საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№320აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი ს-ნ, 320აპ-21 21 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს. ა-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის დაბა ჩ-ში, მ. ა-ის ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს. ა-მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – ნ. ქ-ეს, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების – მ. ა-ისა და ს. ა-ის თანდასწრებით ძლიერად მოქაჩა თმა, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით შეიყვანა სააბაზანო ოთახში, სადაც, წაქცეულს, მარჯვენა ფეხი დაარტყა სახის არეში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ს. ა-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანი ბორჩაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ს. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
6. გამართლებულ ს. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. შ-ე შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20).
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ა-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ნ. ქ-ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო ბრალდებულმა ს. ა-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 18 სექტემბრის №- დასკვნით, მიღებული ტრავმის გამო, პაციენტი ნ. ქ-ე კლინიკაში მკურნალობდა 30.08.2020–31.08.2020წწ და დაესვა დიაგნოზი: „მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილისა და მენჯის ზედაპირული ტრავმები, დაუზუსტებელი. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ნ. ქ-ეს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. გარდა ამისა, გაუქმდა ს. ა-ის მიმართ შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან სასამართლო განხილვისას ნ. ქ-ემ განაცხადა, რომ მუცელში ფეხი შემთხვევით მცირეწლოვანმა შვილმა მიარტყა, ამის გამო დაეწყო ტკივილი და მეუღლეს გამოაძახებინა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ბრალდებულის შესაძლო ძალადობა დაზარალებულზე სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს (მათ შორის – მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არ არიან მომხდარი ფაქტების თვითმხილველები), ისინი ირიბია და უტყუარად არ ადასტურებს ს. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ს. ა-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს; მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე