საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №310აპ-21 ქ. თბილისი
გ-ა დ-ა, 310აპ-21 16 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დ. გ-ა, – დაბადებული 19-- წელს, და ნ. ა-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ნ. ა-ისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ნ. ა-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2020 წლის 4 აპრილიდან. ნ. ა-ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 26 სექტემბრიდან იმავე წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. გ-ამ და ნ. ა-ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 5 მარტს, დაახლოებით 23:45 საათზე, თ-ში, მ-ის ქ. №--ში არსებულ მაღაზია „ზ-ში“, დ. გ-ა და ნ. ა-ე, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ მაღაზიის მოლარე ქ. შ-ეს, რა დროსაც დ. გ-ამ – ქვის, ხოლო ნ. ა-ემ – დანის საშუალებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროდან გასტაცეს ფულადი თანხა – 2648 ლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
· დ. გ-ასა და ნ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედებით ქ. შ-ეს მიადგა მორალური სახის ზიანი, ხოლო მაღაზია „ზ-ს“ – 2648 ლარის მატერიალური ზიანი.
4. მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დ. გ-ასათვის განსაზღვრული სასჯელის ერთი მესამედის პირობითად ჩათვლას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა თავიდანვე აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაასახელა თანამონაწილეები, მისმა ოჯახმა დაზარალებულ ორგანიზაციას სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარადგინეს სააპელაციო სასამართლოში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და სასჯელის სამართლიანობის შესახებ აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება და უცვლელად დატოვა დ. გ-ასათვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება.
8. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მოვალეობათა დარღვევის ზომის, ასევე, მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. გ-ასათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ერთი მესამედის პირობითად ჩათვლა არ არის მიზანშეწონილი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე