ას-546-1210-03 13 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1993წ. 23 იანვარს ვ. ი-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების – ზ. და მ. კ-ების მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1987წ. 10 აგვისტოს მოპასუხეებმა მიაყენეს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. მოსარჩელემ მოითხოვა 45000 მანეთის ანაზღაურება. მოცემული დავა არაერთხელ განიხილეს სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოებმა, ხოლო 1994წ. 4 აგვისტოს მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა.
1999წ. 16 დეკემბერს მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა ახალი სარჩელით, რომლითაც მოითხოვა 5000000 ლარის ანაზღაურება. ვინაიდან დავის საგანი 5 მილიონ ლარს შეადგენდა, საქმე ქვემდებარეობით გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
საქმის განხილვის პერიოდში, ზ. კ-ის საპროცესო წარმომადგენლის – ნ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ, 2000წ. 17 ოქტომბრის განჩინებით ზ. კ-ის საპროცესო წარმომადგენლად დაინიშნა მისი შვილი მ. კ-ი.
საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნის ოდენობა და მოითხოვა ექსპერტის დასკვნაში მითითებული თანხის – 348,51 ლარის, ძირითადი მოთხოვნის – 12508,00 ლარის, სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნის ხარჯების 350,00 ლარისა და მომავალში მკურნალობისათვის ყოველთვიურად 50 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დავა მოწესრიგდეს ახალი სამოქალაქო კოდექსით.
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1987წ. 10 აგვისტოს, მეზობლური დავისა და ურთიერთშელაპარაკების დროს, ზ. და მ. კ-ებმა მეზობლად მცხოვრებ ვ. ი-ეს წერაქვის, დანისა და ხორბლით სავსე სამლიტრიანი მინის ქილის გამოყენებით მიაყენეს სხეულის დაზიანება. მიყენებული ზიანის გამო მოსარჩელის ჯანმრთელობა გაუარესდა და 1995 წლიდან არის მუდმივად მეორე ჯგუფის ინვალიდი.
ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლოს 1988წ. 30 მაისის განჩინებით ზ. კ-ის, როგორც სულით ავადმყოფს, დაენიშნა იძულებითი ხასიათის ღონისძიება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებით. მ. კ-ი ცნობილ იქნა შეურაცხადად. ასევე დადგენილ იქნა, რომ ზ. კ-ი დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო შერაცხადი და მას შეეძლო კონტროლი გაეწია თავისი მოქმედებისათვის.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 408-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მოპასუხეები ვალდებულნი არიან დაზარალებულს გადაუხადონ მკურნალობის ხარჯები, როგორც წარსული პერიოდისათვის, ისე წინასწარი ხარჯი წამლების შესაძენად ყოველთვიურად სიცოცხლის ბოლომდე.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ “........ სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის” პოლიკნინიკაში ვ. ი-ე აღრიცხვაზე იმყოფება 1998 წლიდან და იტარებს მკურნალობის კურსს ამავე წლიდან კარდიოლოგთან, ნევროპათოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ოკულისტსა და თერაპევტთან. ასევე 1998 წელს სტაციონალურად მკურნალობდა აღნიშნული ცენტრის გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში დიაგნოზით-ქრონიკული ქოლეცისტიტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ წარსულში ჩატარებული მკურნალობისათვის, ამჟამად არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით 1998 წლიდან 53 თვის ჩათვლით, ი-ის ხარჯებმა შეადგინა 12508 ლარი. სტაციონარში მკურნალობდა 10 დღე, რამაც შეადგინა 350 ლარი. სულ, ადრინდელმა ხარჯებმა შეადგინა 12508+250=12858 ლარი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დანიშნული მისაღები წამლების საბაზრო ღირებულება შეადგენს 131 ლარსა და 67 თეთრს, მაგრამ, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა წინასწარ 50 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდას, მოპასუხეებმა უნდა გადაიხადონ 50 აშშ დოლარს შესაბამისი ლარი, რადგან იგი მცირეა 131 ლარზე.
აღნიშნული საფუძვლებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. და ზ. კ-ებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 12 858 ლარის, მკურნალობის ხარჯის – ყოველთვიურად 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის – 321,15 ლარის გადახდა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული ნორმის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, რაც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსეობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობს.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ არის დადგენილი მოპასუხეთა მოქმედებასა და მოსარჩელის ამჟამინდელ დაავადებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებენ მ. კ-ის ბრალს. ასევე სათანადოდ არ არის გამოკვლეული ზ. კ-ის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ. კ-ი დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო შერაცხადი და მას შეეძლო კონტროლი გაეწია თავისი მოქმედებისათვის. აღნიშნული საკითხის გარკვევისას, სასამართლომ შეფასება არ მისცა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 1999წ. 18 ნოემბრის დადგენილებას, სადაც აღნიშნულია, რომ 1990წ. 7 მარტის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით საბოლოოდ დადგინდა, რომ ზ. კ-ი ფსიქიკურად დაავადებული იყო დანაშაულის ჩადენამდე და მას დანაშაულის ჩადენისას არ შეეძლო ეხელმძღვანელა თავისი მოქმედებისათვის.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1987 წელს ვ. ი-ეს მოსარჩელეებმა მიაყენეს სხეულის დაზიანება. ასევე დადგენილად ცნო, რომ 1998 წლიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე კარდიოლოგ-ნევროპათოლოგთან, ენდროკრინოლოგთან, ოკულისტთან, მკურნალობდა სტაციონარში დიაგნოზით-ქრონიკული ქოლეცისტიტი. ამასთან, სასამართლოს არ გამოუკვლევია სტაციონარში ქოლეცისტიტის გამო მკურნალობა, ასევე – 1998 წლიდან მკურნალობა, ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გამო, რა მიზეზობრივ კავშირშია 1987 წელს მიყენებულ ზიანთან.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვ. ი-ეს 1998 წლიდან მიღებული აქვს 12508 ლარის ღირებულების წამლები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება.
სასამართლომ მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ყოველთვიურად. გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა სოლიდარული ვალდებულება, ასევე უცხოური ვალუტის შესაბამისი კურსით ფულადი ვალდებულების დაკისრება მოპასუხეებზე გადასახდელად.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლო ობიექტურად და სრულად უნდა განიხილოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგენილ გარემოებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.