Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№285აპ-21 ქ. თბილისი

ტ-ე თ-ზ, 285აპ-21 23 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით თ. ტ-ე, – დაბადებული 19- წელს, და ლ. კა-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 19,3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 3-3 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თ. ტ-ისათვის დანიშნულ სასჯელს დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ლ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 27 სექტემბრიდან, ხოლო თ. ტ-ეს – 2019 წლის 4 ნოემბრიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ თ. ტ-ემ და ლ. კ-მა ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა კანონმდებლობის წესების დარღვევით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· ლ. კ-მა და თ. ტ-ემ განიზრახეს საქართველოში მყოფი მიგრანტის, ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქის – ზ. ა-ას სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ყოველგვარი რეგისტრაციის გავლის გარეშე, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრიდან უკანონოდ გადაყვანა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2019 წლის 26 სექტემბერს ლ. კ-მა და თ. ტ-ემ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საქართველოში მყოფი მიგრანტი ზ. ა-ა მიიყვანეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან და საზღვრის დამცავი მავთულხლართის დაზიანების შემდეგ ცდილობდნენ ზ. ა-ას საქართველოდან თურქეთის მიმართულებით უკანონოდ გადაყვანას, რა დროსაც საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 183 მეტრში ლ. კ-ი და ზ. ა-ა შეაჩერეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ხოლო თ. ტ-ემ შეძლო მიმალვა.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ თ. ტ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. კ-ი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. ტ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და დაფუძნებულია მხოლოდ ერთი მოწმის – ზ. ა-ას ჩვენებაზე, რომელსაც პროკურატურამ ამ ჩვენების სანაცვლოდ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება.

5. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ელიზავეტა დურგლიშვილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს თ. ტ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

8. გარდა ზ. ა-ას ჩვენებისა, საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა თ. ტ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ: მოწმეების – ე. კ-ის, ზ. დ-ის, ი. ი-ის, ნ. ბ-ის, მ. ბ-ის, ნ. ლ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, №- შეტყობინებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია თ. ტ-ის მიერ კანონმდებლობის წესების დარღვევით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა. ამასთან, მესაზღვრეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული და შეესაბამება მოწმე ზ. ა-ას ჩვენებაში აღწერილ გარემოებებს, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება ურთიერთთავსებადია და ისინი ერთობლივად ქმნიან მათი დამაჯერებლობის ისეთ ხარისხს, რაც გამორიცხავს მათ მიმართ გონივრული ეჭვის საფუძველს გარეშე ობიექტური დამკვირვებლისათვის.

9. ამდენად, სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად შეაფასა და მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე