ას-563-1222-03 18 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 1 ნოემბერს ს. ყ-ამ ზ. ა-ისა და ა. ა-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს.
მან მოითხოვა მოპასუხეებისათვის მორალური და მატერიალური ზიანის 6000 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
1998წ. 13 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედამისი, ხოლო თვითონ კი სამუდამოდ დასახიჩრდა, რასაც მოჰყვა მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაცია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანას მართავდა ა. ა-ი. მანქანა ეკუთვნოდა მამას ზ. ა-ს.
დედამისის დაკრძალვის ხარჯების გამო მისმა დამ სესხად აიღო 2000 აშშ დოლარი 12%-ის სარგებლით, გარდა ამისა თვითონ ხანგრძლივი დროის მანძილზე მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ესაჭიროებოდა ძვირადღირებული წამლები. საავადმყოფოში მისულმა მისმა რძალმა, როცა ნახა მისი დაზიანებული და მოჭრილი ფეხი ფსიქიკურად დაავადდა, ამიტომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ვინაიდან არაპირდაპირ, მაგრამ მაინც რძლის დაავადებაში მის ტრავმას მიუძღოდა ბრალი – მისი მკურნალობისათვის ისესხა 2000 ლარი, მაგრამ იგი დროულად ვერ დააბრუნა, რასაც მოჰყვა ოჯახური უსიამოვნება და ქმრის ოჯახის დატოვება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, რის გამოც მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია. მიუხედავად ამისა, მკურნალობის ხარჯები მთლიანად გადაუხადა, დაუმზადა პროტეზიც, რაც დაზარალებულმა არ მიიღო. რაც შეეხება მისი რძლის ფსიქიკურად დაავადებას, იგი არ არის გამოწვეული მისი ბრალით. ამ სენით დაავადებულია რძლის ძმაც.
თელავის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ყიზი ყ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზ. ა-ს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით სარჩელი ღიად დარჩა.
მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ორივე მხარემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. ყ-ას სააპელაციო საჩივარი – გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. ზ. ა-ს ს. ყ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 სექტემბრის განჩინებით ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, კერძოდ, არ იყო გარკვეული თუ რატომ, რა მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს მკურნალობის ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ყ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო. დაკმაყოფილდა ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2003წ. 21 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მოცემულ საქმეზე მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ყ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო. ამავე გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2003წ. 12 სექტემბერს ს. ყ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
მან მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, ხოლო მის ადვოკატს სასამართლოში მოწვევის თაობაზე უწყება არ გაეგზავნა სათანადო წესის დაცვით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა როგორც მოსარჩელე, ისე მისი დამცველი, რომელიც პროცესში მონაწილეობდა ორდერით, ასევე – მოწინააღმდეგე მხარეც.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ იგი მოსარჩელეს ერთდროულად გადაუხდიდა 2000 ლარს ან სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად – 30-30 ლარს და საქმე მორიგებით დაესრულებინათ. მოსარჩელე ამ პირობას არ დათანხმდა იმ მოტივით, რომ მას სურდა ერთოთახიანი ბინის ყიდვა. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ერთოთახიანი ბინის ყიდვაზე, მაგრამ მოსარჩელემ იმ მოტივით, რომ მოპასუხის ნაყიდი ბინა არ სურდა, მოითხოვა ფულის გადახდა, რომლითაც ბინას თვითონ შეიძენდა. ამის შემდეგ საქმის განხილვა, მკურნალობის ხარჯების თაობაზე მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, გადაიდო 2003წ. 21 აპრილისათვის.
2003წ. 21 აპრილს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე. პროცესზე გამოცხადებულმა მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი მარწმუნებელი იყო ავად, ამის შესახებ გააჩნდა სათანადო დოკუმენტი, რომელიც მოსარჩელესთან ინახებოდა. პირადად მას ჰქონდა მხოლოდ ორდერი, რის გამოც მარწმუნებლის გარეშე სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღება არ შეეძლო და მოითხოვა საქმის სხვა დროისათვის გადადება.
სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მოსარჩელის ადვოკატმა დატოვა სხდომა, რაც საფუძველი გახდა მოსარჩელის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა.
მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, ამასთან წარადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი იყო ავად 2003წ. 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით.
სასამართლომ საჩივარი დასაშვებად მიიჩნია და მისი განხილვა ჩანიშნა 2003წ. 23 ივნისისათვის.
ვინაიდან მოსარჩელემ უწყება არ ჩაიბარა, ხოლო მისი დამცველი სათანადო წესით არ იყო გაფრთხილებული სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, სხდომა გადაიდო 2003წ. 21 ივლისისათვის.
მითითებულ დღეს სასამართლო პროცესზე მოწვევის უწყება მოსარჩელემ კვლავ არ ჩაიბარა, ხოლო მის წარმომადგენელს უწყება კვლავ არ ჩაბარებია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის წინააღმდეგ მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უცვლელად დატოვა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ანუ, როცა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც შეტანილი ჰქონდა სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს სათანადო პირობების არსებობისას შეეძლო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე მოწინაღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა განმარტებას.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მოპასუხესაც ჰქონდა შეტანილი და მოსარჩელე პროცესზე არ გამოცხადდა, მოპასუხის თხოვნით სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაფუძნებოდა მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მომჩივნის ახსნა-განმარტებაში იგულისხმება არა მხოლოდ ის გარემოებანი, რაც სააპელაციო საჩივარშია მითითებული, არამედ ისიც, რომელიც მომჩივანმა მისცა სააპელაციო სასამართლო პროცესზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში მომჩივნის ახსნა-განმარტება შეიძლება ემთხვეოდეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მაგრამ შეიძლება განსხვავდებოდეს მისგან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ტერმინი მომჩივნის ახსნა-განმარტება, აპელანტის იმ ახსნა განმარტებას გულისხმობს, რომელიც აპელანტმა მისცა სააპელაციო სასამართლოს უშუალოდ სხდომაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა ზ. ა-მა შეცვალა სააპელაციო მოთხოვნა (სააპელაციო საჩივრით იგი მოითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას) და თანხმობა განაცხადა, რომ მოსარჩელისათვის გადაეხადა 2000 ლარი, ან სამისდღეშიოდ ყოველთვიურად ეხადა 30 ლარი, ანდა მოსარჩელისათვის ეყიდა ერთოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა, რაზეც მოსარჩელე არ დაეთანხმა. სხვა სახის ახსნა-განმარტება ზ. ა-ს სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუცია.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხე აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, თავისი გადაწყვეტილება არ დაამყარა მომჩივნის ახსნა-განმარტებას, კერძოდ, იმას, რომ იგი თანახმა იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაეხადა 2000 ლარი, სამისდღეშიოდ ყოველთიურად 30-30 ლარი, ანდა ეყიდა ერთოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის სასამართლო პროცესზე მიცემულ ახსნა-განმარტებას კი არ დააყრდნო, არამედ ახსნა-განმარტებისაგან განსხვავებულ საჩივრის მოთხოვნას, რაც სსკ-ის 387-ე მუხის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
მართალია, სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, მაგრამ არა ყოველთვის.
სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელთაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის ავადმყოფობა სწორედ ის დაუძლეველი ძალაა, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუშალოს სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში, როცა მხარეს ავადმყოფობა სასამართლოსთვის წინაწარაა ცნობილი, მას უფლება არა აქვს, გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში სსკ-ის 233-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვა გადადოს სხვა დროისათვის.
