წლიდან. ამ ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორს არ წამოუყენებია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, იგი ვერ მიუთითებს ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც არ განიხილა სასამართლომ და რომელიც გამორიცხავდა დადგენილ გარემოებას.

აღნიშნულის გამო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, ხოლო ამავე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილ მტკიცებულებებს საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, განიხილოს ისინი.

კასატორების მითითება იმის შესახებ, რომ ისინი ფლობდნენ და სარგებლობდნენ სადავო სარდაფით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ვერ იქნება ასევე გაზიარებული კასატორების პრეტენზიები სხდომის ოქმის მიმართ, რადგან სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, მათ არ წარუდგენიათ შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ.

კასატორის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, არასწორია, რადგან საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ე.ი. მოსარჩელეების მოთხოვნას ეთქვა უარი და არა იმას, რაც არ მოუთხოვიათ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ საერთო საკუთრებით სარგებლობასთან დაკავშირებით ბინის მესაკუთრეს არ ანიჭებს განუსაზღრელ უფლებებს, როგორიცაა მრავალბინიან სახლში ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი მესაკუთრის სარგებლობაში არსებული სარდაფის გასაღებების მოპოვება, ფართში შეღწევა, პირადი ნივთების სხვის სარგებლობაში არსებულ სარდაფში განთავსება, ბინის მესაკუთრეს შეუძლია, ისარგებლოს საერთო საკუთრებით მხოლოდ მისი წილის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორების მიერ მითითებული კანონის დარღვევები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. და მ. გ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.