Facebook Twitter

ას-561-1216-03 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდროს გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ს-ს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი ვაჟი: თ. და ვ. ს-ები, ხოლო მეორე ქორწინებიდან – მ. ს-ი. მისი სახლი 1989-90 წლებში გაიყო სამ ნაწილად. თ. ს-ს ერგო ბინის სამხრეთი მხარე დაბლა და მაღლა. 1995წ. 29 აპრილს გარდაიცვალა დ. ს-ი.

თ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების მ. და ვ. ს-ების მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი დ. ს-ის მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდროს გაყოფა სამ მემკვიდრეს შორის.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ დ. ს-ის კომლის წევრი იყო მ. ს-ი, რომელიც დღეისათვის აღრიცხულია ოჯახის უფროსად და დ. ს-ის ქონებაზე სამკვიდროს გახსნა შეუძლებელია.

თ. ს-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: თ. ს-ი ცნობილ იქნა დ. ს-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ამ უკანასკნელის სახელზე რიცხული, მცხეთის რაიონი, ს. .......-ში მდებარე მიწის ნაკვეთის 1/3 წილზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დღევანდელი მდგომარეობით სამკვიდრო მიწის ნაკვეთზე მოწყობილია მეურნეობა, რომელიც მისი გაყოფის შემდეგაც არ დაკარგავს თავის სიცოცხლისუნარიანობას. სოფ. ..... გამგეობის მიერ 2003წ. 29 მაისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ თ. ს-ი დღემდე ფლობს და ამუშავებს მამის, დ. ს-ის, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილს, სახლის წინამდებარე (სამხრეთ აღმოსავლეთი) 200 კვ.მ-ს. სკ-ის (1964წ.) 556-ე მუხლის შესაბამისად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ს-ს მიღებული აქვს დ. ს-ის სამკვიდრო და ამ ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. პალატამ ჩათვალა, რომ ვინაიდან დ. ს-ს დღევანდელი მდგომარეობით ჰყავს სამი პირველი რიგის მემკვიდრე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თ. ს-მა დააკონკრეტა მოთხოვნა და სამკვიდრო წილის გამოყოფა მოითხოვა მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთებიდან, ამიტომ აპელანტის აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა დ. ს-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

მ. ს-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 556-ე მუხლი, რადგან დავა უძრავ ქონებას ეხება და სკ-ის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უნდა გამოეყენებინა ამ კოდექსის 1513-ე მუხლი. სასამართლომ არ გაარკვია, რომელი უძრავი ქონება გადაეცა საკუთრებაში თ. ს-ს. პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ თ. ს-ი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი სკ-ის 311-ე მუხლის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელად. სკ-ის 1460-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით უნდა გაერკვია, შეინარჩუნებდა თუ არა თითოეული მემკვიდრის კუთვნილი წილის შესაბამისად სამკვიდრო მიწის ნაკვეთის გაყოფის შემთხვევაში იგი სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის დანიშნულებას. პალატამ ასევე არ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ს-მა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ცვლილების შეტანა იმის თაობაზე, რომ იგი მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილ უნდა იქნეს დ. ს-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთების 1/3 წილზე, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მამკვიდრებელს საკუთრებაში ჰქონდა სამი მიწის ნაკვეთი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის და შეგებებული საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ. ს-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აწ გარდაცვლილი დ. ს-ის საკუთრებაში რეგისტრირებულია მცხეთის რაიონის ს. .......-ში მდებარე სამი მიწის ნაკვეთი – 0.165 ჰექტარი, 0.113 ჰექტარი და 0.143 ჰექტარი. მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, სამივე მიწის ნაკვეთი დ. ს-ს ეკუთვნის საერთო საკუთრების უფლებით და თანამესაკუთრეებად მითითებული არიან მისი მეუღლე ლ. ს-ი და ქალიშვილი მ. ს-ი.

დადგენილია, რომ დ. ს-ი გარდაიცვალა 1995 წელს. მას დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე – ლ. ს-ი, ქალიშვილი – მ. ს-ი და ორი ვაჟი (პირველი ქორწინებიდან) – თ. და ვ. ს-ები.

ლ. ს-ი გარდაიცვალა 2000 წელს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რამდენადაც დ. ს-ს დღევანდელი მდგომარეობით ჰყავს სამი პირველი რიგის მემკვიდრე, თ. ს-ი ცნო მამკვიდრებლის ქონების 1/3 წილის მემკვიდრედ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მოსაზრებას, რადგან მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 540-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ვინაიდან სამკვიდროს გახსნის დროისათვის მამკვიდრებელს ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე დარჩა, იმავე კოდექსის 544-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ისინი თანასწორი წილის მიღების უფლებით სარგებლობენ. ამ ნორმის შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს თ. ს-ისათვის სამკვიდრო ქონებიდან წილი უნდა განესაზღვრა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი პირველი რიგის მემკვიდრე დარჩა მამკვიდრებელს სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ თ. ს-ი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას და დღემდე ფლობს მას.

სააპელაციო სასამართლომ თ. ს-ისათვის მამკვიდრებლის ქონების გაყოფისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დ. ს-ის სახელზე საერთო საკუთრების უფლებით სამი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. ამიტომ პალატამ არასწორად მიუთითა, რომ დ. ს-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ უნდა იქნეს ცნობილი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თ. ს-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

დაევალოს თ. ს-ს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ეროვნულ ბანკში 012103162 ანგარიშზე (კოდი 220101107), ჩარიცხოს სახელმწიფო ბაჟის სახით 30 ლარი.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.