¹ ბს-135-104-კ-05 1 ივნისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ტექნიკური ბიუროს ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, სახლის ნაწილზე საკუთრების უფლების დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 6 დეკემბერს ო. და თ. დ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: დ. უ-ის, ზ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს, ნოტარიუსთა პალატისა და ნოტარიუს ზ. რ-ის მიმართ ბიუროს ჩანაწერებში ცვლილების შეტანის, სახლის ნაწილზე საკუთრების უფლების დადგენისა და მისი რეალურად გამოყოფის, სამემკვიდრო მოწმობის და სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობისა და მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებულად ჩათვლის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ ო. დ-მა და მისმა მამიდამ ი. დ-მა 1959წ. 10 მაისს ზ. და ნ. ბ-ების მამისგან _ გ. ბ-ისა და მოპასუხე დ. უ-ის დედისგან _ თ. თ-ისაგან საზიაროდ იყიდეს პირადი საკუთრების სახლის ერთ მეოთხედი, რომელიც შედგებოდა ორი ოთახისგან, შუშაბანდისა და სარდაფისგან, აგრეთვე, 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირად სარგებლობაში. მოსარჩელეების განმარტებით, იმის გამო, რომ სახლი იყო მშენებლობის პროცესში, სათანადო წესით ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თავის დროზე ვერ გაფორმდა, ხოლო შემდგომ თ. თ-ემ თავი აარიდა სახლის გადაფორმებას.
ზემოაღნიშნული გარემოების გამო, ო. და ი. დ-ებმა ჯერ კიდევ 1970 წელს მიმართეს თბილისის ყოფილი ორჯონიკიძის რ-ნის სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად. ქ. თბილისის ყოფილი ორჯონიკიძის რ-ნის სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო. დ-ისა და ი. დ-ის სარჩელი და ისინი ცნობილ იქნენ ... ქ. ¹27-ში მდებარე თ. თ-ის სახელზე რიცხული სახლის 1/4-ის მესაკუთრედ. გარდა ამისა, 1970წ. 9 ნოემბერს სასამართლოს მიერ აქტით დადგინდა, რომ ო. და ი. დ-ებს შეძენილი ჰქონდათ სახლის პირველი სართულის მარცხენა მხარეს მდებარე ორი ოთახი სარდაფით, შესასვლელი უკანა მხრიდან, ეზო საერთო სარგებლობით და 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირად სარგებლობაში. სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ო. დ-მა წარადგინა ქალაქის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რაც დასტურდება სასამართლოსადმი ამ უკანასკნელის 22.09.71წ. ¹დ/143 წერილით. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ კი, მოსარაჩელეთა მითითებით, დაარღვია სსკ-ის მე-10 მუხლის მოთხოვნა და არ შეასრულა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.
1992წ. 27 თებერვალს გარდაიცვალა ო. დ-ის მამიდა _ ი. დ-ი, რომელმაც მთელი თავისი ქონება 1990წ. 14 დეკემბერს სანოტარო წესით შედგენილი ანდერძით დაუტოვა ო. დ-ის ქალიშვილს _ თ. დ-ს.
მოსარჩელეების მითითებით, მიმდინარე მოვლენების გამო, ანდერძით მემკვიდრეობის გადაფორმება თ. დ-ზე ტექინვენტარიზაციის ბიუროში ვერ მოხერხდა, თუმცა თ. დ-ი, ი. დ-ის გარდაცვალებამდე, ფაქტობრივად, დაეუფლა მის ქონებას და დღეისათვის მის მფლობელობასა და განკარგვაში იმყოფება, რის გამოც, მოსარჩელეების მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თ. დ-ს მიღებულად უნდა ჩაეთვალოს მისი მამკვიდრებლის _ ი. დ-ის სამკვიდრო.
მოსარჩელეების განმარტებით, მათთვის 2001წ. 30 აგვისტოს ტექაღრიცხვის სამსახურის ¹24.19.04 ცნობის შესაბამისად, ცნობილი გახდა, რომ ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლის 1/4 ირიცხებოდა ნ. ბ-ზე და 1/4 _ ზ. ბ-ზე 30.01.86წ. ¹1-79 კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, ხოლო 1/2 _ დ. უ-ეზე 10.06.98წ. ¹2მ-344 კანონიერი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ არ გაატარა რეგისტრაციაში ორჯონიკიძის რ-ნის სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც სახლის 1/4-ის მესაკუთრედ ცნობილ იყვნენ ო. და ი. დ-ები.
მოსარჩელეების მითითებით, მოპასუხეები _ ნ. და ზ. ბ-ები არიან გ. ბ-ის მემკვიდრეები, მემკვიდრეობის მოწმობა გაცემულია ქ. თბილისის ნოტარიუს ზ. ი-ის მიერ. მემკვიდრეობის მოწმობაში არასწორად არის მითითებული, რომ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს მთელი საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილი, სინამდვილეში კი სამკვიდრო ქონება შეადგენდა მთელი საცხოვრებელი სახლის 3/8-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ გ. ბ-ის სამკვიდრო ქონებაში ისე შევიდა ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლის 3/8, რომ ეს ნაწილი არ იყო მისი საკუთრება. თავისთავად, სამკვიდრო ქონებაში, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედის მხოლოდ ის ქონება, რაც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა სიკვდილის მომენტისათვის. ნოტარიუსი ზ. ი-ე გარდაიცვალა და მასალები ინახება ნოტარიუსთა პალატაში და მოპასუხედ მათი მხრიდან ჩართულ იქნა ნოტარიუსთა პალატა. რაც შეეხება მოპასუხე კ. უ-ეს, იგი არის თ. თავართქილაძის მემკვიდრე და სამკვიდრო მოწმობაში, ზემოთ აღნიშნულის ანალოგიურად, არასწორადაა მითითებული, რომ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლის 1/2, სინამდვილეში კი სამკვიდროს წარმოადგენდა მთელი სცხოვრებელი სახლის 3/8, რაც იმას ნიშნავს, რომ გ. ბ-ის სამკვიდრო ქონებაში ისე შევიდა ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლის 3/8, რომ ეს ნაწილი არ იყო მისი საკუთრება.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა ნ. და ზ. ბ-ებმა და დ. უ-ემ შეგნებულად დამალეს ის გარემოება, რომ ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლის ნაწილის მესაკუთრეები არიან ო. და თ. დ-ები (ი. დ-ის მემკვიდრე), რომლებიც ამ სახლში ცხოვრობდნენ 1962 წლიდან და იხდიდნენ გადასახადებს. მოსარჩელეების მოსაზრებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, 1964წ. სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლითა და ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1) დაევალოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლის 1/4-ის მესაკუთრეებად რეგისტრაციაში გაატაროს ო. დ-ი და თ. დ-ი; 2) ბათილად იქნეს ცნობილი 1986წ. 30 იანვრის კანონიერი მემკვიდრეობის მოწმობა და დაევალოს ნოტარიუსთა პალატას, გასცეს ახალი სამკვიდრო მოწმობა მემკვიდრეებისათვის კუთვნილი რეალური წილის გათვალისწინებით; 3) ბათილად იქნეს ცნობილი 1998წ. ¹2მ-334 კანონიერი მემკვიდრეობის მოწმობა და დაეკისროს ნოტარიუს ზ. რ-ეს, გასცეს ახალი სამკვიდრო მოწმობა მემკვიდრისათვის კუთვნილი რეალური წილის მიკუთვნებით; 4) ამოირიცხოს მოპასუხეების ნ. ბ-ის, ზ. ბ-ის, კ. უ-ის საკუთრებიდან ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლის 1/4 და მის მესაკუთრედ ცნობილ იქნენ ო. დ-ი და თ. დ-ი; 5) 1970წ. 9 ნოემბერს სასამართლოს მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე, მოსარჩელეებს გამოეყოთ რეალური წილი _ ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლის პირველი სართულის, მარცხენა მხარეს მდებარე ორი ოთახი სარდაფით, შესასვლელი უკანა მხრიდან, ეზო საერთო სარგებლობით და 50 კვ.მ ნაკვეთი პირადი საკუთრების უფლებით.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის განჩინებით, ყადაღა დაედო დ. უ-ის, ნ. და ზ. ბ-ების სახელზე რიცხულ ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე სახლს.
მოპასუხეებმა დ. უ-ემ, ნ. და ზ. ბ-ებმა სასარჩელო განცხადება არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ 1959წ. 10 მაისს ო. და ი. დ-ებს გ. ბ-სა და თ. თ-ესთან ხელშეკრულება არ დაუდიათ. სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ ითვლება დადებულად, თუ ეს ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და სამი თვის განმავლობაში მოხდება მისი რეგისტრაცია ტექაღრიცხვის ბიუროში, ამასთან, ხელშეკრულება სანოტარო წესითაც რომაც ყოფილიყო დადებული, თუ იგი რეგისტრაციაში არ იქნებოდა გატარებული სამი თვის განმავლობაში მაინც, ბათილად ჩაითვლებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაურული წესით დადებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
მოპასუხეების მითითებით, თბილისის ორჯონიკიძის რ-ნის სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაკარგა იურიდიული მნიშვნელობა. ამ ვადის გაგრძელებას კი კანონი არ ითვალისწინებს. ასევე, უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელია მოსარჩელეების განმარტება, რომ სასამართლოს მიერ შედგენილი აქტი გამოდგება სახლის ან სახლის ნაწილის საკუთრების უფლების ცნობის საფუძვლად. ასეთი გარემოება არც ძველი და არც ახალი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის. ასეთი მოსაზრება მიუღებელია სასამართლოსათვის და მტკიცებულებების ძალა არ აქვს.
