საქმე # 080100120004099578
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №494აპ-21 ქ. თბილისი
ს–ა ი., 494აპ-21 15 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამართლებულ ი. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია და არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს; სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურება ი. ს–ს ბრალეულობა, უკანონოდ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ს–ს ბრალი დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში.
ი. ს–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 00:36 საათზე, ი. ს–ა ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლეს - ფ. ხ–ს, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ფ. ხ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 05:30 საათზე, ი. ს–ა მივიდა ქ–ში, ......ს ქუჩის №..-ში მეუღლის - ფ. ხ–ს საცხოვრებელ მისამართზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც იმავე დღეს ი. ს–ს მიმართ 30 დღით გამოიცა №.... შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, მას ფ. ხ–თან აეკრძალა ყოველგვარი სახის კომუნიკაცია. აღნიშნულის მიუხედავად, 2020 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 00:36 საათზე, ი. ს–ა ტელეფონით დაუკავშირდა ფ. ხ–ს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 იანვრის განაჩენით ი. ს–ა, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
გაუქმდა ი. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ი. ს–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 2 ოქტომბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. კ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. ს–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა.
ი. ს–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ი. ს–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
გამართლებული ი. ს–ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ი. ს–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არ ჩატარებულა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, არ ამოღებულა და არ დათვალიერებულა არც დაზარალებულ ფ. ხ–სა და არც ი. ს–ს კუთვნილი ტელეფონი, რომლიდანაც ი. ს–ამ დაზარალებულს დაურეკა, მხოლოდ დაზარალებულ ფ. ხ–ს ჩვენება, რომ ი. ს–ა მას სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მოკვლით დაემუქრა, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. რაც შეეხება საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, როგორებიცაა - ინსპექტორ-გამომძიებელ, დ. ხ–ს გამოკითხვის ოქმი და ი. ს–ს მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი, ისინი ირიბი მტკიცებულებებია და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი