Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№318აპ-21 ქ. თბილისი

ა-ი ა., 318აპ-21 21 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ა-მა, – დაბადებულმა 19-- წელს, – ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა გენდერული ნიშნით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ა. ა-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

• ა. ა-ი მეუღლეს – რ. ა-ს მრავალი წლის განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა გენდერული ნიშნით, რაც გამოიხატებოდა ხელების სხეულის სხვადასხვა ორგანოში დარტყმით, ასევე –თმის მოქაჩვით, რა დროსაც რ. ა-ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და დამამცირებელი მიმართვა. ასევე სცემდა და ძალადობდა იმის გამო, რომ იყო ქალი და არ უნდა ემუშავა, უნდა ყოფილიყო სახლში, დამორჩილებოდა ქმარს და მოევლო ბავშვისათვის.

• რ. ა-ი 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია ა. ა-თან, რომელთანაც ჰყავს შვილი – 2009 წელს დაბადებული ზ. ა-ი. თანაცხოვრების განმავლობაში ა. ა-ი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა რ. ა-ს, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევდა. 2018 წლის აგვისტოში მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება და რ. ა-ი შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თ-ში, მ-ის მე- მიკრორაიონში, №- კორპუსის №-ბინაში.

• 2017 წლის ივლისში თ-ში, გ-ის მე-- მიკრორაიონის №- კორპუსის ბინა №--ში, რამდენჯერმე ა. ა-მა, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, მეუღლეს – რ. ა-ს დაარტყა ფეხები და ხელები სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, კვირაში რამდენჯერმე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, თ-ში, გ-ის მე-- მიკრორაიონის №- კორპუსის ბინა №--ში, ა. ა-მა, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, მეუღლეს – რ. ა-ს არაერთხელ დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, 2019 წლის 19 თებერვალს ა. ა-მა, სიტყვიერი შელაპარაკების სააფუძველზე, მეუღლეს – რ. ა-ს დაარტყა მუშტი მუცლის არეში, პარკეტის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რის გამოც დაზარალებულს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, ა. ა-ი წლების განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, მიმართავდა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. აღნიშნულმა ქმედებებმა რ. ა-ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

• ა. ა-ი წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – რ. ა-ს. კერძოდ, 2017 წლის ივლისში, 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ასევე – 2019 წლის 19 თებერვალს, თ-ში, მ-ის მე--მიკრორაიონის №- კორპუსის ბინა №--ში, ა. ა-ი, სიტყვიერი შელაპარაკების დროს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს – რ. ა-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

• 2019 წლის 19 თებერვალს, ღამის საათებში, თ-ში, მ-ის მე-- მიკრორაიონის №- კორპუსის ბინა №--ში, ა. ა-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს – ზ. ა-ს, კერძოდ, პარკეტის ხის ნაჭერი დაარტყა მარცხენა ხელში, რის შედეგადაც ზ. ა-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ა. ა-ის ქმედებით ზ. ა-ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

• 2019 წლის 19 თებერვალს, ღამის საათებში, თ-ში, მ-ის მე-- მიკრორაიონის №-- კორპუსის ბინა №--ში, ა. ა-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მშობელს – ი. ა-ს არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, კერძოდ, ა. ა-მა ი. ა-ს მუშტი დაარტყა სახისა და მკერდის არეში, ასევე დაარტყა ფეხი გულმკერდის არეში, რის შედეგადაც იგი წაიქცა და იატაკზე მყოფს ხელ-ფეხი ურტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, თეფში გადაამტვრია თავზე, პარკეტის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და ტანის არეში. ა. ა-ის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად ი. ა-მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ა. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; ა. ა-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ა-ისა და ი. ა-ის ეპიზოდები) და მიესაჯა 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. ა-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ა-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და ა. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 19 თებერვლიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. ა-ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების სრული მოცულობით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ქ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ა-სა და ი. ა-ის ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რამაც განაპირობა ა. ა-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება, ასევე – სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება და იზიარებს.

10. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. ა-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე