ას-556-1219-03 25 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი სარჩელში: სესხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება (სარჩელში); ბინის ქირის დაკისრება და ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ლ-მა სარჩელი აღძრა თ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 7650 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: 1995წ. ნოემბერში მოპასუხეს ასესხა 1000 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ 1996წ. 15 ივნისამდე თანხას დაუბრუნებდა. მოპასუხის თანხმობით მოსარჩელემ დაიკავა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. გორში, ......, სადაც დღემდე ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ბინა იყო ავარიული, ამიტომ ჩაატარა სარემონტო სამუშაოები (სახლი გადახურა, დააგო იატაკი, შეაკეთა კედლები), რაშიც გადაიხადა 2535 ლარი. მოსარჩელემ მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი და გ. ლ-ისაგან მოითხოვა ბინის ქირის ანაზღაურება და ამ თანხაში ვალის გაქვითვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალი _ 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 2150 ლარი, მასვე დაეკისრა ვადაგადაცილებისათვის 51 თვეზე წლიური 3%-ის ოდენობით ზიანის ანაზღაურება _ 2730 აშშ დოლარის ეკვივალენტი 5869 ლარი, სარემონტო ხარჯები _ 2135 ლარი, სულ _ 10154 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება შეიცვალა, კერძოდ, ძირითადი თანხის _ 1000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: თ. კ-ეს გ. ლ-ის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 1080 აშშ დოლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახურავის შეკეთების თანხა _ 500 ლარი დამისი გადაუხდელობით მიყენებული ზიანი 500 ლარის ოდენობით, გ. ლ-ს უარი ეთქვა სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი. 1995წ. ნოემბერში თ. კ-ესა და გ. ლ-ს შორის დაიდო სესხის უსასყიდლო ხელშეკრულება 7 თვის ვადით. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულება არ შესრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ვადის გაგრძელებაზე, კერძოდ, თ. კ-ე იმ პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში. გ. ლ-თან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე სესხისა და სახლის სახურავის შეკეთების თანხას აუნაზღაურებდა. თ. კ-ე საქართველოში დაბრუნდა 2000წ. ივნისში, რა დროიდანაც გ. ლ-ს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დავის გადასაწყვეტად უნდა გამოიყენოს ახალი სკ-ის (1997წ.) ნორმები, ამავე კოდექსის 1507 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
სასამართლოს მოსაზრებით, გორის რაიონულმა სასამართლომ თ. კ-ეს სწორად დააკისრა ძირითადი თანხა – 1000 აშშ დოლარის გადახდა. ამასთანავე, სკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს გ. ლ-ის მოთხოვნა ვადაგადაცილებისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ვინაიდან მხარეს შეთანხმების საფუძველზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2000წ. ივლისში და მოპასუხემ იგი არ შეასრულა, კ-ეს უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე (36 თვე) 1000 აშშ დოლარის 3% (30X36=1080) სულ _ 1080 აშშ დოლარი.
პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ის 709-ე მუხლის გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულების საფუძველზე გ. ლ-მა შეასრულა სახურავის სარემონტო სამუშაოები, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ გაწეული ხარჯის ზუსტი ოდენობა. მოპასუხემ კი აღიარა ამ ხარჯის დასაფარავად მხოლოდ 500 ლარი, რაც დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს. იმის გამო, რომ აღნიშნული თანხა მოვალემ მოთხოვნის წარმოშობისთანავე არ გადაიხადა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვადაგადაცილებისათვის ყოველ თვეზე 3%-ით გაზრდილი თანხა (3%X36 თვეზე) სულ 540 ლარი თ. კ-ემ უნდა გადაიხადოს. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 987-ე და სსკ-ის 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ გ. ლ-მა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა მოთხოვნა, თუმცა მას ეკუთვნის აღნიშნული ხარჯების სრულად ანაზღაურება.
პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ თ. კ-ის შეგებებული სარჩელი, ბინის ქირის დაკისრების თაობაზე, სწორად არ დააკმაყოფილა, რადგან მან ვერ დაადასტურა მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. გ. ლ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც სრულად არ დაკმაყოფილდა ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელმაც სულ 4440 ლარი შეადგინა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლზე, რადგან საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთაც არ მიეცა სათანადო შეფასება, კერძოდ, სარემონტო ხარჯების ოდენობა დგინდება მხარის (მოსარჩელის) ახსნა-განმარტებით, ინჟინერ თ. ნ-ისა და მშენებლის წერილობითი განმარტებებით, რომლებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი.
კასატორის _ თ. კ-ის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების დადებისას, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა, 1995 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები და არა ახალი სკ, რადგან იმ დროს მოქმედი კოდექსი სესხისათვის პროცენტს არ ითვალისწინებდა. ამასთან, დავა ხანდაზმულია, ხოლო სასამართლომ ზიანის ანაზღაურების თანხა ისე განსაზღვრა, რომ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია. კასატორს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და სასამართლომ მის დაკმაყოფილებას უსაფუძვლოდ უთხრა უარი. კასატორი მიუთითებს ქირავნობის (ზეპირი) ხელშეკრულების არსებობაზე, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრების საფუძვლებს და თვლის, რომ გ. ლ-ის და თ. კ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მესაკუთრის თანხმობით გ. ლ-მა თ. კ-ის საცხოვრებელ სახლზე აწარმოა სარემონტო სამუშაოები. უდავოა, მესაკუთრეს სახლი გაუმჯობესებული დაუბრუნდება.
სკ-ის 987-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამდიდრების (ქონების გაუმჯობესება) არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს (თ. კ-ეს) უბრუნდება თავისი ნივთი, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილით პირს, რომელმაც შეგნებულად ხარჯი გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მოითხოვოს თავისი დანახარჯის ანაზღარება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დავას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, მაგრამ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი გაწეული ხარჯის ოდენობის განსასაზღვრავად. მართალია, სსკ-ის 102-ე მუხლით მტკიცების ტვირთი მხარეებს აწევთ, მაგრამ, თუ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი საკმარისი არ არის და თანაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრება ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სსკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ (გ. ლ-ი) წარადგინა მის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ნუსხა, რომელიც შედგენილია არქიტექტურის სამმართველოს მთავარი ინჟინრის მიერ, სადაც ხარჯთაღრიცხვაც მითითებულია და ამ სახით საერთო ხარჯი შეადგენს 2135 ლარს. სასამართლომ არც ამ მტკიცებულებას მისცა სათანადო შეფასება, არ მიუთითა, თუ რატომ არ გაიზიარა იგი. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხარჯების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია, იგი ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს. სასამართლომ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით დამატებით უნდა შეისწავლოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ თ. კ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, რადგან იგი დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოების გამო:
სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. კ-ეს გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 1000 აშშ დოლარი პროცენტის გარეშე, რადგან სესხის ხელშეკრულების დადებისას (1995წ.) მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი პროცენტს სესხისათვის არ ითვალისწინებდა. ამდენად, სასამართლომ გაითვალისწინა კანონის ეს მოთხოვნა და თ. კ-ეს პროცენტის გადახდა არ დაეკისრა, ე.ი. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას დავის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან დადგენილია, რომ გ. ლ-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2000 წელს, მაშინ, როცა მოვალე საქართველოში დაბრუნდა. საქმის აღნიშნული გარემოება დადგენილია მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით და ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენის თაობაზე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
რაც შეეხება ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილებისთვის ზიანის ანაზღაურების ოდენობას, იგი სასამართლომ, სკ-ის 403-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე ისე განსაზღვრა, რომ არ დაასაბუთა იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობის თაობაზე, რადგან მოსარჩელემ (თ. კ-ემ) ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებების არსებობა. სსკ-ის 102-ე მუხლით მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამდენად, თ. კ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. კ-ის და გ. ლ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება სარემონტო სამუშაოების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის, ზიანის _ 1080 აშშ დოლარის და 540 ლარის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.