საქმე # 080100119003010542
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №339აპ-21 ქ. თბილისი
ფ–ე გ., 339აპ-21 6 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. რ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციის - განზრახ მკვლელობის ნაწილში, კერძოდ, გ. ფ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, შემდეგი მოტივებით:
განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულ გ. ფ–ს ქმედება განზრახ მკვლელობის ნაწილში, ვინაიდან მას არ სურდა და არ ჰქონია თავისი ძმის მოკვლის განზრახვა. დ. ფ–ს გარდაცვალება გაუფრთხილებლობის შედეგია. მსჯავრდებულს სურდა თავისი ძმის ავტომობილის დაზიანება, რომ იგი სოფლიდან ვერ წასულიყო, რის გამოც აიღო იარაღი, ერთი ტყვია ჰაერში ისროლა, მეორე კი ავტომობილის საბურავს ესროლა, შემდეგ იარაღში ჩადო მესამე ტყვია, რომ მეორე საბურავისთვის ესროლა და ისიც დაეზიანებინა, ვინაიდან იცოდა, რომ თუ ავტომობილს მხოლოდ ერთ საბურავს დაუზიანებდა, მის ძმას ერთი სათადარიგო საბურავი ჰქონდა, შეცვლიდა გაფუჭებულ საბურავს და მაინც წავიდოდა სოფლიდან. პირველი ორი გასროლის ხმაზე გ. ფ–სთან მივიდა დ. ფ–ე და სცადა მისთვის ხელის შეშლა, იარაღის წართმევა, რის შედეგადაც სწორედ ამ დროს, გ. ფ–საგან დამოუკიდებლად, მკვლელობის განზრახვის გარეშე, იარაღი გავარდა და ტყვია მოხვდა მის ძმას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მოწმეების - კ. ბ–სა და ს. ბ–ს ჩვენებები, ვინაიდან მათ სასამართლოს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, ხოლო მოწმე გ. ბ–სა და გ. ფ–ს ჩვენებების მიხედვით, განზრახ მკვლელობის შემადგენლობა არ იკვეთება.
2. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი რევაზ თოფურია საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. რ–სის საკასაციო საჩივარი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით გ. ფ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით.
საქათველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და საბოლოოდ გ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლით.
გაუქმდა გ. ფ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გ. ფ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 1 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ფ–მ ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და შენახვა; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემობაში.
გ. ფ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათამდე დროის მონაკვეთში, გ. ფ–ე ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში, მართლსაწინააღდეგოდ ატარებდა ერთლულიან, 16 მმ კალიბრიან, ლულაგადაჭრილ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.
- გ. ფ–ემ ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში, თავის საცხოვრებელ სახლში, თავისავე საძინებელ ოთახში, მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ერთლულიანი, გადაჭრილი 16 კალიბრიანი სანადირო თოფი, რომელიც ამოიღეს 2019 წლის 1 თებერვალს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.
- 2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში გ. ფ–მ, ფიზიკური დაპირისპირების დროს, სახის არეში, კერძოდ, ქვედა ტუჩის მარცხენა მხარეს, მუშტი დაარტყა მეზობელ კ. ბ–ს, რომელსაც მიაყენა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა.
- 2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ. ფ–ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შეკამათება მოუვიდა ძმასთან - დ. ფ–სთან, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა გ. ფ–ემ, შურისძიების მოტივით, განიზრახა ძმის - დ. ფ–ს მკვლელობა. ამ მიზნით მან სახლიდან გამოიტანა გადაჭრილი სანადირო თოფი, საიდანაც გაისროლა თავისი ძმის მიმართულებით და თავის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ფ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და განზრახ მკვლელობის ნაწილში მისი ქმედების გაუფრთხილებლობით დაკვალიფიცირება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა მკვლელობის ბრალდების ნაწილში ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ გ. ფ–მ ჩაიდინა განზრას მკვლელობა, რაც დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის - მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო შემსწრე თვითმხილველი, პირდაპირი მოწმეების - კ. ბ–სა და ს. ბ–ს ჩვენებებით (რომელთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია), შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ა. ფ–ს, გ. ბ–ს, გ. შ–ს, ე. კ–ს, ზ. ც–ს, მ. ნ–სა და სხვათა ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმით, გ. ფ–სა და კ. ბ–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიურ-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, გვამის დათვალიერების ოქმით, საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის წერილებით, ნიმუშის აღების ოქმებით, ამოღების ოქმებით, სამედიცინო შემოწმების დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. რ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი