Facebook Twitter

ას-554-1217-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული სახლიდან გ. ს-ის მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლება იმ მოტივით, რომ 1998წ. 5 ნოემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ. ს-ისაგან შეიძინა თბილისში, ...... მდებარე სახლი.

გ. ს-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მ. გ-მა 1996 წელს გადასცა მას 6000 აშშ დოლარი საქმეში ჩასადებად. გ. ს-მა ვეღარ შეძლო ვალის დაბრუნება. მოგვიანებით ისინი შეთანხმდნენ, რომ ვალის საბოლოო გასტუმრებამდე გ. ს-ი მ. გ-ს გაუფორმებდა ბინას, ხოლო ვალის გადახდის შემდეგ სახლი ისევ ს-ის სახელზე აღირიცხებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ს-მა ითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. გ-ის სარჩელი. არ დაკმაყოფილდა გ. ს-ის შეგებებული სარჩელი, ხოლო გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ს-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისში, ...... მდებარე ბინიდან.

გადაწყვეტილების საფუძვლად სასამართლომ შემდეგი გარემოებანი მიუთითა:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არაა საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 393-ე, 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა არ დასტურდება. სააპელაციო პალატა უთითებს, რომ სკ-ს 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. სესხის ნამდვილობის დასადგენად უნდა არსებობდეს წერილობითი მტკიცებულება. სააპელაციო პალატა თვლის, რომ გ. ს-მა ვერ შეძლო სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულების წარდგენა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სკ-ს 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობები, რომელთა არსებობა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდებოდა. სააპელაციო პალატის აზრით, მ. გ-ი წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრესა და სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუძლია, მოსთხოვოს მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება.

საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-მა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლად კასატორმა შემდეგი გარემოებანი მიუთითა: კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 624-ე მუხლი.

კასატორის აზრით, აღნიშნული ნორმა, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობისას გულისხმობს არა მარტო სავალო ხელწერილს, არამედ სესხის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტსაც. გ. ს-ი განმარტავს, რომ არსებობს მ. გ-ის, გ. და ლ. ს-ების ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი ადასტურებენ ვალის არსებობას. აქედან გამომდინარე, არსებობს სკ-ს 56-ე მუხლით განსაზღვრული გარიგების ბათილობის პირობა.

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 55-ე მუხლის I ნაწილი, როცა ჩათვალა, რომ გარიგების ბათილად ცნობისათვის საჭიროა ამ ნორმაში მითითებული სამივე ფაქტორის არსებობა, მაშინ როცა აღნიშნული მუხლის თანახმად, ერთ-ერთი ფაქტორის არსებობაც საკმარისია.

კასატორი უთითებს, რომ ხელშეკრულების დადება აიძულა მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ, რაც დასტურდება იმითაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა 10-ჯერ ნაკლებია ბინის რეალურ ღირებულებაზე.

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა გარემოებები და მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ს-მა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1998წ. 6 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენს მ. გ-ი.

მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 624-ე მუხლი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის იდება ზეპირად, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სესხის საეჭვოობისას უნდა არსებობდეს წერილობითი მტკიცებულება საქმის მასალებით. მოსარჩელე გ-ი უარყოფს სესხის არსებობას, მოპასუხე ს-მა კი სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება.

საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სახეზეა სკ-ს 56-ე მუხლით გათვალისწინებული მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება. ასევე, არ დასტურდება ამავე კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა.

პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის შემთხვევაშიც ვალის გადაუხდელობისას საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ამ ვალის ანაზღაურების მიზნით სკ-ს 55-ე, 56-ე მუხლების შესაბამისად არ შეიძლება იყოს აღნიშნული გარიგების ბათილობის საფუძველი.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო გარიგება ნამდვილია. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება კანონის შესაბამისადაა გამოტანილი და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.