Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№279აპ-21 ქ. თბილისი

კ-ა ნ-ა, 279აპ-21 15 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. კ-ამ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, ჩადენილი პირადი მოტივით.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ნ. კ-ამ 2018 წლის 29 მაისს, მოწმის სახით გამოკითხვისას, მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს ცრუ დასმენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-ის სამმართველოს მე-- განყოფილების თანამშრომლებს განუცხადა, რომ 2018 წლის 29 მაისს მივიდა ყოფილი მეუღლის – ვ. წ-ის საცხოვრებელ სახლში (თ-ი, ვ-ი–-, მე--მიკრორაიონის --ე კორპუსი, ბინა №-) და ბინის კარზე აბრახუნებდა. კარი გააღო ვ. წ-მა, რომელმაც ნ. კ-ას ყელში მოუჭირა ხელი და შეეცადა დახრჩობით მის მოკვლას, რის შედეგადაც ნ. კ-ამ გონებაც კი დაკარგა და დაზიანებები მიიღო სახის, კისრისა და გულმკერდის არეში, ასევე – ხელის მტევანსა და თითებზე. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ვ. წ-ს ნ. კ-ას დახრჩობით მოკვლა არ უცდია და აღნიშნული ნ. კ-ამ განაცხადა იმ მიზნით, რომ ვ. წ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა და მათ საერთო შვილზე – დ. წ-ზე თავად მოეპოვებინა სრული მეურვეობა. შესაბამისად, ნ. კ-ამ ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა პირადი მოტივით (საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება).

· 2018 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, თ-ში, --, მე-- მიკრორაიონის -ე კორპუსის მე-- ბინასთან, ნ. კ-ამ ყოფილ მეუღლეს – ვ. წ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა – სახის არეში დაარტყა ხელი, რა დროსაც ვ. წ-ს ტუჩიდან წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ ნ. კ-ამ ვ. წ-ს უკბინა ხელზე და სახე და მუცლის არე ჩამოკაწრა. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ვ. წ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით ნ. კ-ა, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ნ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმებას, ნ. კ-ას დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №212აპ-17, №435აპ-19).

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ერთგვაროვნად და ამომწურავად განმარტეს პროკურორის მიერ საჩივარში მითითებული საკითხები, რის გამოც საჩივრის განსახილველად დაშვება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

8. გასაჩივრებული განაჩენით სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეფასდა ნ. კ-ას ქმედება, რასაც პალატა სრულად ეთანხმება. განაჩენით სწორადაა დადგენილი, რომ ცრუ დასმენის შემთხვევაში გამოკვეთილი უნდა იყოს პირის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ. ცრუ დასმენა ხდება მაშინ, როდესაც პირი სამართალდამცავ ორგანოში, მას შემდეგ, რაც მას დადგენილი წესით ოფიციალურად გააფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, განაცხადებს დანაშაულის თაობაზე ან მისი ჩამდენის შესახებ, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე კი ორივე ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ. კ-ას მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ვ. წ-ის მხრიდან მასზე ძალადობის შესახებ სინამდვილესთან შეუსაბამო არ არის. შესაბამისად, ნ. კ-ას ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაც ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლების უპირობო საფუძველია.

9. სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. კ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ნ. კ-ას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე