ას-555-1218-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ც-ი 1999 წლიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა მ. ა-ესთან და მასთან ერთად ცხოვრობდა მცხეთის რაიონ სოფ. .......-ში.
1999 წლის 4 დეკემბერს დ. ც-ს შეეძინა ქალიშვილი ნ. ა-ე.
1997 წლის 5 მაისს მ. ა-ის მამას თ. ა-ეს მიღებული ქონდა 1 ჰა მიწის ნაკვეთი. თანამესაკუთრეებად ირიცხებოდნენ მ. და დ. ა-ეები.
მ. ა-ე გარდაიცვალა 2000 წლის 3 სექტემბერს. 2001 წლის მარტში დ. ც-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში თ. ა-ის მიმართ მისი და მცირეწლოვანი ნ. ა-ის მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრეებად ცნობის შესახებ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრედ ცნობილი იქნა ნ. ა-ე. მცირეწლოვანი შვილის კანონიერ წარმომადგენელს დ. ც-ს ნ. ა-ის სრულწლოვანებამდე მიეცა აღნიშნულ მიწისა ნაკვეთზე მეურნეობის გაძღოლის უფლება.
თ. ა-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, იმ საფუძვლით, რომ მ. ა-ე არ წარმოადგენდა კომლის უკანასკნელ წევრს და მისი გარდაცვალების შემდეგ არ გახსნილა მემკვიდრეობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და სოფ. ...... საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული ცნობების თანახმად მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად ირიცხებოდნენ თ., დ. და მ. ა-ეები. საჯარო რეესტრში ისინი დაფიქსირებული არიან სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად 2003 წლის 29 მაისის მდგომარეობით.
სკ-ს 312-ე მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ე.ი რეესტრის მონაცემები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სკ-ს 1328-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ ამ ქონების ღირებულუბა.
მ. ა-ის დანაშთ სამკვიდროზე მცირეწლოვან ნ. ა-ესთან ერთად პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის მშობლები.
მოსარჩელე სკ-ს 1336-ე მუხლის შესაბამისად სწორად იქნა ცნობილი მ. ა-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ 1/3 წილზე, რაც 1 ჰა მიწის ნაკვეთიდან შეადგენს 1111 კვ.მ. ფართს.
სკ-ს 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგავარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მესაკუთრეს შეუძლია ხელისშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.
ვინაიდან ნ. ა-ე არის მცირეწლოვანი, სკ-ს 1198-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დ. ც-ი წარმოადგენს მის კანონიერ წარმომადგენელს, რის გათვალიწინებითაც ამ უკანასკნელს კანონიერად დაერთო ნება ესარგებლა შვილისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთით.
არ შეიძლება გაზიარებული იქნეს კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ არ გახსნილა მემკვიდრეობა.
საქართველოს მთავრობის 1993 წლის 5 მარტის ¹199 დადგენილბის საფუძველზე კოლმეურნეობებმა შეწყვიტეს არსებობა და მასთან ერთად გაუქმდა საკოლმეურნეო კომლის სტატუსი. ამჟამად კომლი ნიშნავს სოფ. ადგილას მცხოვრებ ოჯახს, რომელზეც ვრცელდება სკ-ს ნორმებით გათვალისწინებული სამკვიდროს გახსნის წესები.
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.