Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№855აპ-19 ქ. თბილისი

ქ-ე ზ-ბ, 855აპ-19 13 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ქ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის აპრილის დასაწყისში, დღისით, თ-ოს რაიონის სოფელ კ-ში, ფ-ის დასახლებაში მდებარე ქ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ქ-ემ, ეჭვიანობის გამო, მარჯვენა ხელის თავის არეში მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის განმავლობაში – სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე – ნ. ქ-ეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები – გ. და ნ. ქ-ები.

· 2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ-ოს რაიონის სოფელ კ-ში, ფაბრიკის დასახლებაში მდებარე ქ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ქ-ემ, ეჭვიანობის გამო, კედლებზე მიხეთქებისა და ხელის სხეულზე მრავალჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის განმავლობაში – სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე – ნ. ქ-ეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები – გ. და ნ. ქ-ები.

· 2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ-ოს რაიონის სოფელ კ-ში, ფაბრიკის დასახლებაში მდებარე ქ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ. ქ-ემ, ეჭვიანობის გამო, დანის დემონსტრირებითა და სიტყვებით – „უნდა მოგკლა და შენს სისხლში დავიბანო ხელები“ – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ქ-ეს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ზ. ქ-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; ზ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 15 აპრილიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ. ქ-ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

5 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20).

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ნ. ქ-ემ და მოწმე ნ. ქ-ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი, ხოლო ბრალდებულმა ზ. ქ-ემ გამოიყენა დუმილის უფლება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 17 აპრილის №- დასკვნის მიხედვით, ნ. ქ-ეს გარეგანი დათვალიერებით სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. რაც შეეხება მოწმეებს – ნ. ძ-სა და ხ. ფ-ს, მათი ჩვენებებით დადასტურებულია მხოლოდ ზ. ქ-ის მხრიდან მეუღლეზე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება ვერ მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულის ამგვარმა ქმედებებმა დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

8. საკასაციო პალატის აზრით, ასევე დაუდასტურებელია ზ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაც, რადგან, ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ზ. ქ-ის მიერ მოღერებულმა დანამ (როგორც ამას მოწმე ნ. ძ. აღწერს), რომელიც შემდეგ თვითონვე შეინახა, დაზარალებულ ნ. ქ-ეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მეტიც, დაინახა თუ არა მან დანა და აღიქვა თუ არა დანის მოღერებით გამოწვეული საფრთხე.

9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც ისეთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

10. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალდების ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე