საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№315აპ-21 ქ. თბილისი
გ-ი თ-ზ, 315აპ-21 20 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. გ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვასა და მოყვანაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თ. გ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 12,38 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი 4 ძირი მცენარე კანაფი, რაც ამოიღეს 2020 წლის 17 ივნისს თავისავე საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ. რ-ში, მე-- მიკრორაიონში, №- კორპუსის ბინა №--) ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს განაჩენით თ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. რუსთავის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა. მან მოითხოვა გამართლებულ თ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით. ასევე, ბრალდებული არ არის შეზღუდული გამოძიების დროს ბრალის აღიარებით ან უარყოფით. ბრალდებულმა თ. გ-მა სასამართლოს განუმარტა, რატომ აიღო გამოძიებაში თავის თავზე აღნიშნული ქმედება და უარყო რ-ში, მე-11 მიკრორაიონში, №- კორპუსის №- ბინაში ცხოვრებისა და კანაფის უკანონოდ დათესვა და მოყვანა. ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა თ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ECtHR, El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, 39630/09, §151, 13.12.2012; ECtHR, Hassan v The UK, 29750/09, §48, 16.09.2014).
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე