Facebook Twitter

საქმე # 010100120003729171

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№295აპ-21 ქ. თბილისი

ლ–ე ვ., 295აპ-21 30 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, ვ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პირობით მსჯავრთან; კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ლ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ერთი მხრივ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ხოლო, მეორე მხრივ, მისთვის შეფარდებული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს; კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ვ. ლ–ს მხრიდან მეუღლეზე ფსიქოლოგიური ძალადობა დადასტურებულია მოწმეების - დ. ლ–ს, თ. წ–ს, თ. ლ–ს, ლ. ლ–ს, რ. ზ–ს, გ. ლ–ს, ნ. ბ–ს, ა. ტ–ს, ლ. ბ–ს, ზ. ბ–ს, რ. შ–ს, რ. ხ–ს გამოკითხვის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ლ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა და ოჯახის წევრის მიმართ; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით, ქ. ბ–ში, ......ის ქ. მე-.. შესახვევი, სახლი №..-ის მე-.. სართულზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, ვ. ლ–ე თავის ყოფილ მეუღლეს - ი. ზ–ს, რომელიც იყო ორსულად, არასრულწლოვანი შვილების - ლ. და დ. ლ–ების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა დედას, ლანძღავდა, უყვიროდა, გამოხატავდა აგრესიას და მოიხსენიებდა აუგად, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

2.2. 2020 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის შუალედში, ვ. ლ–ე თავის საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ი. ზ–ს, რომელიც იყო ორსულად, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 2020 წლის 23 იანვარს ი. ზ–ს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ვ. ლ–ს მიმართ 2020 წლის 31 იანვარს გამოიცა შემაკავებელი ორდერი №......, რომლითაც მას აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან - ი. ზ–სთან მიახლოება და კომუნიკაცია, თუმცა 2020 წლის 8 თებერვალს ვ. ლ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ალკოჰოლით მთვრალი მივიდა საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი და შეხვდა მას.

3. ვ. ლ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის განაჩენით ვ. ლ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; ამავე კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; დანაშაულთა ერთობლიობისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, ვ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული პირობით მსჯავრთან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ვ. ლ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ამ დანაშაულებრივ ეპიზოდში ვ. ლ–ს ბრალეულობა სარწმუნოდ ვერ დადგინდა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ი. ზ–მ სასამართლოს არ მისცა ვ. ლ–ს საწინააღმდეგო ჩვენება. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან: მოწმეების - თ. ლ–ს, გ. ლ–ს, ა. ტ–ს, ხ. ბ–ს, დ. ლ–ს, ლ. ლ–ს, რ. შ–ს, ლ. ბ–სა და ნ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით ვ. ლ–ს მიერ ყოფილი მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება, ხოლო მოწმეების - რ. ზ–სა და რ. ხ–ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, ზემოაღნიშნულ ბრალდებასთან მიმართებით - ირიბია, ვინაიდან ეფუძნება დაზარალებულ ი. ზ–ს ნაამბობს, რომელიც, თავის მხრივ, სასამართლოში ჯვარედინად არ დაკითხულა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ვ. ლ–ს მიმართ კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, არ იკვეთება მისი გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი