Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №309აპ-21 ქ. თბილისი

ბ-ე ბ-ი, 309აპ-21 17 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ბ. ბ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 22 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ბ-ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, დანით შეიარაღებულმა ბ. ბ-ემ უკანონოდ შეაღწია ქ. რ-ში, მ-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „პ. რ-ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურ “ფ-ს“ ოფისში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ხსენებული ობიექტის ოპერატორს – გ. მ-ს, რომელსაც მოსთხოვა შპს “პ. რ-ის“ კუთვნილი თანხის გადაცემა. აღნიშნული ქმედებით შპს “პ. რ-ს“ მიადგა 600 ლარის ქონებრივი ზიანი, ხოლო გ. მ-ს – მორალური ზიანი.

4. მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბ. ბ-ისათვის განსაზღვრული სასჯელის ერთი მესამედის პირობითად ჩათვლას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შეურიგდა დაზარალებულებს და აანაზღაურა მიყენებული ზიანი, არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენის დროს.

5. რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილი შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და სასჯელის სამართლიანობის შესახებ აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება და უცვლელად დატოვა ბ. ბ-ისათვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება.

9. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მოვალეობათა დარღვევის ზომის, ასევე, მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ერთი მესამედის პირობითად ჩათვლა არ არის მიზანშეწონილი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე