საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№272აპ-21 ქ. თბილისი
კ-ე თ-ზ, 272აპ-21 17 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით თ. კ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით – ჯარიმა 3000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თ. კობერიძეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაუქმდა აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 25 დეკემბრის №-- გადაწყვეტილების საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელისაგან მსჯავრდებულ თ. კ-ის 6 თვითა და 15 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლება.
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მთლიანად დაემატა დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და თ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულ თ. კ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 4 მარტიდან იმავე წლის 11 მარტის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: თ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, ხოლო 273-ე მუხლით – ჯარიმა 3000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 273-ე მუხლით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და თ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე გაუქმდა აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 25 დეკემბრის №- გადაწყვეტილების საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელისაგან მსჯავრდებულ თ. კ-ის 6 თვითა და 15 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლება.
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა – გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მთლიანად დაემატა დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და თ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 3000 ლარი, ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულ თ. კ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 4 მარტიდან იმავე წლის 11 მარტის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 28 ოქტომბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულისა და არასრულწლოვნის მიმართ; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
• 2020 წლის 4 მარტს საკომუნიკაციო ქსელ „ვოცაპის“ მეშვეობით თ. კ-ე დაელაპარაკა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, ორსულ მარი მაზმიშვილს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა თ. კ-ემ კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები – „ამფეტამინი“ და „მეტამფეტამინი“, რაც გამოვლინდა 2020 წლის 5 მარტს ჩატარებული თ. კ-ის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ნიკა მახარაძე საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ თ. კ-ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ თ. კ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების (საქმის მასალების მიხედვით, არ ვლინდება წარსულში მისი მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი და ეს იყო პირველი შემთხვევა, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელთან ერთადაც აგრძელებს ერთ ოჯახად ცხოვრებას, ჰყავს ახლად შეძენილი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა) მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
8. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა და, ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება თ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შეფარდებულ ჯარიმაზე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე