ას-552-831-04 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: დავალიანების იძულების წესით გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 7 მარტს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „თ.-ის“ ლიკვიდატორმა გ. გ.-მ და მოითხოვა, მოპასუხე ა. კ.-ს დაკისრებოდა 246400 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ. მოსარჩელის განმარტებით, სს „თ.-სა“E და მოპასუხეს შორის 1998წ. 31 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹310598\8, რომლის საფუძველზეც ა. კ.-ს სესხად მიეცა 154000 აშშ დოლარი. მას კრედიტით სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა წლიური 24%, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში _ გაორმაგებული 48%. სესხის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 1999წ. 31 მაისი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ არსებული მდგომარეობით ა. კ.-ს ერიცხებოდა 154000 აშშ დოლარი ძირითადი სესხი და დარიცხული პროცენტი _ 92400 აშშ დოლარი, სულ 246400 აშშ დოლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ.-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოს მიერ და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით „თ.-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მოსარჩელე სს „თ.-ს“ მოპასუხისაგან მისი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999წ. 31 მაისს. მას ამის უფლება ჰქონდა სამი წლის განმავლობაში _ 2002წ. 31 მაისამდე, სარჩელი კი შეტანილ იქნა 2003 წელს. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და ამასთან, მოსარჩელე არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც შეაჩერებდნენ ან შეწყვეტდნენ ხანდაზმულობის ვადის დინებას.
საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.-ის“ ლიკვიდატორმა გ. გ.-მ და მოითხოვა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 140-ე და 141-ე მუხლები, რითაც იგნორირებულია მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, კასატორის განმარტებით მან ჯერ კიდევ 2000 წელს მიმართა სასამართლოს, რაც ასევე არ გაითვალისწინა კოლეგიამ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს ყოველმხრივ არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია საშუალებას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია მხარეთა შორის არსებული 1998წ. 31 მაისის ხელშეკრულება. მითითებულ გარიგებას ხელს აწერს შპს „მ.-ის” პარტნიორი ა. კ.-ე, ხოლო სს კბ „თ.-ის“ მიერ გაცემული კრედიტი, როგორც საქმეში წარდგენილი ხელშეკრულებიდან ირკვევა, გაიცა წარმოებაში კაპიტალდაბანდებისათვის და იგი წარმოადგენს მიზნობრივ კრედიტს. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ბანკსა და ფიზიკურ პირებთან, მათ შორის, ა. კ.-ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეჩერებაზე ხელს აწერს შპს „მ.-ის“ და სს „თ.-ი“.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს უნდა გაერკვია ის გარემოება, ხომ არ მოხდა სადავო ხელშეკრულებით შპს „მ.-ის“ პარტნიორებისათვის შპს „მ.-ის“ ვალდებულების დაკისრება. აპელანტის განმარტებით, ბანკსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეჩერებული იყო შპს „მ.-სა“ და სს „თ.-ს“ შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ვადის გაგრძელების შესახებ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეჩერებული იყო სარჩელის შეტანის მომენტისათვის, მითითებული გარემოება დაადასტურა კასატორმა საკასაციო სასამართლოში სასამართლო სხდომაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, განახლებულია თუ არა ხელშეკრულების მოქმედება დღეისათვის და შესაბამისად გადაწყვიტოს სს „თ.-ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობისა და საფუძვლიანობის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს კბ თ.-ის“ ლიკვიდატორის გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.