მოპასუხის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელზედაც მოსარჩელეები ამყარებენ თავიანთ სასარჩელო განცხადებას, ხანდაზმულია და მტკიცებულებად არ გამოიყენება.
სადავო ქონება ანდერძის დამტოვებელ ი. დ-ს არ ეკუთვნის იმის გამო, რომ სამართლებრივი ურთიერთობები წარმოშობილია ახალი კოდექსის ამოქმედებამდე, რის გამოც სასამართლო დავის გადაწყვეტისას ვერ გამოიყენებს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1007-ე მუხლებს.
მოპასუხის მითითებით, სასამართლო ბათილად ვერ ცნობს 1986წ. 30 ივნისს გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობას, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა ადმინისტრაციულ- სამოქალაქო საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განხილვისა და ერთი საერთო გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. ამავე სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს სახლთმფლობელობის 1/4-ზე სანოტარო მოქმედების ბათილობა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით ო. და თ. დ-ების სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა;
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ თბილისის ორჯონიკიძის რ-ნის სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ხანდაზმულია აღსასრულებლად, როგორც ახალი სამოქალაქო კოდექსის (142-ე - 144-ე მუხლების) ასევე ძველი სსკ-ის (75ე - 79-ე მუხლების) შესაბამისად.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული აქვთ საპატიო მიზეზით.
არ დაეთანხმნენ რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. და თ. დ-ებმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ 1959წ. 10 მაისს ო. და ი. დ-ებმა ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹87-ში მდებარე ნაკვეთის მფლობელ თ. თ-ესა და მის მეუღლე გ. ბ-თან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელნი ვალდებული იყვნენ ამ ნაკვეთზე აეშენებინათ და ო. და ი. დ-ებისთვის საკუთრებაში გადაეცათ სახლის პირველ სართულზე მდებარე ორი ოთახი თავისი შუშაბანდით და სარდაფით და დამოუკიდებელ სარგებლობაში გადაეცათ 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სანაცვლოდ გადაეხადათ 50 000 მანეთი. ხელშეკრულების პირობის თანახმად გამოყოფილი კუთვნილი წილი სანოტარო წესით არ გაუფორმებიათ, რის გამოც მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს საკუთრების უფლების დადგენა. თბილისის ორჯონიკიძის რ-ნის სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა და დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე თ. თ-ის სახელზე რიცხული სახლის 1/4 წარმოადგენს ო. და ი. დ-ების საკუთრებას. გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით წარდგენილ იქნა აღსასრულებლად თბილისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში.
1992 წელს გარდაიცვალა ი. დ-ი, რომელმაც მთელი თავისი ქონება 1990 წელს შედგენილი სანოტარო ანდერძით დაუტოვა ო. დ-ის ქალიშვილს _ თ. დ-ს, რომელიც ცხოვრობს მამასთან ერთად აღნიშნულ მისამართზე და რომელმაც სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, ფაქტობრივად მიიღო ი. დ-ის დანაშთი ქონება, მაგრამ არ დაუყენებია ამ ქონების სანოტარო წესით გადაფორმების საკითხი, რადგან მითითებული ნორმის გათვალისწინებით, სამკვიდრო მიღებულად ეთვლებოდა და ქონების გადაფორმება გადაწყვიტა 2001 წელს.
ტექბიუროს 2001წ. 30 აგვისტოს ცნობით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ტექბიუროს ისრულეში არ მოუყვანია და არ აღსრულებულა. აღნიშნულის გამო, სარჩელი აღძრეს სასამართლოში. სასამართლომ მათი მოთხოვნა უარყო ხანდაზმულობის მოტივით, რაც, აპელანტების მითითებით, განპირობებულია სასამართლოს მიერ კანონის არასწორი გამოყენებით და რიგ შემთხვევაში მისი არასწორი განმარტებით. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი, თუ რომელი კანონმდებლობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული დავის განხილვისას და გამოიყენა როგორც ძველი, ისე - ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები და არასწორად განმარტა ისინი. სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი ვრცელდება ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელებს წარმოეშვათ სადავო სახლზე უფლება, გამოტანილია 1971 წელს. სსკ-ის 75-ე მუხლს საერთო არაფერი აქვს მოცემულ დავასთან, ვინაიდან ის ეხება ნივთიერი მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე მხარეთა მოვალეობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გულისხმობდა სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლს, მაშინ სარჩელის უარყოფა არც ამ მუხლით შეიძლებოდა.
აპელანტების მითითებით, სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება მათ აღსასრულებლად წარადგინეს კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ტექაღრიცხვის სამსახური შეასრულებდა ამ გადაწყვეტილებას. ტექაღრიცხვის სამსახურის მხრიდან შეუსრულებლობა მათთვის ცნობილი გახდა 2001 წელს და ამდენად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლაც ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოს, ვინაიდან, მათ მიერ არ ყოფილა გაშვებული ხანდაზმულობის ვადა, ამიტომ უსაფუძვლოა სასამართლოს არგუმენტი, რომ ისინი ვერ ადასტურებენ ხანდაზმულობის ვადის საპატიო მიზეზით გაშვების ფაქტს. სასამართლომ ისე განიხილა დავა, რომ სასამართლოში საქმის განხილვას არ დასწრებია ტექაღრიცხვის სამსახური. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, რატომ არ იყო მათი მოთხოვან ტექაღრიცხვის სამსახურის მიმართ საფუძვლიანი და შემოიფარგლა მხოლოდ მასზე მითითებით, რომ მოპასუხე დ. უ-ე, ნ. და ა. ბ-ები უფლებამოსილი არიან უარი თქვან მოსარჩელების მიერ მოთხოვნილი ფართის გადაცემაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები ითხოვდნენ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხდების დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსხილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და იშუამდგომლა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერით, რათა ო. დ-თან ერთად სახლთმფლობელობის სადავო ნაწილის მესაკუთრედ თ. დ-ის ნაცვლად აღრიცხულიყო ი. დ-ი, ვინაიდან თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რ-ნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მათი სასამართლო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა ო. დ-თან ერთად ფიგურირებს ი. დ-იც.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინებით მოთხოვნები კანონიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმებისა და სახლთმფლობელობიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად და მისი განხილვა შეჩერდა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების თაობაზე დავის გადაწყვეტამდე. ამასთან, მიჩნეულ იქნა, რომ იგი სამოქალაქო, სამწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით ო. და თ. დ-ების სააპელაციო საჩიავრი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4-ის მესაკუთრედ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ო. და თ. დ-ების რეგისტრაციაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ქ. თბილისის ორჯონიკიძის რ-ნის სახალხო სასამართლოს, 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4-ის მესაკუთრედ აღერიცხა ო. და ი. დ-ები.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის _ ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურისათვის გარკვეული ქმედების განხორციელების მოვალეობის დაკისრების თაობაზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4 ნაწილის მესაკუთრედ ო. და ი. დ-ების აღრიცხვას საფუძვლად უდევს ამ უკანასკნელთა საკუთრების უფლება სახლთმფლობელობის სადავო ნაწილზე. თავის მხრივ კი, ეს დადგენილად არის მიჩნეული კანონიერ ძალაში შესული თბილისის ორჯონიკიძის რ-ნის სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერი უფლებაწარმომშობ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს არ წარმოადგენს, იგი მხოლოდ აფიქსირებს რეალურად არსებული მხარის მატერიალურ სამართლებრივ უფლებას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეებს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევიათ, ვინაიდან სააპელაციო პალატაში წარმოდგენილი მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს წერილით ირკვევა, რომ ო. დ-მა სასამართლოს გადაწყვეტილება ბიუროში წარადგინა 13 აგვისტოს ე.ი. კანონით დადგენილ სამთვიან ვადაში.
არ დაეთანხმნენ რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იგი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. უ-ემ, ზ. და ნ. ბ-ებმა.
კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ სსკ-ის (ძველი რედაქციით) 359-ე მუხლის შესაბამისად: “სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი მხარე მოქ.ეა, შეიძლება წარდგენილ იქნეს იძულებითი აღსრულებისთვის სამი წ. განმავლობაში კანონიერ ძალაში მისი შესვლის მომენტიდან”, მოსარჩელეების მიერ კი აღნიშნული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულია. სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ დ-ებს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში წარუდგენიათ 13 აგვისტოს ე.ი “კანონით დადგენილ სამთვიან ვადაში”, უსაფუძვლოა, ვინაიდან 1971წ. 13 აგვისტოს გამოტანილ გადაწყვეტილებას იმავე დღესვე ვერ წარადგენდნენ აღსასრულებლად, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რომელი წ. 13 აგვისტოს წარადგინეს ტექინვენტარიზაციის ბიუროში მოსარჩელეებმა გადაწყვეტილება აღსასრულებლად.
