ას-565-845-04 14 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 15 მაისს ც. ქ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს.-ზის” სამტრედიის სადგურის მიმართ მარჩენალის გარდაცვალების გამო დარიცხული სარჩოს მიუღებლობის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 1973 წლამდე მისი მეუღლე ა. ქ.-ე მუშაობდა მოპასუხე საზოგადოებაში მტვირთავის თანამდებობაზე. 1973 წელს, შრომითი მოვალების შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო, იგი გარდაიცვალა. მის მეუღლესა და შვილებს დაენიშნათ ყოველთვიური სარჩო 21,27 მანეთის ოდენობით, რომელსაც მხარე იღებდა 1992წ. დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ კი ორგანიზაციამ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარმოუდგენლობის მოტივით ც.ქ.-ს სარჩოს ანაზღაურებაზე უარი განუცხადა. მოსარჩელის განმარტებით, იგი მე-3 ჯგუფის ინვალიდია. მან რამოდენიმეჯერ უშედეგოდ მიმართა მოპასუხეს კუთვნილი თანხის მისაღებად. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით კოლეგიამ იხელმძღვანელა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის მე-4, 36-ე, 38-ე, 56-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის მეორე ნაწილით და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოპასუხეს დაეკისრა ერთდროულად 1908 ლარის, ხოლო მდგომარეობის შეცვლამდე _ ყოველთვიურად 53,14 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ც.ქ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით ც. ქ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს “ს.-ის” სამტრედიის სადგურს მის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადად 5864,85 ლარის, ასევე 2004წ. 1 იანვრიდან ყოველთვიურად სარჩოს სახით 73,88 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1968წ. 18 მარტიდან აბესალობ ქ.-ე მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დატვირთვა-გადმოტვირთვის მექანიზებული საწარმოო უბნის მტვირთავად მუშად, რა დროსაც მან გაიარა უსაფრთხილების სათანადო ინსტრუქტაჟი. საქმეში არსებული “საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ” ¹2 აქტით დასტურდება, რომ 1973წ. 19 აპრილს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დატვირთვა-გადმოტვირთვის მექანიზირებულ საწარმო უბანში მოხდა უბედური შემთხვევა, რომლის შედეგად აბესალობ ქ.-ემ მიიღო საწარმოო ტრავმა, ამავე წლის 21 აპრილს კი გარდაიცვალა. ასევე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისათვის სარჩოს დანიშვნის ფაქტი, რომელსაც ისინი ღებულობდნენ 1993 წლამდე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48-ე ბრძანებით “შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 35-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ქ.-ეების ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამჟამად სარჩო ეკუთვნის მხოლოდ გარდაცვლილის მეუღლეს, მოსარჩელე ც. ქ.-ეს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება მოსარჩელის მიერ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ხანდაზმულობის სასარჩელო ვადის გაშვების შესახებ, ვინაიდან სკ-ით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები შრომითი მოვალეობების შესრულებისას, მარჩენალის დაკარგვის გამო, არსებულ ურთიერთობებზე არ ვრცელდება. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ზიანის მიყენებიდან გამომდინარე სარჩოს დანიშვნასთან, არამედ მის გადაანგარიშებასთან.
სააპელაციო საჩივრის განხილვისას აპელანტმა თავის დაზუსტებულ საბოლოო მოთხოვნაში უარი თქვა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრზანებულების 36-ე მუხლის “ბ” პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობიდან სარჩოს დანიშვნაზე და ჩათვალა, რომ ზიანის ანაზღაურება მარჩენალის დაკაგვისათვის უნდა მოხდეს ხსენებული ¹48-ე ბრძანებულების 36-ე მუხლის “ა” პუნქტით და მოითხოვა 1995წ. 1 ოქტომბრიდან 2004წ. 1 იანვრამდე სარჩოს სახით ერთროულად 6300 ლარის, ხოლო 2004წ. 1 იანვრიდან ყოველთვიურად 75 ლარის და 40 თეთრის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს “ს.-ზის” სამტრედიის ტერიტორიალური სამმართველოს მონაცემებით ამჟამად არ არსებობს მტვირთავი მუშის თანამდებობა, მაგრამ მათ ორგანიზაციაში არსებობს იმავე თანრიგის პროფესია – რკინიგზის სადგურის ავტო ამწის ჩამბმელი. აღნიშნულ გარემოებას არც აპელანტი უარყოფს. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ზიანი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების 36-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, უნდა ანაზღაურდეს. დადგენილია და მხარეებს საეჭვოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს “ს.-ში” ხუთ წელზე მეტი სტაჟის მქონე მუშაკებს ხელფასზე ეკუთვნის ყოველთვიური დანამატი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე შპს “ს.-ის” წარმომადგენლის მოსაზრება, თითქოს გარდაცვლილ ა. ქ.-ეს არ ჰქონდა ხუთ წელზე მეტი მუშაობის სტაჟი, ვინაიდან საქმეში არსებულ დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, რომ 1968წ. 18 მარტს ის უკვე მუშაობდა მოპასუხის წარმოებაში, ხოლო მუშაობის 5 წლიანი სტაჟი შეუსრულდა 1973წ. 18 მარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის აზრით, დაზარალებაულმა მოიპოვა ზიანის ანაზღაურებისას კანონით გათვალისწინებულ ხელფასზე 35%-იანი დანამატის მიღების უფლება. მითითებულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბრძანებულების 36-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, ყოველთვიური სარჩოს გაანგარიშება უნდა მომხდარიყო სამტრედიის რკინიგზის სადგურში ხუთ წელზე მეტი სტაჟის მქონე მომუშავე ავტოამწის ჩამბმელი მუშის სამი თვის ფაქტობრივად მიღებული სამუშაო ხელფასიდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ს.-ის” სამტრედიის სადგურის ბუღალტერის კილაძის ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ხელფასის გაცემის უწყისების შესაბამისად, მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი აქვს ავტოამწის ჩამბმელ მუშას ა. ტალაბაძეს. ამრიგად, საქმეში არსებული 2002წ. იანვრის, თებერვლისა და მარტის ხელფასების გაცემის უწყისების მონაცემების გათვალისწინებით სამი თვის საშუალო ხელფასი შეადგენს 342 ლარს. 342 ლარიდან 3 თვეზე საშუალო ხელფასი არის 113,66 ლარი. პალატის გამოთვლით მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა სულ 1034,30 ლარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება შპს “ს.-ზის” სამტრედიის სადგურის წარმომადგენელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ ა. ქ.-ე 1968 წლიდან მუშაობდა ყოფილი სსრკ გზათა მიმოსვლის სამინისტროს ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილების დატვირთვა-გადმოტვირთვის დისტანციაში, რომლის სამართალმემკვიდრე არის შპს “ს.-ზის” სამტრედიის სადგური. 1973წ. 19 აპრილს, 19.00 საათზე, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ნახშირით დატვირთული ვაგონის დაცლისას მომხდარი უბედური შემთხვევისას მიღებული საწარმოში ტრავმის მიღების შედეგად ა. ქ.-ე გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო, მისი მეუღლე, ამჟამად მოსარჩელე ც. ქ.-ე, შპს “ს.-ის” დატვირთვა-გადმოტვირთვის დისტანციიდან 1991 წლამდე იღებდა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას 21 მანეთისა და 27 კაპიკის ოდენობით. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მასზე გამოწერილი მოცემული თანხა 1991 წლიდან არ მიუღია. 1994წ. ზაფხულში მოსარჩელე საწარმოს ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ გამოცხადდა ადმინისტრაციაში და იმ მოტივით, რომ მისაღები თანხა, ინფლაციის გამო, მგზავრობის ხარჯებსაც ვერ აანაზღაურებდა, უარი განაცხადა თანხის მიღებაზე. მას შემდეგ იგი არ გამოჩენილა და 2002წ. 14 თებერვლამდე არც თანხა მოუთხოვია. მხარის აზრით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არასწორადაა განმარტებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სარჩოს არ ღებულობდა 1993 წლამდე. ც.ქ.