Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№281აპ-21 ქ. თბილისი

ა-ი ა-ლ, 281აპ-21 22 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ა. ა-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ა. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 11 სექტემბრიდან იმავე წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 4-5 სექტემბერს, დაახლოებით 23:00–24:00 საათებში, გ-ის რაიონის სოფელ ქ. კ-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ა. ა-მა, რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე, დაახლოებით 2-3-ჯერ ჩაარტყა ხელი თავის არეში და თმით ითრია მეუღლე ა. ა-ა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 7-8 სექტემბრის შუალედში გ-ის რაიონის სოფელ ქ. კ-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ა. ა-მა მეუღლეს – ა. ა-ას მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში და მარჯვენა ფეხი ამოარტყა საჯდომზე, ვინაიდან ა. ა-ას ეძინა ტანსაცმლით. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ქ. კ-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ა. ა-მა რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე, თმით ითრია მეუღლე – ა. ა-ა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ა. ა-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ა. ა-ს მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ნასამართლობის არქონა, დაზარალებულთან შერიგება), საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელები (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მათი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე