გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1349-924(კ-05) 19 აპრილი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 24 აგვისტოს მცხეთის რაიონის გამგეობამ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გ. გ-ის მიმართ და 2002წ. 4 ივლისის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.
მოსარჩელის თქმით, 1997წ. 27 თებერვალს, მცხეთის რაიონის გამგეობის 1997წ. 24 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, მას და გ. გ-ს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით დაიდო.
მოსარჩელის განმარტებით, მცხეთის რაიონის გამგეობის 2002წ. 30 მაისის ¹87 დადგენილებით ზემოხსენებულ 1997წ. 24 თებერვლის დადგენილებაში ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ მცხეთის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის ხელშეკრულება 49 წლის ვადით დაიდებოდა. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულით სკ-ის 606-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო სკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები დაირღვა.
მცხეთის რაიონის გამგეობა იმ გარემოებასაც აღნიშნავდა, რომ გ. გ-ე იჯარით გაცემულ მიწას არამიზნობრივად იყენებდა, იგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას არ აწარმოებდა. სახელმწიფო ქონების _ მიწის მდგომარეობა მოიჯარის მოქმედების შედეგად დღითი დღე უარესდებოდა, რის გამოც თბილისის ვაკე-საბურთალოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოების მიერ მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელები იყო გამოყენებული.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გ. გ-ის მიერ იჯარით აღებულ მიწაზე გარემოსა და ბუნების დაცვის კანონმდებლობის დარღვევებმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2002წ. 6 სექტემბრის ¹03-23/1472 წერილში ჰპოვა ასახვა. აღნიშნული კი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების» ტიპური ფორმის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იჯარის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.
მოსარჩელის თქმით, მცხეთის რაიონის საფინანსო განყოფილების 2004წ. 19 აგვისტოს ¹69 ცნობით დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ გ. გ-ს 2000 წლიდან მიწის იჯარის ქირა გადახდილი არ ჰქონდა. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების» ტიპური ფორმის მე-4 თავის მე-7 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად კი საიჯარო ქირის სამი თვის გადაუხდელობის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულება გაუქმებულად ითვლებოდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას საიჯარო ხელშეკრულება არ დაურღვევია და იგი საიჯარო ქირას ყოველწლიურად საგადასახადო ინსპექციაში იხდიდა, რისი მტკიცებულებები მას გააჩნდა. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ საიჯარო ქირის მეიჯარის საბანკო ანგარიშზე გადაუხდელობა მის მიზეზით არ იყო გამოწვეული, სადავო ხელშეკრულება საიჯარო გადასახადის გადახდისათვის საბანკო ანგარიშის ნომერსა და სხვა მონაცემებს არ მიუთითებდა და სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ მოიჯარე საიჯარო ქირასა და მიწის გადასახადს საგადასახადო ორგანოში ერთად იხდიდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით მცხეთის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელესა და გ. გ-ს შორის 2002წ. 4 ივლისს დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-ს სახელმწიფო მიწის იჯარის წესით სარგებლობისათვის მიწის გადასახადი და საიჯარო ქირა ცალ-ცალკე უნდა გადაეხადა. საიჯარო ქირის _ ყოველწლიურად 226 ლარის გადახდის ვალდებულება სადავო საიჯარო ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დგინდებოდა.
ხსენებული გადაწყვეტილება გ. გ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:
მასა და მცხეთის რაიონის გამგეობას შორის 2002წ. 4 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთობის დარეგულირება საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად ხდებოდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობისათვის მოიჯარეები იხდიან საიჯარო ქირას, რომელიც მიწის გადასახადის თანხასაც მოიცავს. გამგეობამ კი ხელშეკრულებაში არ მიუთითა, რომელ ანგარიშზე უნდა მომხდარიყო თანხის გადახდა.
აპელანტის განმარტებით, მცხეთის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს 2005წ. 19 აპრილის ¹88-10/1 წერილით მთლიანად საიჯარო ფართობის მიწის გადასახადის განაკვეთი 160 ლარს შეადგენდა, რასაც საიჯარო ქირა _ 23 ლარი ემატებოდა. აღნიშნულის შეტყობის შემდეგ, აპელანტმა თანხა დამატებით გადაიხადა. ამასთან, გამგეობა, როგორც მეიჯარე, ვალდებული იყო ყოველგვარი ცვლილებების შესახებ მოიჯარის _ გ. გ-სათვის ეცნობებინა, რაც მას არ გაუკეთებია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივნისის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 მარტის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:
მცხეთის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის დადებული ხელშეკრულება კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით იქნა დადებული. ამასთან, მოიჯარე არ იხდიდა საიჯარო ქირას და მიწას დანიშნულებისამებრ არ იყენებდა.
საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივნისის განჩინება გ. გ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:
სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საიჯარო ხელშეკრულება კანონდარღვევით იყო დადებული, ვინაიდან 1997წ. 24 თებერვლის ¹19 დადგენილებით მას 36,21 ჰა მიწის ნაკვეთი 10 წლის ვადით ჰქონდა სარგებლობაში მიღებული, 2002წ. 20 აპრილს კი საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე მცხეთის გამგეობას განცხადებით მიმართა და, სკ-ის 588-ე მუხლის შესაბამისად, საიჯარო ქირის გადახდისუნარიანი 5 ფიზიკური პირი შესთავაზა. სწორედ მათ სარგებლობაში გადანაწილდა ხსენებული 36,21 ჰა მიწა, თავად კასატორს კი მხოლოდ 7,095 ჰა მიწის ფართობი დარჩა.
გ. გ-ის განმარტებით, აღნიშნული მოწმობდა, რომ მან 1997წ. საიჯარო ხელშეკრულების დამთავრებამდე მეიჯარეს დაუბრუნა ქონების ნაწილი და მას სანაცვლოდ სხვა პირები შესთავაზა, რაზეც მცხეთის რაიონის გამგეობამ თანხმობა განაცხადა, რის შედეგადაც, 2002წ. 4 ივლისს, მასა და გამგეობას შორის ახალი საიჯარო ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმადაც კასატორის მფლობელობაში 7.095 ჰა იქნა დაფიქსირებული. მისი თქმით, ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უმართებულოა სასამართლოს მსჯელობა საიჯარო ხელშეკრულების დადებისას კანონმდებლობის დარღვევის შესახებ, რადგან 2002წ. ხელშეკრულებით გამგეობამ კასატორს იმავე მიწის ნაწილი გადასცა, რაც მას 1997 წელს უკვე მიღებული ჰქონდა და რომელსაც კონკურსის ჩატარება არ სჭირდებოდა.
კასატორი ამასთან დაამატებს, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი პრობლემა რომც არსებულიყო, სასამართლო წესით დავის საგანი არა საიჯარო ხელშეკრულება, არამედ მისი საფუძველი _ მცხეთის რაიონის გამგეობის 2002წ. 30 მაისის დადგენილება უნდა გამხდარიყო, რომლითაც ცვლილება შევიდა მისივე 1997წ. 24 თებერვლის ¹12 დადგენილებაში და რომელიც არავის გაუსაჩივრებია.
გ. გ-ის თქმით, მის მიერ იჯარით აღებული მიწის არადანიშნულებით გამოყენება არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა და რაიონულმა და საოლქო სასამართლოებმა აღნიშნული დადასტურებულად ისე მიიჩნიეს, რომ საქმის მასალები არ გამოუკვლევიათ, ხოლო ის გარემოება, რომ მას ტბორების მოწყობის პროექტზე სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ გააჩნდა, არსებით დარღვევას არ წარმოადგენდა, ამასთან, მან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მიმართა შესაბამის უწყებას და გადაიხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმაც, ანუ მოცემული დარღვევა დაუყოვნებლივ გამოასწორა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზეც, რომ მას საიჯარო ქირა გადახდილი არ ჰქონდა და აღნიშნავს, რომ სასამართლომ აღნიშნულის დასტურად მხოლოდ მცხეთის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების მიერ გაცემული ცნობა მიიჩნია და არ გაითვალისწინა თავად გ. გ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი გადახდის ქვითრები, რომლებიც ადასტურებდა, რომ კასატორი პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ცალ-ცალკე იხდიდა როგორც მიწის გადასახადს, ისე საიჯარო ქირასაც. კასატორმა აღნიშნული მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა.
კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ქვითრები მხოლოდ მიწის გადასახადის გადახდას ადასტურებს, მაგრამ მასში ოდენობის გათვალისწინებით საიჯარო ქირაც შედიოდა, რადგან იჯარით გაცემულ მიწის ფართზე მოიჯარეს ასეთი დიდი ოდენობის მიწის გადასახადი, რასაც იგი რეალურად იხდიდა, არ ეკუთვნოდა, მისი მიწის გადასახადის ოდენობა მხოლოდ 206 ლარს შეადგენდა.