-ეს სარჩოს მიღება შეუწყდა მისი ინიციატივით არა 1993, არამედ 1991 წელს. მიუღებელ თანხმას საწარმო 1995წ. იანვრამდე ინახავდა დეპოზიტის ანგარიშზე, 1995წ. იანვარში კი ეს თანხა ავტომატურად გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის შემდეგ ადმინისტრაციას ც.ქ.-ისათვის თანხა აღარ გამოუწერია თანხის არ მიღების თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სკ-ის 128-ე მუხლისა და 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი ინიციატივით 1994წ. ზაფხულში უარი განაცხადა 1991-94 წლებში გამოწერილი მიუღებელი თანხის მიღებაზე და მას შემდეგ 2002წ. 14 თებერვლამდე საწარმოში არ გამოცხადებულა და ცნობაც არ გამოუგზავნია საცხოვრებელი ადგილიდან, რითაც დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება 44 მუხლის “ე” პუნქტი. მხარემ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება იმდენად, რამდენადაც შრომითი მოვალეობის შესრულებისათვის მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომელზედაც ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე არსებობს ვადის ათვლის თავისებურება, რაც დაკავშირებულია შესასრულებელი ვალდებულების პერიოდულობასთან. თითოეული შესრულების ვადა სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 3 წელია. კასატორმა მიუთითა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის ¹3 კ/1198-2 და ამავე სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის ¹3 კ-1366-2 გადაწყვეტილებებზე. კასატორის განმარტებით, სასამართლოს, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების მიუღებელი თანხის გაანგარიშება და დანიშვნა უნდა მოეხდინა არა 1995 წლიდან, როგორც მოსარჩელე ითხოვდა, არამედ ორგანიზაციაში განცხადების შეტანის დღისათვის ბოლო სამი წლიდან, ესე იგი 1999წ. თებერვლიდან 2002წ. თებერვლის ჩათვლით. 1999წ. თებერვლიდან 2000წ. თებერვლამდე მუშის სატარიფო განაკვეთი ერთ თვეში შეადგენდა 63 ლარს, ე.ი ქ.-ე ცოცხალი რომ ყოფილიყო 1999წ. ყოველ თვეში მიიღებდა 63 ლარს, 2000წ. თებევრლიდან 2001წ. თებერვლამდე _ 81 ლარს, ხოლო 2001წ. თებერვლიდან 2002წ. თებერვლამდე კი 106 ლარს. მოცემული თანხების ჯამი გამრავლებული 36 თვეზე უდრის 3000 ლარს. ვინაიდან გარდაცვლილს ჰყავდა სარჩენი მხოლოდ მეუღლე, ამდენად, ეს თანხა უნდა გაიყოს ორზე, რაც შეადგენს 1500 ლარს. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ გაანგარიშება მოახდინა არა ისე, როგორც ზემოთაა აღნიშნული, არამედ 2002წ. იანვრის, თებერვლისა და მარტის ხელფასების გაცემის უწყისების მონაცემების მიხედვით, რაც უკანონოა, რადგან ამ მონაცემებში არასწორად შედიოდა წელთა დამსახურება, რომელიც შემოღებულ იქნა 1981 წელს სსრკ გზათა მიმოსვლის მინისტრის 1978წ. 27 თებერვლის ¹18ც ბრძანებით, ე.ი ქ.-ის გარდაცვალებიდან რვაწ. შემდეგ. ასევე უკანონოა მისი გაანგარიშება, რომელიც მოახდინეს 2002 წელში 30%-ით მომატებული ხელფასის მონაცემებით, გაანგარიშება უნდა მომხდარიყო მხოლოდ საწარმოში განცხადების შეტანის დღისათვის, ე.ი 2002წ. 14 თებერვლისათვის არსებული მონაცემებით და არა 2004წ. მონაცემებით. ხოლო 2002წ. ნოემბერში მომატებული ხელფასის თანხად გაანგარიშებას, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-12 მუხლის შესაბამისად, მოახდენს თვით დამქირავებელი, რკინიზგის სამტრედიის სადგურის ადმინისტრაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც გათვალისწინებულ იქნება სკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები და ვნებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება მოხდება ორგანიზაციაში მოსარჩელის მიერ განცხადების შეტანის დღისათვის საქმეში არსებული საშტატო განრიგით დაწესებული თანხობრივი მონაცემების მიხედვით, წელთა დამსახურების დანამატის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და კასატორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ც. ქ.-ის მეუღლე ა. ქ.-ე 1968წ. 18 მარტიდან მუშაობდა მუშად ყოფილი სსრკ გზათა მიმოსვლის სამინისტროს ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილების დატვირთვა-გადმოტვირთვის დისტანციაში, რომლის სამართალმემკვიდრე არის შპს ,,ს.-ის” სამტრედიის სადგური. ა. ქ.-ე 1973წ. 19 აპრილს საწარმო ტრავმის მიღების შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი მეუღლე ც. ქ.-ე ღებულობდა ყოველთვიურ სარჩოს მარჩენალის დაკარგვის გამო.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის ორგანიზაციაში ამჟამად არ არსებობს მტვირთავი მუშის თანამდებობა, თუმცა არსებობს იმავე თანრიგის პროფესია _ რკინიგზის სადგურის ავტოამწის ჩამბმელი.
საქმის მასალებით 2002წ. 25 თებერვალს ც. ქ.-მ განცხადებით მიმართა მოპასუხეს 1993 წლიდან შეწყვეტილი სარჩოს გაცემის აღდგენის მიზნით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვადები არ ვრცელდება შრომითი მოვალეობების შესრულებისას მარჩენალის დაკარგვით ზიანის ანაზღაურების ურთიერთობებზე.
სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის დებულებები ზოგადი ხასიათისაა და ვრცელდება ყველა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, თუ რაიმე გამონაკლისი არ არის დადგენილი. ამგვარი ზოგადი ხასიათისაა სამოქალაქო სამართალში ხანდაზმულობის მარეგულირებელი სკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის ძალითაც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, გარდა ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პირადი არაქონებრივი უფლებების და მეანაბრეთა მოთხოვნებისა. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება ტიპიური სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან მომდინარეობს და მასზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე, ვრცელდება სკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწესებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ე.ი. იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში პერიოდულად შესასრულებელი თითოეული დარღვეული უფლება ცნობილი იყო რა უფლებამოსილი პირისათვის, ც. ქ.-ისათვის, მას თითოეულ მათგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება გააჩნია და ხანდაზმულობის ვადის გამოთვლაც სწორედ ცალკეული დარღვევიდან უნდა მოხდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ც. ქ.-ს უნდა აუნაზღაურდეს მოთხოვნამდე _ 2002წ. თებერვლამდე _ წინა სამი წლის თანხა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, სამართლის ნორმების დარღვეულად მიჩნევისა და ამ საკითხზე კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს წელთა დამსახურების დანამატის გარეშე. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის მე-13 პუნქტით, ,,ხელფასში, საიდანაც იანგარიშება ზიანის ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე, შედის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება (ძირითადი ხელფასი, პრემია, დამატებითი ანაზღაურება იმავე ორგანიზაციაში, ზეგანაკვეთური სამუშაოებისათვის, შრომის მავნე და მძიმე პირობებისათვის, დანამატი ნამსახურობისათვის, აგრეთვე, სხვა დამქირავებელთან მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება.” ამავე ნორმატიული აქტის მე-12 პუნქტით კი ,,ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო დაზარალებულმა ეს ტრავმა.” აღნიშნული ნორმების ანალიზით ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ დაზარალებულისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დანამატი ნამსახურობისათვის, ვინაიდან დადგენილი სარჩოს გადაანგარიშება სწორედ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცვლილებებითაა გამოწვეული.
ამდენად, ც. ქ.-ეს უნდა აუნაზღაურდეს 1999წ. თებერვლიდან 2002წ. ნოემბრამდე 44 თვის მიუღებელი სარჩო ყოველთვიურად 56 ლარისა და 83 თეთრის ოდენობით, რაც შეადგენს 2500 ლარსა და 52 თეთრს. 2002წ. 1 ნოემბრიდან 2004წ. 1 იანვრამდე 14 თვის ზიანის 1034,30 ლარის ანაზღაურების ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ე. ი. ც. ქ.-ემ 1999წ. თებერვლიდან 2004წ. იანვრამდე ერთდროულად სარჩოს სახით უნდა მიიღოს 3534 ლარისა 82 თეთრის ოდენობით. რაც შეეხება 2004წ. 1 იანვრიდან ყოველთვიურ სარჩოს, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ 2002წ. ნოემბერში მომატებული ხელფასით გადაანგარიშება დამქირავებელს უნდა მოეხდინა და არა სასამართლოს. დავის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია და უფლებამოსილი, მოახდინოს ზიანის ასანაზღაურებლად დადგენილი სარჩოს გადაანგარიშება.
საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებზე, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ _ 5864 ლარის დაკისრების გაუქმების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
შპს ,,ს.-ის” სადგურის წარმომადგენლის, ი. ჩ.-ის, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება შპს ,,ს.-ის” სამტრედიის სადგურისათვის 5864,85 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს ,,ს.-ის” სამტრედიის სადგურს ც. ქ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1999წ. თებერვლიდან 2004წ. 1 იანვრამდე ყოველთვიურად გადასახდელი სარჩოს 3534 ლარისა და 82 თეთრის გადახდა.
გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.