კასატორების მოსაზრებით, კანონის შინაარსიის დამახინჯებაა ასევე იმის განმარტება, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი თითქმოს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს არ წარმოადგნეს და ის, თურმე, მხოლოდ აფიქსირებს რეალურად მხარის მატერიალურ სამართლებრივ უფლებამოსილებას.
საბინო საკითხის გადაწყვეტისას, კასატორების განმარტებით, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს სათანადო ორგანოში რეგისტრაციას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომლიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომლელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონის ნორმა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ზ. და ნ. ბ-ებმა უარი თქვეს საკასაციო საჩივარზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და ზ. ბ-ების საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო დ. უ-ეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. თბილისის ორჯონიკიძის რ-ნის სახალხო სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების _ ო. და ი. დ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹27-ში მდებარე თ. თ-ის სახელზე რიცხული სახლის 1/4 წარმოადგენს ო. და ი. დ-ების საკუთრებას.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ო. დ-ის მიერ 1971წ. 22 სექტემბრისათვის წარდგენილი იყო სსრ მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რომელმაც გადაწყვეტილება აღსრულების საკითხის შემდგომი გადაწყვეტის მიზნით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის გასარკვევად დაუბრუნა ქ. თბილისის ორჯინიკიძის რ-ნის სახალხო სასამართლოს, რის შედეგადაც გადაწყვეტილება დარჩა აღუსრულებელი.
1992 წელს გარდაიცვალა ი. დ-ი, რომელმაც ანდერძით თავისი ქონება დაუტოვა მოწინააღმდეგე მხარეს _ თ. დ-ს, რომელიც მამასთან, ო. დ-თან, ერთად ცხოვრობს სადავო სახლში. აღნიშნული პირების მითითებულ სახლში ცხოვრების ფაქტს ადსტურებს თავად კასატორიც.
კასატორის პრეტენზია ძირითადად ეფუძნება სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილს, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და კანონის დარღვევით მოახდინა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადის აღდგენა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
კასატორი საკასაციო პრეტენზიის დასასაბუთებულად მიუთითებს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (საუბარია 1964წ. კოდექსზე) 359-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ მხარის მიერ გაშვებულია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების კანონით დადგენილი სამწლიანი ვადა. ზემოაღნიშნული 359-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთ მხარედ მოქ.ეა, შეიძლება წარდგენილ იქნეს იძულებითი აღსრულებისათვის სამიწ. განმავლობაში კანონიერ ძალაში მისი შესვლის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის შინაარს და განმარტავს, რომ კანონმდებელი აღნიშნულ ვადაში სავალდებულოდ მიიჩნევს გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც აღსასრულებლად წარდგენილი იყო კანონით დადგენილ _ 3 წლიან ვადაში, მაგრამ ამ ვადაში მისი აღსრულება ვერ მოესწრო, აღსრულებას აღარ ექვემდებარება. დადგენილია, რომ ო. დ-ის მიერ ორჯონიკიძის რ-ნის სახალხო სასამართლოს 1971წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად წარდგენილია იმავე წელს. აღნიშნულს ვერ უარყოფს ვერც კასატორი.
ამდენად, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 1971წ. 13 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილება მხარის მიერ აღსასრულებლად წარდგენილი იყო სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე საპროცესო კოდექსის 360-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება სააღსრულებო საბუთის აღსასრულებლად წარდგენით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული მუხლი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიუთითოს, რომ ტექბიუროში სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენის მომენტიდან ო. და ი. დ-ების მიმართ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა.
ხოლო, რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების მომენტიდან, მითითებული კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კოდექსის ამოქმედებიდან სარჩელის აღძვრის მომენტამდე გასული არ არის კანონით დადგენილი 10 _ წლიანი ვადა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის დაკმაყოფილებით კანონი არ დარღვეულა. ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებითად სწორად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური აუცილებლობა.
რაც შეეხება ნ. და ზ. ბ-ების მხრიდან საკასაციო საჩივარზე უარის თქმას, აღნიშნული წარმოადგენს მხარის პროცესუალურ უფლებას, რის გამოც სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის ანალოგიით საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასტორთა მიერ აღნიშნულზე უარის თქმის მოტივით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” და 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. და ზ. ბ-ების საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორთა მხრიდან საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
2. დ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება;
4. დ. უ-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;
5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.