გ. გ-ე დამატებით განმარტავს, რომ მცხეთის რაიონის გამგეობის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იხდიდა იგი საიჯაო ქირას მის ანგარიშზე, გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, რადგან აღნიშნულის თაობაზე საიჯარო ხელშეკრულება არაფერს მიუთითებს, მასში გამგეობის საბანკო რეკვიზიტები მოცემული არ არის. კასატორი არც შემდგომში ყოფილა ამ მოთხოვნის შესახებ ინფორმირებული, ხოლო ის ფაქტი, რომ იგი საიჯარო ქირასა და მიწის გადასახადს ერთად იხდიდა უდავოდ დასტურდებოდა გადახდის ქვითრებით.
კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად, ქირა უნდა გადახდილიყო ყოველიწ. 1 ივნისამდე 50%, ხოლო დანარჩენი _ 1 ნოემბრამდე, მაგრამ გ. გ-ე საიჯარო ქირას 1997 წლიდან მოყოლებულიწ. განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იხდიდა მთლიანი თანხის ოდენობით, რაზეც მეიჯარეს პრეტენზია არასოდეს განუცხადებია.
გ. გ-ის განმარტებით, სასამართლოს რომც მიეჩნია, რომ ვალდებულება ჯეროვნად არ სრულდებოდა და მოიჯარე საიჯარო ქირას _ წელიწადში 20 ლარს არ იხდიდა, აღნიშნული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას არ იძლეოდა, ვინაიდან სკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება ნაწილობრივ დარღვეულად უნდა ჩათვლილყო და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებოდა მასზე უარის თქმა, თუ კრედიტორისათვის დარჩენილის შესრულება ინტერესს დაკარგავდა. სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რომ აღნიშნული გარემოება არ გამოუკვლევია.
კასატორმა, საბოლოოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, რაც მისი გაუქმების კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, კასატორს სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოდგენილი აქვს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
უზენაესი სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი და იჯარის ქირა იდენტურ ცნებებს არ წარმოადგენს. საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადი არის ბიუჯეტებსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადასახადის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ხოლო იჯარის ქირა სასყიდლიან, ეკვივალენტურ, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას წარმოადგენს, რომელსაც მოიჯარე მეიჯარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროსა და ადგილას უხდის.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია მსჯელობა იმის შესახებ, რომ გ. გ-ს 2002წ. 4 ივლისის ხელშეკრულების შესაბამისად, სარგებლობაში მიღებული მიწისათვის ყოველწლიურად მიწის გადასახადი და საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მცხეთის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს საიჯარო კომისიის თავმჯდომარის წერილზე გ. გ-სადმი, რომლითაც დგინდება, რომ მის მიერ იჯარით აღებული მიწის გადასახადი წელიწადში 206 ლარს, ხოლო საიჯარო ქირა 20 ლარს შეადგენდა. კასატორს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი აქვს ასევე მიწის გადასახადის გადახდის ქვითრები. ხსენებული ქვითრები ყოველ წელს სხვადასხვა თანხის გადახდას ადასტურებს, ზოგ ქვითარში «გადასახადის დასახელებად» მიწის იჯარა, ხოლო ზოგან _ მიწის გადასახადია მითითებული, გადახდილი თანხა კი ერთი და იგივეა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს მიწის გადასახადისა და საიჯარო ქირის გადახდის ფაქტობრივი გარემოება.
უზენაესი სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ იჯარის ქირის ცალკე გადაუხდელობა იმ მიზეზით იყო გამოწვეული, რომ მეიჯარეს საბანკო რეკვიზიტები არც ხელშეკრულებაში და არც შემდგომ გ. გ-სათვის არ უცნობებია. მის მიერ იმპერატიულად არასოდეს დასმულა საკითხი იჯარის ქირის აუცილებლად გამგეობის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა სამოქალაქო კოდექით გათვალისწინებული ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების საფუძვლები, მაშინ, როცა ამ კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
უზენაესი სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ. გ-ს მცხეთის რაიონის გამგეობამ ჯერ კიდევ 1997 წელს 24 თებერვლის ¹19 დადგენილებით გადასცა იჯარით 36,21 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 10 წლის ვადით. 2002წ. 20 აპრილს კი, საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე, ცვლილება შეიტანა აღნიშნულ დადგენილებაში და 2002წ. 30 მაისს გ. გ-ს, ნაცვლად 36,21 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა, იჯარით 7,095 ჰა მიწის ნაკვეთი დაუტოვა, ამჯერად უკვე 49წ. ვადით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულება, დაუსაბუთებელია. მით უმეტეს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა მცხეთის რაიონის გამგეობის 2002 წლსი 30 მაისის დადგენილება (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომლის საფუძველზეც დაიდო სადავო საიჯარო ხელშეკრულება და რომლითაც ცვლილება შევიდა გამგეობის 1997წ. 24 თებერვლის ¹12 დადგენილებაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.