Facebook Twitter

ას-551-833-04 2 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ 1997წ. 21 ნოემბერს მუშაობა დაიწყო ექიმ გინეკოლოგად. კონტრაქტის ვადა განისაზღვრა 1999წ. 1 აპრილამდე, ხოლო შემდეგ გაგრძელდა 2002წ. 1 აპრილამდე. 2002წ. 1 აპრილის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის განმარტებით, ის პირველი აპრილის შემდგომაც აგრძელებდა მუშაობას იმავე თანამდებობაზე და მიაჩნია, რომ კონტრაქტის ვადა გაგრძელებულად ითვლება განუსაზღვრელი ვადით. გათავისუფლების შესახებ ბრძანების არსებობის თაობაზე 2003წ. 22 იანვრამდე მისთის ცნობილი არ იყო. ადმინისტრაციას ორი თვით ადრე არ გაუფრთხილებია მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა წინანდელ სამუშაოზე აღდგენა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელისათვის 2002წ. 1 აპრილს ცნობილი იყო, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ. მოსარჩელეს არ გააჩნია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი აგრძელებდა მუშაობას კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგაც.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძლით, რომ კონტრაქტის ვადის გასვლა იწვევს მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლებას და ამასთან, მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო პალატის 2004წ. 16 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს შკკ-ის 204-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ნ. კ-ს გარდა ზეპირი განმარტებისა, არ მოეპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგაც იგი აგრძელებდა მუშაობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დაწესებული ვადის გასვლა იწვევს მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლებას და სავალდებულო არ არის მისი წინასწარი გაფრთხილება. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ნ. კ-ი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებული იყო დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით, შკკ-ის 206-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, აღდგენას მეან-გინეკოლოგიის თანამდებობაზე.

კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს პალატამ დაარღვია შკკ-ის 31-ე, 37-ე, 41-ე, 42-ე მუხლების მოთხოვნები, რის შედეგადაც გამოიტანა დაუსაბუთებელი განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ 2002წ. 1 აპრილის ¹12/01 ბრძანებით ნ. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. მოსარჩელეს გაშვებული აქვს შკკ-ის 204-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, იგი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილ გარემოებებს. აღნიშნულის გამო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ იგი აგრძელებდა მუშაობას და შკკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, ვადიანი კონტრაქტის მოქმედება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად ითვლება.

სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ 2002წ. 1 აპრილიდან 10 დეკემბრამდე მოპასუხესთან მუშაობდა.

უსაფუძვლოა ასევე კასატორის მოტივაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის მიერ დარღვეულია შკკ-ის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევენ დათხოვნის დღეს. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ნორმის დარღვევა სამუშაოზე აღდგენის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების საფუძველს არ წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.