Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №277აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი რ-ნ, 277აპ-21 16 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის განაჩენით რ. მ-ი, – დაბადებული 20-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 9 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. მ-მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, მ-ში, შ. რ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, რ. მ-ი და ა. ა-ი, ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ლითონის საჭრელი მაკრატლის გამოყენებით ცდილობდნენ შპს “დ. დ. ჯ-ის“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სალაროს გაღებას და მასში არსებული ფულის დაუფლებას, რითიც დაზარალებულს მიადგებოდა 1339,5 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

4. მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. მ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული არის ნასამართლობის არმქონე ახალგაზრდა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. ამასთან, ადვოკატი ითხოვს საქმის განხილვას მსჯავრდებულის მონაწილეობით.

5. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით (ბრალდებულ რ. მ-ის, დაზარალებულის წარმომადგენელ რ. ფ-ის, მოწმეების – ი. დ-ის, რ. ბ-ის, დ. ხ-სა და სხვათა ჩვენებები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 17 ოქტომბრის №- დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2019 წლის 15 ოქტომბრის №- დასკვნა და სხვ.) უტყუარადაა დადასტურებული რ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

9. რაც შეეხება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მათი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ბრალად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე