Facebook Twitter

¹ას-55-351 9 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ს-ამ 2002წ. ოქტომბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. თბილისში, ...... მდებარე, სახლიდან ი., მ. და ი. პ-ების, ნ. ჭ-ისა და ლ. დ-ას, ლ. ჭ-ის, ა. ს-ასა და ჟ. შ-ის გამოსახლებისა და 2002წ. 3 ივლისიდან მოპასუხეებზე ბინის ქირის _ თვეში 100 ლარის დაკისრების შესახებ.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. ჭ-ე, ი., მ. და ი. პ-ები, ლ. დ-ა, ა. ს-ა, ჟ. შ-ი, ლ. ჭ-ე, რ. ს-ი გამოსახლებულ იქნენ ბინიდან და 6 თვის განმავლობაში ბინის სარგებლობისთვის დაეკისრათ 300 ლარის გადახდა.

მოპასუხეებმა ი., ი. და მ. პ-ებმა, ნ. ჭ-ემ, ლ. დ-ამ ლ. ჭ-ემ პირველი ინსტანცის სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

გადაწყვეტილება ბინის ქირის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში გაასაჩივრა ე. ს-ამ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებზე ბინის ქირის _ თვეში 100 ლარის დაკისრება 2002წ. 3 ივნისიდან ბინის გამოთავისუფლებამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა გამოუცხადებლობის გამო. დაკმაყოფილდა ე. ს-ას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბინის ქირის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ჭ-ეს, ი., მ. და რ. პ-ებს, ლ. დ-ას, ლ. ჭ-ეს ე. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრათ ბინის ქირის გადახდა 2002წ. ივნისიდან თვეში 100 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2003წ. სექტემბერში ი., მ. და ი. პ-ებმა, ნ. ჭ-ემ, ლ. დ-ამ, ლ. ჭ-ემ, საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, იმ მოტივით, რომ სასამართლოს სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ი. პ-ისა და ლ. დ-ას ვაჟს _ მ. პ-ს გაუკეთდა ოპერაცია და მთელი ოჯახი იმყოფებოდა საავადმყოფოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყევტილება დარჩა უცვლელად.

მ., ი. და ი. პ-ები, ნ. ჭ-ე, ლ. დ-ა და ლ. ჭ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეების გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, ის გარემოება, რომ 27 ივნისს მცირეწლოვან მ. პ-ს გაუკეთდა რთული ოპერაცია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 387-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2003წ. 27 ივნისს სასამართლოს სხდომაზე საქმის დანიშვნის თაობაზე მხარეებს უწყებები გაეგზავნათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ.

სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ ჩაითვალა საპატიოდ იმის გამო, რომ ი. პ-ისა და ლ. დ-ას ვაჟს, მცირე წლოვან მ. პ-ს, ოპერაცია ჩაუტარდა 2003წ. 24 ივნისს და არა სხდომოს დღეს 27 ივნისს. ავადმყოფი გამოწერილ იქნა სამკურნალო დაწესებულებიდან 2003წ. 30 ივნისს. სასამართლოში არ ყოფილა შეტანილი განცხადება საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ., ი. და ი. პ-ების, ნ. ჭ-ის, ლ. დ-ას, ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.