მოცემულ შემთხვევაში მხარის ადვოკატის მეშვეობით სასამართლოსათვის წინასწარ გახდა რა ცნობილი მოსარჩელის ავადმყოფობის ფაქტი, სასამართლო ვალდებული იყო, გადაედო საქმის განხილვა სხვა დროისათვის. მას უფლება არ ჰქონდა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალიწინებული საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეტანილ საჩივართან ერთად მოსარჩელემ წარადგინა რა მისი ავადმყოფობის ცნობა, მარჯვენა ქვემო კიდურის ამპუტაციის შემდგომი პერიოდისა და მწვავე ბრონქიტის შესახებ, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გაეუქმებინა მის მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სსკ-ის 232-ე მუხლის შესაბამისად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. ამ ნორმის მიხედვით, პროცესში მონაწილე მხარედ იგულისხმება მისი წარმომადგენელიც (მიუხედავად იმისა, იგი პროცესში ორდერით მონაწილეობს, თუ მინდობილობის საფუძელზე), მაგრამ სსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის რწმუნებულს უფლება ჰქონდა სასამართლოს წინაშე დაეყენებინა შუამდგომლობა, მხარის ავადმყოფობის გამო, საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ, ხოლო მის მარწმუნებელს უფლება ჰქონდა, მისი რწმუნებულის მეშვეობით მოეთხოვა, ავადმყოფობის გამო, საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, ვინაიდან საქმის განხილვაში რწმუნებულის მონაწილეობა ან რწმუნებულის მიერ პროცესის მიტოვება მას უფლებას არ ართმევდა, ამ პროცესში უშუალოდ მიეღო მონაწილეობა.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვის დროს სასამართლო პროცესზე კვლავ არ გამოცხადდა მოსარჩელე. მან არ ჩაიბარა ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი უწყება, ხოლო მის წარმომადგენელთან გაგზავნილი უწყება ადრესატს არ ჩაბარდა არასწორი მისამართის გამო, რასაც მოჰყვა მოსარჩელის წინააღმდეგ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის დარღვევით, რაც სააპელაციო სასამართლოს უფლებას აძლევდა, გაეუქმებინა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ჩაენიშნა არსებით განხილვისათვის.
სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ეგზავნებათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართის მიხედვით. თუ ამ მისამართზე მოქალაქე ფაქტობრივად არ ცხოვრობს, უწყება შეიძლება გაიგზავნოს მისი სამუშაო ადგილის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში მხარის წარმომადგენელ ლ.მარიდაშვილს უწყება გაეგზავნა თელავში, ვაგზლის მოედანზე ¹1-ში, ფოსტიდან მიღებული პასუხით კი ირკვევა, რომ თელავში ვაგზლის მოედანი არ არსებობს, ხოლო ვაგზლის ქუჩაზე მრელაშვილი არ ცხოვრობს. ფოსტა მოითხოვდა მისამართის დაზუსტებას.
საქმეში არსებული ¹9 ორდერით, ყ-ას დაცვა დაევალა ლ.მარიდაშვილს და გ. ხ-ს. მართალია, ორდერში მისამართად მითითებულია ვაგზლის მოედანი ¹2 და მითითებული არ არის ქალაქის დასახელება, მაგრამ უწყება ორდერში მითითებულ ორივე წარმომადგენელს არ გაგზავნია, რითაც დაირღვა სკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. ამასთან, დაირღვა ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მოთხოვნაც წარმომადგენლისათვის უწყების სამუშაო ადგილზე გაგზავნის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი ორდერით ირკვევა, რომ ორდერში მითითებულ წარმომადგენელთა სამუშაო ადგილია სამართლებრივი მომსახურეობის ფირმა “მ-ი”.
მითითებული ფირმა და ორდერში მითითებული მისამართი თელავში რომ არ იყო და იგი თბილისშია განთავსებული, ადვილად შეეძლო დაედგინა სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი წარმომადგენელთა ტელეფონის ნომრების გამოყენებითაც, რასაც სსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ კრძალავს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად შეიძლება ჰქონდეს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე.
ასეთი ვარაუდი არ წარმოიშობა, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, რომელთა შესახებ დროულად აცნობა მხარემ სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში ასეთი ვარაუდის საფუძველი არ არსებობდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს დაეკისრა 2000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა 6000 აშშ დოლარის დაკისრება. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე არ დაეთანხმა მოპასუხის წინადადებას მისი მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ევარაუდა, რომ მოსარჩელე უარს ამბობდა მოთხოვნაზე, მით უმეტეს ამ ვარაუდის საფუძველი არ არსებობდა, რადგან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით და ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოსთვის წინასწარ იყო ცნობილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს. ყ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამავე სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.