ას-554-826-04 10 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სამკვიდრო ვადის აღდგენა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 6 იანვარს ი. დ.-მ სარჩელი აღძრა მოპასუხე ნ. დ.-ის მიმართ სამკვიდრო ვადის აღდგენის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მამა _ გ. დ.-ი გარდაიცვალა 2002წ. 2 თებერვალს, რის შესახებაც მან გაიგო მხოლოდ იმავე წლის სექტემბერში. ი.დ.-მა აღნიშნა, რომ მამის მეუღლეს _ ნ. დ.-ს არ სიამოვნებდა მამა-შვილის ურთიერთობა და ამიტომ დროულად არ შეატყობინა მას მამის გარდაცვალების თაობაზე, რამაც გამოიწვია მის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობა, მისი აღდგენა და მამის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, თბილისში, ... მდებარე ¹164 ბინის ნაწილზე მემკვიდრედ ცნობა, რადგან მიაჩნია, რომ იგი ნ.დ.-თან ერთად პირველი რიგის მემკვიდრეა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მასზე უარის თქმა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით ი. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება. ი. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აღდგენილ იქნა მის მიერ გაშვებული სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა და იგი ცნობილ იქნა გ. დ.-ის დანაშთი ქონების, კერძოდ, თბილისში, ... მდებარე ¹164 ბინის 1/4-ზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ. სათანადო ცვლილებები შეტანილ იქნა ნ. დ.-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... მდებარე ¹164 ბინა ირიცხებოდა გ. დ.-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 2002წ. 2 თებერვალს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე _ მეუღლე ნ. დ.-ი და შვილი ი. დ.-ი. ეს უკანასკნელი მას შეეძინა ლ.ლ.-თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
2002წ. 18 სექტემბერს გ. დ.-ის დანაშთ ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მისი მეუღლის _ მოპასუხე ნ. დ.-ის სახელზე და ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე.
სკ-ის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მოსარჩელემ ეს ვადა გაუშვა. ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ი. დ.-ი, როგორც არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილი შვილი, მიუღებელი იყო გ. დ.-ის ოჯახისა და ნათესავებისათვის. მოპასუხემ განმარტა, რომ ი. დ.-ისათვის არ შეუტყობინებია გ.დ.-ის გარდაცვალება, რადგან არ იცოდა მისი არსებობის თაობაზე. ასეთ პირობებში სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვება მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით (მან გვიან შეიტყო მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის შესახებ), რაც საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლი 1993წ. 10 ივნისს პრივატიზირებულია გ. დ.-ის სახელზე. აღნიშნულ ბინაში 1990 წლიდან ჩაწერილია მოპასუხე ნ. დ.-ი.
“საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ) გადაცემის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია.
ამასთან, სკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა არ არის დადგენილი.
ამდენად, სადავო სახლის 1/2 მოპასუხე ნ. დ.-ის საკუთრებაა, ხოლო მეორე ნახევარი წარმოადგენს სამკვიდრო მასას, რომლის მესაკუთრეებს თანაბარ წილად წარმოადგენენ მხარეები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. დ.-ი ცნობილ უნდა იქნეს მამის, გ. დ.-ის, დანაშთი ქონების _ საცხოვრებელი ბინის ½-ის, ანუ მთლიანი ბინის 1/4 მემკვიდრედ და მესაკუთრედ და ამის შესაბამისად უნდა შევიდეს ცვლილება სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
სააპელაციო სასამათლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ივლისის განჩინებით ნ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ბაჟის გადაუხდელობის გამო.
ია დ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
კასატორის განმარტებით, 2004წ. 16 მარტის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც იგი ცნობილ იქნა თბილისში, ... მდებარე ¹164 ბინის 1/2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ხოლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, სარეზოლუციო ნაწილში 1/2 შეცვლილი იყო 1/4-ით.
ი.დ.-ი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლი, რადგან თავის გადაწყვეტილებაში ნ. დ.-ს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. საქმის განხილვის დროს ნ.დ.-მა აღძრა შეგებებული სარჩელი, რომელსაც შემდგომ მხარი არ დაუჭირა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.დ.-მა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მამის დანაშთი ქონების 1/2 მემკვიდრედ ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძველს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მას სადავო ბინის 1/2 მიაკუთვნა და არა 1/4, როგორც ეს გასაჩივრებულ ფორმის გადაწყვეტილებაშია მითითებული.
საქმის მასალებით, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ბინის 1/4 მესაკუთრედ მიიჩნია მოსარჩელე, რადგან მამკვიდრებელმა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში მოახდინა სადავო ბინის პრივატიზება, ე.ი. მოპასუხე მხარე სადავო ბინის თანამესაკუთრეა 1/2 ნაწილში, ხოლო სამკვიდრო გაიხსნა ქონების დარჩენილ ნაწილში. სწორედ ამ ნაწილიდან უნდა მიიღონ მამკვიდრებლის I რიგის მემკვიდრეებმა სამკვიდრო ქონება 1/2-1/2-ის ოდენობით.
აქედან გამომდინარე, ი. დ.-ს ეკუთვნის სადავო ბინის არა 1/2, არამედ 1/4, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა. პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეესაბამება სარეზოლუციო ნაწილით მიკუთვნებული სადავო წილის ოდენობას. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება. ამასთან, კასატორმა სხვა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ კასაციაში გამოთქმული მოსაზრების თაობაზე ვერ წარმოადგენა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე, რადგან გადაწყვეტილებით ნ.დ.-ს რაიმე ქონება არ მიკუთვნებია. ამდენად, გასაჩივრებული გადწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ დაურღვევია კანონი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ია დ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.