საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №275აპ-21 ქ. თბილისი
კ-ი თ-ზ, 275აპ-21 14 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განაჩენით თ. კ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 7 წლით, 111,19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლით, ხოლო 111,160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ასევე შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 4 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის გაუპატიურება, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის გაუპატიურების მცდელობა, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, ბინაში უკანონოდ შესვლა, რაც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.
4. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, თ-ში, გ. კა ქ. №-ის № ბინაში, თ. კ-მა ყოფილ მეუღლეს – თ. ზ-ს ყელზე წაუჭირა ხელი და თავი გადაუწია უკან, რა დროსაც მან თავი დაარტყა დივანთან განთავსებულ კუთხეს, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამის შემდეგ გახადა შარვალი და საცვალი, თავადაც სრულად გაიხადა, რის შემდეგაც, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, თავისი სასქესო ორგანოს საშუალებით შეაღწია თ. ზ-ის სასქესო ორგანოში და მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.
· 2019 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში, თ-ში, გ. კა ქ. №-ის № ბინაში, ალკოჰოლით მთვრალმა თ. კ-მა ყოფილ მეუღლეს – თ. ზ-ს ყელზე წაუჭირა ხელი და თავი რამდენჯერმე მიარტყმევინა კედელს, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგაც, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ცდილობდა მისთვის ტანსაცმლის შემოხევას, რათა დაემყარებინა სექსუალური კავშირი, თუმცა თ. ზ-მა თავი დააღწია თ. კ-ს, რომელმაც თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
· 2019 წლის 4 ნოემბერს თ. კ-მა, ყოფილი მეუღლის – თ. ზ-ის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია თ-ში, გ. კ-ა ქ. №--ში მდებარე №- საცხოვრებელ ბინაში, რითიც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
5. მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ლ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას საჩივარში მითითებული მოტივებით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №731აპ-19, №42აპ-05).
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. კ-ის მსჯავრდება სამივე ეპიზოდში გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ. კ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც, გარდა დაზარალებულ თ. ზ-ის ჩვენებისა, ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების – გ. ტ-ის, ქ. ბ-ის, ვ. ო-ას, ნ. გ-სა და სხვათა ჩვენებები, შ. ა-ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმი, ამოღებისა და დათვალიერების ოქმები, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური) და ოდოროლოგიური ექსპერტიზების დასკვნები და საქმის სხვა მასალები. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, იგი არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, დეტალური და შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე