საქმე # 340100120003839861
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№327აპ-21 ქ. თბილისი
ლ–ი ზ., 327აპ-21 16 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში; კასატორი მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა - ლ. და ა. ლ–ებმა და მოწმეებმა - ნ. უ–მ და გ. ლ–მ არ მისცეს ოჯახის წევრის საწინააღმდეგო ჩვენებები, საქმეში გამოკვეთილია მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - თ. ს–ს ჩვენება, რომლის მიხედვით, გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას, ზემოაღნიშნული დაზარალებულები და მოწმეები ამხელდნენ ზ. ლ–ს დანაშაულის ჩადენაში; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ზ. ლ–ი ნასამართლევია ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის, სადაც დაზარალებული იყო სწორედ ლ. ლ–სი.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ლ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის სექტემბრიდან ყ–ს რაიონის სოფელ ......ში მთვრალი ზ. ლ–ი არასრულწლოვანი შვილიშვილის - ა. ლ–ს თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ლ. ლ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
2020 წლის 9 ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში ზ. ლ–მ თმა მოქაჩა მეუღლეს - ლ. ლ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ზ. ლ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ზ. ლ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელიც ითხოვდა ზ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებებში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი მტკიცებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ ზ. ლ–ს ბრალეულობას, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა ზ. ლ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა; საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან: მოწმე თ. ს–ს ჩვენება, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არის ირიბი; დაზარალებულებმა - ლ. და ა. ლ–ებმა და მოწმეებმა - ნ. უ–მ და გ. ლ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომლის მიხედვით, ზ. ლ–ს წარსული ნასამართლობა მისი ბრალეულობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად ვერ გამოდგება და ვერაფრით დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სისხლის სამართლის საქმეში არ არის გამოკვეთილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზ. ლ–ს ბრალეულობას.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი